რა სურვილები აქვთ სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით?

თარიღი: 2023-10-24 16:41:03

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მუშაობასთან დაკავშირებით ხშირად მოვისმენთ არაერთ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებას. საინტერესოა, თუ რა სურვილები აქვთ თსუ-ს სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, რომელ ძირითად  პრობლემებს გამოკვეთენ და რის მოგვარებას ისურვებენ. ამ საკითხზე არაერთმა სტუდენტმა გაგვიზიარა თავისი აზრი.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების III კურსის სტუდენტს ნინო მაზმიაშვილს სურს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს ჰქონდეს საკუთარი კაფეტერია. მისი აზრით ეს სურვილი ბევრ სტუდენტს აქვს და მისი სისრულეში მოყვანაც არ უნდა იყოს რთული.

ნინო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს  იმაზე, რომ სტუდენტებს  არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმ  კონფერენციებისა თუ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც უნივერსიტეტში იმართება. ,,მესმის, რომ  არსებობს თსუ-ს ოფიციალური გვერდი, სადაც განთავსებულია სიახლეები ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩემი აზრით,  უნივერსიტეტში უნდა მოეწყოს  ადგილი, სადაც  სიახლეებს შეიტყობენ  სტუდენტები.  ბევრი საინტერესო პროექტი გამართულა უნივერსიტეტში და ისე ჩაუვლია, რომ  მე, პირადად, ვერ გამიგია ამის შესახებ, სამწუხაროდ”, – აღნიშნა მან. მისი აზრით, სტუდენტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციამ აქტიურად უნდა გაავრცელოს ინფორმაცია სხვადასხვა საინტერესო ღონისძიების შესახებ.

ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტის ლიზა ჩანადირის სურვილია, რომ მეტად იყოს მოწესრიგებული სასწავლო ცხრილი, რათა სტუდენტს არ უწევდეს მთელი დღის განმავლობაში ლექცია-სემინარებზე ყოფნა. ამავდროულად, მისთვის მნიშვნელოვანია  მეტად გამარტივდეს და მოსახერხებელი გახდეს საგნების რეგისტრაციის პროცესი.

მეორეკურსელი ნიკოლოზ მელუხასთვისაც, რომელიც ისტორიის მიმართულებაზე სწავლობს, მთავარ პრობლემას წარმოადგენს საგნების არჩევის პროცესის შეფერხებით მიმდინარეობა, რაც დროში იწელება და მას დიდ დისკომფორტს უქმნის. 

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტების შეგროვების პროცესში  ადმინისტრაციის მხრიდან მხარდაჭერისა და ჩართულობის სურვილს გამოთქვამს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ნინო ოტიაშვილი.

ისტორიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი სალომე სხირტლაძე საუბრისას  იმ ძირითად საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებსაც პირველკურსელი უნივერსიტეტში ჩაბარებისას ხვდება.  როგორც თავად აღნიშნავს, მთავარი პრობლემა პირველკურსელთათვის საჭირო ინფორმაციის ნაკლებობაა.  სალომე  ამბობს, რომ  სასწავლო პროცესში მარტივად ჩასართავად და საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად პირველკურსელებს ხშირად უწევთ დასახმარებლად უფროსკურსელებს მიმართონ. სწორედ ამიტომ, მას სურს, რომ ადმინისტრაციამ იზრუნოს პირველკურსელების  საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფაზე, რათა არ უწევდეთ მათ მუდმივად  გაურკვევლობაში ყოფნა.

LMS-ის გაუმართაობა და შეფერხებით მუშაობა არის ის ძირითადი პრობლემა, რომელსაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  III კურსის სტუდენტი   ნიკოლოზ  ბურხატი   ასახელებს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მყოფი პირველკურსელი ცოტნე ქარდავასთვის კი მნიშვნელოვანია დაიგეგმოს ისეთი სამეცნიერო ღონისძიებები, რომლებში ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ  თავად სტუდენტებს.

,,ადმინისტრაციისგან რასაც ვისურვებდი, იქნებოდა ყოველკვირეული, ყოველთვიური შეხვედრები სტუდენტებთან და იმ პრობლემების წინ წამოწევა, რომლებიც სტუდენტებს აწუხებთ”, – აღნიშნა პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტმა ჯიმი ნიჟარაძემ. მისთვის  ადმინისტრაციის ,,კარჩაკეტილობა” ქმნის ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას.  ხშირი კომუნიკაცია, მნიშვნელოვან საკითხებსა თუ უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე საუბარი, მისი აზრით, დადებითი შედეგის მომტანი იქნება და გაამარტივებს როგორც სტუდენტთა ცხოვრებას, ისე ადმინისტრაციის მუშაობას. 

მარიამ ბალხამიშვილი

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn