ნატა ჩობანიძე თავის დასამკვიდრებლად სიმართლის ძიების პროცესშია

თარიღი: 2023-10-19 13:16:36

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი ნატა ჩობანიძე საკუთარი თავის ძიებაშია და ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სურს, რომ გააცნობიეროს – რისი კეთება სურს და რა გამოსდის. პატარა ასაკიდან ზუსტად იცოდა, რომ უნდოდა იმ ადამიანების ხმა ყოფილიყო, რომლებიც საზოგადოებაში არ ჩანან. სწორედ ამიტომ აირჩია ჟურნალისტიკის მიმართულება. ,, უკვე მესამე წელია ამ პროფესიას შევისწავლი, თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ სწორ ადგილას ვარ. ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი იმისთვის, რომ საკუთარი თავი ჟურნალისტიკაში ვიპოვო, უნივერსიტეტის გაზეთში სტაჟირება ამ გძელი გზის ერთ-ერთი ნაწილია“, – ამბობს ნატა, რომელმაც პრაქტიკული ჟურნალისტიკის კურსის გავლა გადაწყვიტა თსუ-ს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციაში.

რატომ აირჩია თსუ? – ამ კითხვაზე ნატა ჩობანიძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს:  ,,ზუსტი პასუხი არ მაქვს იმაზე, თუ რატომ ავირჩიე თსუ. ყოველთვის აქ სწავლა მინდოდა, მხოლოდ ეს უნივერსიტეტი მეწერა გრაფაში და აქ მოვხვდი კიდეც. რაც შეეხება იმას, თუ რა მომცა თსუ-მ, პირველ ყოვლისა, ვიტყოდი – მომცა ურთიერთობები, ახალი ნაცნობები, სულ სხვა კუთხით დამანახა ცხოვრება, თუმცა ჯერ იმაზე დაზუსტებით ვერ ვილაპარაკებ  – რა მომცა კურსმა, რადგან სწავლა არ დამიმთავრებია და, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი“.

ნატა ჩობანიძეს არჩეული პროფესიის კუთხით მეტი პრაქტიკის გავლა სურს და დასაქმებისთვის მეტ ხელშეწყობას ელოდება უნივერსიტეტისგან.  

იგი დღევანდელ ქართულ მედიასივრცეში თავის დამკვიდრებას რთულ ამოცანად მიიჩნევს, რადგან ხედავს არსებულ რეალობას.  ,,დღევანდელი მედია საკმაოდ პოლარიზებული, მიკერძოებული და სუბიექტურია, რაც ჩვენს პროფესიას უქმნის საფრთხეს. დღევანდელი ჟურნალისტების უმეტესობა ჟურნალისტიკის პრინციპებს ღალატობს, რამაც მიგვიყვანა სავალალო შედეგამდე, იქამდე, რომ საზოგადოება მედიას აღარ ენდობა“, – ამბობს ნატა, რომელსაც სწორედ რომ არსებული ვითარება აბნევს მომავლის განსასაზღვრად.

ნატა პასუხისმგებლობის გრძნობას ზედმეტად მძაფრად აღვიქვამს, რაზეც თავად მიუთითებს და აცხადებს: ,,ვფიქრობ, პასუხისმგებლიანი ვარ ყველაფერთან მიმართებაში, რაც და ვინც ჩემ გარშემოა, იქნება ეს ადამინები, ცხოველები, ბუნება, თუ საქმე, რომელსაც ხელს ვკიდებ“. მისი ყოველდღიური საფიქრალი არც სამსახურს და არც გართობას უკავშირდება. როგორც ამბობს, ძირითადად, მისი ტვინი დაკავებულია ადამიანებით, რომელთაც ნატას დახმარება, ემოციური მხარდაჭერა და რჩევა სჭირდებათ.

თავისუფალ დროს უყვარს წერა, რაც საკუთარი თავის უკეთ გაცნობაშიც ეხმარება. მისი აზრით, სწორედ წერის დროს პოულობენ ადამინები ჭეშმარიტ სიმართლეს, რაც, ზოგჯერ, სასიცოცხლოდ სჭირდებათ. ნატა ძიების პროცესშია და სიმართლის პოვნის მოლოდინში საკუთარ ძალებს მედიის ყველა სფეროში ცდის, რის შემდეგაც მომავლის კონტურებს გამოკვეთს.

Facebook
Twitter
LinkedIn