მაია მესტვირიშვილის სტატიები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში იბეჭდება
თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის მაია მესტვირიშვილის სტატიები ხშირად იბეჭდება საერთაშორისო ჟურნალებში. მისი ბოლო სტატია პრესტიჟულ ჟურნალში ,,Current Psychology” springer-ის გამომცემლობამ (cite score: 3,4. impact factor: 2.643) დაბეჭდა. Mestvirishvili, M. (2023). The role of moral foundations in the quest for morality. Current Psychology https://doi.org/10.1007/s12144-023-04631-z
მეცნიერის ინფორმაციით, მისი კვლევითი ინტერესები უკავშირდება პოზიტიურ, სოციალურ და პიროვნების ფსიქოლოგიას. „ბოლო წლები უფრო მეტად ჩართული ვარ მორალის ფსიქოლოგიის კვლევებში და მორალის ფსიქოლოგიაში გამოქვეყნებული მაქვს 4 სტატია, აქედან სამი 2023 წელს გამოვიდა და ერთი სტატიის სოლო ავტორი ვარ. ოთხივე სტატია დაბეჭდილია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, რომლებიც ინტეგრირებულია scopus-ის ბაზებში“, – ამბობს მაია მესტვირიშვილი.
„მიმდინარე კვლევა „მორალური საფუძვლების როლი მორალურ/კონვენციურ გადაწყვეტილების ძიებაში“ შემუშავებული იყო მორალური საფუძვლების როლის შესაფასებლად მორალური/კონვენციური მსჯელობების პროგნოზირებაში. ემპირიული მტკიცებულებების მნიშვნელოვანი რაოდენობა აჩვენებს, რომ მორალური და კონვენციური წესები გამოიყენება რთულ სოციალურ გარემოში; თუმცა, არის ცოდნის ნაკლებობა იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს მორალური საფუძვლები ადამიანების ტენდენციებს – შეაფასონ დარღვევები, როგორც მორალური ან კონვენციური.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მორალური საფუძვლები წინასწარმეტყველებენ მორალურ/კონვენციურ მსჯელობას. კონკრეტულად, ინდივიდუალისტურ მორალურ საფუძვლებს (individualistic moral faundation) სტატისტიკურად სანდო მაჩვენებელი აქვს მორალური სიტუაციების იდენტიფიკაციისათვის, ხოლო შემაკავშირებელი მორალური საფუძვლები (binding moral faundation) წინასწარმეტყველებს სიტუაციის „კონვენციურად“ შეფასებას. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ სამართლიანობა არის უმაღლესი საფუძველი, რომელიც არა მხოლოდ უარყოფითად პროგნოზირებს მორალური შემთხვევების შეფასებას, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მორალური და კონვენციური მსჯელობის წარმართვაში. წინამდებარე დასკვნები ხელს უწყობს უკეთ გავიგოთ – თუ რომელი მორალური საფუძვლებია ცენტრალური მორალური ან კონვენციური შეფასებისთვის. წინამდებარე დასკვნები, ასევე, აძლიერებს არსებულ ცოდნას მორალურ/კონვენციურ განსხვავებაში ჩართული დეტერმინანტების შესახებ და ადასტურებს ინდივიდუალიზაციისა და შემაკავშირებელი მორალური საფუძვლების უნიკალურ ეფექტს“, – აღნიშნავს მაია მესტვირიშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერის მიერ შემუშავებულია კურსი – მორალის ფსიქოლოგია.