თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი ჩატარდა

თარიღი: 2023-10-25 18:10:47

17-19 ოქტომბერს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ინიციატივით დაარსებულ კავკასიური ენების კათედრის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონგრესის ორგანიზატორები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი  და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი.

კონგრესი გახსნა თსუ კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პროფესორმა მერაბ ჩუხუამ, რომელმაც აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის კედლებში ამ დიდი სამეცნიერო ფორუმის ჩატარება ერთგვარად სიმბოლურია, რადგან აქ იყო ყოველთვის კავკასიის სამეცნიერო ცენტრი, რისი დასტურიცაა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას მიერ 90 წლის წინ  კავკასიური ენების კათედრის დაარსება.

კონგრესის გახსნით ნაწილზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა,  თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობია ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნანა მაჭავარიანმა,  თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯონი კვიციანმა, შვედეთის მალმოს უნივერსიტეტის პროფესორმა კარინა ვამლინგმა, ჩრდილოეთ ოსეთის არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის ჩრდილოკავკასიური აკადემიური ცენტრის პროფესორმა და წევრ-კორესპონდენტმა ვლადიმერ ბესოლოვმა, ჩ. ახრიევის სახელობის ინგუშეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა ბორის ხარსიევმა,  ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩეჩნური ენის კათედრის ხელმძღვანელმა საიდ-ჰამზათ ირეზიევმა ევროპული და კავკასიური კვლევების პროფესორმა ოლივერ რაისნერმა (გერმანია).

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა 163 მომხსენებელი (მათ შორის 100-ზე მეტი მეცნიერი ჩრდილო კავკასიიდან): საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ჩინეთიდან, ინგუშეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ადიღედან.

კონგრესის მიზანი იყო კომპლექსურად წარმოედგინა კავკასიის ლინგვისტური და ანთროპოლოგიური  პორტრეტი არქაული პერიოდებიდან თანამედროვე ვითარებამდე. ამიტომაც კონგრესზე მეცნიერებმა ექვს სექციად იმუშავეს მიმართულებებში:  ენათმეცნიერება, ფოლკლორისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, ანთროპოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, არქეოლოგია, წყაროთმცოდნეობა, ჰერალდიკა, კროდისციპლინური ლინგვისტური კვლევები, დამწერლობათმცოდნეობა, ფილოლოგია. ცალკე იყო გამოყოფილი სტუდენტური კვლევები.

საგულისხმოა, რომ სტუდენტური კვლევების წარდგენა კონგრესის განუყოფელი ნაწილი გახდა. პროფესორ მერაბ ჩუხუას თქმით, ორგანიზატორთა პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ, სახელოვან მეცნიერებთან ერთად, მასში  ახალგაზრდობა იღებდეს მონაწილეობას. ამიტომაც ცალკე სექციად იმუშავა სტუდენტურმა სექციამ, სადაც ისტორიკოსები, ლინგვისტები, არქეოლოგები, თავიანთი სპეციალობის მიხედვით, წარადგენდნენ მოხსენებებს. ფორუმში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს მესამე კურსიდან   შეუძლიათ.

როგორც ჩვენთან საუბარში კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პროფესორმა მერაბ ჩუხუამ აღნიშნა, სექციებზე ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობა და საინტერესო დისკუსიები გაიმართა, რაც იმის მანიშნებელია, რომ კავკასიელ მეცნიერებს ბევრი აქვთ საერთო საკვლევი თემა და სასაუბროც.  „მეტად მნიშვნელოვანია, რომ  რეგიონის ცოდნის ტაძარი მასპინძლობს სრულიად კავკასიას, ასევე მეცნიერებს  იორდანიიდან, ისრაელიდან, ევროპის მრავალი ქვეყნიდან და, ცხადია, ჩრდილო კავკასიის ყველა რესპუბლიკიდან. ჩვენ გვყავს მომხსენებლები აზერბაიჯანიდან, სადაც მრავალი დაღესტნელი ცხოვრობს, ეწევა  სამეცნიერო მუშობას და, ამავდროულად,  თანამშრომლობს ჩვენთან.  ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი მოიცავს  ყველა მეცნიერებას, რაც კი  ადამიანთან არის დაკავშირებული – ლინგვისტიკა + ადამიანი და ეს ყველაფერი მოაზრებულია კავკასიოლოგიის ფარგლებში: ლინგვისტური კავკასიოლოგია და ანთროპოლოგია“, – აღნიშნა მან.

შვედეთის მალმოს უნივერსიტეტის პროფესორმა კარინა ვამლინგმა,  მაღალი შეფასება მისცა კონგრესის მუშაობას. მისი თქმით, ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა, წარედგინა კვლევა და დაკავშირებოდა არაერთ საინტერესო მეცნიერს კავკასიიდან: „ კონგრესი უნიკალურია იმით, რომ აერთიანებს სწავლულებს მთელი კავკასიიდან და უცხოეთიდან. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა საშუალება მომესმინა და შევხვედროდი კოლეგებს  ჩრდილოეთ კავკასიიდან – დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან და ჩერქეზული რესპუბლიკებიდან – ასევე ქართველ და საერთაშორისო მკვლევრებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, პროფესორ მერაბ ჩუხუას და მის გუნდს კავკასიოლოგიის დეპარტამენტისა (თსუ) და ჩერქეზული კულტურის ცენტრიდან“,  – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ამავე ღონისძიების ფარგლებში, 19 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა გამოჩენილი დაღესტნელი (ხუნძი) მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რასულ ჰამზათოვის 100 წლის იუბილეს.

„ჩვენ ავიღეთ ინიციატივა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორ ზურაბ ხონელიძესთან ერთად, გადავწყვიტეთ, ერთდროულად ორი დიდი სამეცნიერო ფორუმი გაგვემართა. იქაც მოვიწვიეთ დაღესტნელები, საიდანაც დიდი დელეგაცია არის ჩამოსული მოხსენებებით. ამას დაემატა ჩვენი მხარის მოხსენებები და მეტად საინტერესო და დატვირთული სამეცნიერო ღონისძიება გამოვიდა, რადგან რასულ ჰამზათოვი დიდი პოეტი გახლდათ და იმსახურებდა ჩვენი მხრიდან ასეთი ყურადღებას“, – გვითხრა მერაბ ჩუხუამ.

ამით კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიურმა კონგრესმა მუშაობა დაასრულა. მომავალი კონგრესი 2025 წელს ჩატარდება.

Facebook
Twitter
LinkedIn