აკაკი ყულიჯანიშვილი – კაცი, რომელიც ფილოსოფიას და უნივერსიტეტს სიყვარულით ემსახურა
მეგობრებისა და კოლეგებისათვის ძნელი და მტკივნეულია აკაკი ყულიჯანიშვილზე უკვე მხოლოდ ნამყო დროში საუბარი; ამ ნათელი სულის კაცის ადამიანური და ინტელექტუალური მონაგარიდან გამომდინარე, ალბათ, შეუძლებელიც. მისი ცხოვრების „მშრალი ნალექი“ ასე გამოიყურება: დაიბადა ქ. ხაშურში 1959 წლის 19 აგვისტოს. 1982-1987 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, 1987-1990 წლებში – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დაიკავა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა. 1994 წლიდან გახდა ესთეტიკის და კულტუროლოგიის კათედრის დოცენტი, 2006 წლიდან – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, 2011 წლიდან გარდაცვალებამდე (2023 წლის 17 ოქტომბერი) – სრული პროფესორი.
თავისი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში ა. ყულიჯანიშვილი იყო ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ესთეტიკისა და კულტუროლოგიის კათედრის გამგე, თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, ამავე ფაკულტეტის საგამომცემლო კოლეგიის თავჯდომარე, ფილოსოფიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალის „ენა და კულტურა“ გამომცემელ-რედაქტორი, ჟურნალ „მაცნეს“ მრჩეველი საბჭოს წევრი, ჟურნალ „კულტურის“ რედკოლეგიის წევრი.
იგი არის სამი მონოგრაფიისა და 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
ეს არის საგულისხმო და მაინც მშრალი ფაქტები, რომლებიც მხოლოდ მიანიშნებენ არსებითზე, მთავარზე, რითაც გამსჭვალული იყო ამ ღირსებით სავსე კაცის ყოველი სიტყვა და ნამოქმედარი. მხედველობაში გვაქვს სიკეთე, ზრუნვა და სიყვარული, რაც ყოველთვის გამოარჩევდა მას ყველასთან ურთიერთობაში, ცხოვრების გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში. გულისხმიერი, ტაქტიანი, ვითარებისა თუ საკითხის მუდამ გონიერად გამჩხრეკი და სამოქმედოდ შემართული, იგი დაუზარებლად და უანგაროდ ირჯებოდა ყველა მიმართებით, თავის ყველა ქმედებაში. მნიშვნელობა არ ჰქონდა – რას ან ვის ეხებოდა საქმე – ზოგადად ფილოსოფიას, ესთეტიკას, უნივერსიტეტს, ფაკულტეტს, კათედრას, ქვეყანას, მშობლიურ კუთხეს, კოლეგას, სტუდენტს, თანასოფლელებს, თანაქალაქელებს, მეგობრებს თუ უცნობ ადამიანებს.
აკაკი ყულიჯანიშვილისათვის ფილოსოფია არ იყო ოდენ პროფესია, დაკავშირებული სოციალურ სტატუსთან და პრესტიჟთან, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მისთვის ეს იყო სულიერების ფორმა, არამატერიალურთან, მეტაფიზიკურთან ურთიერთობის გზა. ყოფიერებისაკენ მიბრუნების, მისკენ ძალისხმევის ეს კვალი (ენერგია) ნათლად გამოსჭვივის ადამიანის, ხელოვნების, კულტურის შესახებ მისი შეხედულებებიდან. მის მოხსენებებში, სტატიებსა და წიგნებში მკაფიოდ იკვეთება სიკეთის, მშვენიერებისა და ჭეშმარიტების ტრანსცენდენტალური ბუნება, სულიერების, სულიერ ღირებულებათა გამათავისუფლებელი ძალა.
აკაკი ყულიჯანიშვილს ადამიანი საერთოდ ვერ წარმოედგინა თავისუფლების, როგორც ფუნდამენტური მახასიათებლის, გარეშე. ამიტომ ისტორიაც, მისი აზრით, არა ერთი პრინციპის, ერთი სუბიექტის, ერთი კულტურის რეალიზების ტოპოსია, არამედ მრავალი პრინციპის, მრავალი სუბიექტის, მრავალი კულტურის და მათი ურთიერთქმედების არეალი, სადაც ღიაობა და დიალოგურობა ადამიანის ყოფიერებისათვის უსაკუთრივესად გვევლინება. ამ ფილოსოფიურ მრწამსს ეფუძნებოდა იგი ყველა თავის განაზრებასა და ქმედებაში. და, ალბათ, ამიტომაც ტოვებს მისი ცხოვრების თეორიული და პრაქტიკული მხარეები განუყოფელი მთლიანის შთაბეჭდილებას.
ლუდვიგ ვიტგენშტაინმა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ვიდრე გონებას დაკარგავდა, თავის ცხოვრებას მშვენიერი უწოდა. იგივე შეფასება შეეფერება აწ გარდაცვლილი ჩვენი კოლეგის და საყვარელი მეგობრის – აკაკი ყულიჯანიშვილის მიერ განვლილ ცხოვრების გზასაც. მან, მაღალი გონიერებითა და ღირსების გრძნობით სავსე კაცმა, რომელიც უნივერსიტეტს, ჭეშმარიტებას, სიკეთესა და მშვენიერებას მთელი არსებით ემსახურა, მართლაც რომ მშვენიერი ცხოვრებით იცხოვრა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის
ასოცირებული პროფესორი მამია სურმავა