ელენე ჩოხელი: როცა ვწერ, ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არ მეფიქრება – ამას რა მოჰყვება…
ინტერვიუ ელენე ჩოხელთან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მე-3 კურსის სტუდენტის ელენე ჩოხელის შემოქმედება ,,სტუდენტურ დებიუტში“ დაიბეჭდა. ,,სტუდენტური დებიუტი“ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე შექმნილი მუდმივმოქმედი რუბრიკაა, რომელიც თსუ-ს სტუდენტების შემოქმედების ასახვას ითვალისწინებს. გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“ ამ რუბრიკის ერთ-ერთ პირველ სტუმარს ელენე ჩოხელს წარმოგიდგენთ და ახლოს გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ წერს…
- ელენე ჩოხელი მწერალია თუ ავტორი?
- ელენე ჩოხელი უბრალოდ წერს… – ასე მირჩევნია, რომ ვთქვა. მეტი თავისუფლებაა…
- ელენე, მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდა შენი ნაწარმოებები ,,სტუდენტურ დებიუტში’’?
- ჩემი სტუდენტური დებიუტი შედგა ქალბატონი მანანა შამილიშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით, რისთვისაც მისი უსაზღვროდ მადლიერი ვარ, მადლიერი ვარ, საერთოდ, ყველა იმ ადამიანისა, ვინც ჩართული იყო ამ ამბავში. ერთ დღესაც, როცა ჩემი ერთ-ერთი ჩანახატი (და ეს იყო „დასასრულები და რაღაც სხვაც – დასასრულამდელი სილამაზე“) გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში, დამიკავშირდა ქალბატონი მანანა და შემომთავაზა რამდენიმე ნაწერის გამოქვეყნება მულტიმედიის ვებპლატფორმაზე. ახლაც მახსოვს, როგორი ბედნიერი და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი იმ დროს. მერე იქნებ იქამდეც მივიდე, როცა ვიტყვი – ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი დასასრულებით დაიწყო-მეთქი…
- როგორი გრძნობა იყო, როდესაც გაიგე, რომ სტუდენტური დებიუტის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებოდა გამოგექვეყნებინა შენი პროზაული ტექსტები?
- შეიძლება ჩემი ტექსტების ოდესღაც გამოქვეყნებაზე, ასე თუ ისე, მიფიქრია, მაგრამ, ამ ეტაპზე?… თან შემოთავაზება… ახლაც არ ვიცი, ბოლო წამამდე მჯეროდა თუ არა. ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის და არ ვიცი – ამ ადამიანების მიმართ მადლიერებას ოდესმე სათანადოდ თუ გამოვხატავ.
- რამდენად ეხმარება თსუ სტუდენტებს საკუთარი ნიჭის, ამ შემთხვევაში წერის ნიჭის აღმოჩენასა და განვითარებაში?
- პასუხი ვიქნები მე და ეს სრულიად საკმარისია. ჩემ გარდა დაიწერა კიდევ ერთი ავტორის არაჩვეულებრივი ტექსტები და ამბავი არის ის, რომ „სტუდენტური დებიუტი“ ჩამოყალიბდა, როგორც რუბრიკა და ჯერ მხოლოდ ეს რუბრიკაც კი საკმარისია ამ კითხვაზე პასუხისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ყველა, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებს და ქმნის. იმ გზის გაკვალვა, რომელზეც პირველად მიდიხარ, ხომ ძალიან რთულია? ამაში დახმარებაა მულტიმედიის ამ რუბრიკის მიზანი და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი თსუ-ში ხდება.
- წერა შენს ცხოვრებაში რეგულარული პროცესია?
- დილის ყავასავით რეგულარული არა, მაგრამ როცა მეწერება, ვწერ და ეს საუკუნეში ერთხელ ნამდვილად არ ხდება.
- ვისთვის წერენ მწერლები?
- საკუთარი თავისთვის, ოღონდ არა ეგოისტურად. შენს შეხედულებებს წერ, დამოკიდებულებებს, სულაც შეიძლება შენი ცხოვრება იყოს შენი ნაწერი. ისიც ხომ შეიძლება – პირველ პირში ერთი სიტყვაც არ ახსენო, მაგრამ სიტყვებს შორის იკითხებოდეს თავად ავტორი. ვფიქრობ, ამბის მოყოლის სურვილი უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, ვიდრე ის, რაც დაწერილ ტექსტებს მოჰყვება ან უნდა მოჰყვეს.
- რა არის შენი მიზანი, როდესაც წერ?
- როცა ვწერ, ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არ მეფიქრება – ამას რა მოჰყვება. შესაბამისად, გამოდის ის, რაც გამოდის და თქვენ განსაჯეთ, როგორია. ახლა წერის დროს თავისუფლებაა ის, რაც, მგონია, ყველაზე მეტად მჭირდება.
- შენი ნაწარმოებები მათ შორის, ,,დასასრულები და რაღაც სხვაც – დასასრულამდელი სილამაზე, თოვლის ფიფქებზე დაწერილი ჩვენი ბავშვობა და თოვა – ღიმილების გასახსენებლად’’ და ა.შ. რეალურ ისტორიებს ეფუძნება თუ თავიდან ბოლომდე შენი ფანტაზიის ნაყოფია?
- მე, საერთოდ, მგონია, რომ ყველა ამბავშია ავტორის „მე“ და ყველა ამბავი, რაც იწერება, რაღაც რეალურსა და პირადზეა დაფუძნებული. თუ ფაქტები არა, ემოცია მაინც შენი იქნება. ასე ვარ მეც. სხვანაირად ამბავი გულწრფელი არ გამოვა და მაშინ რაღა აზრი აქვს წერას?
- ფილიპ როთმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: ,,წიგნის დაწყება უსიამოვნო პროცესია’’… რა ემოციებს იწვევს შენში წიგნის დაწყება?
- ჩემ შემთხვევაში – „წიგნის დაწყება“ – მგონი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, თუ განვაზოგადებთ, დასაწყისი ბევრჯერ ყოფილა რთული. ემოციები დამოკიდებულია იმაზე, თუ რას წერ, რაზე და რა გინდა, რომ დაწერო. ძირითადად, ჯერ ემოციებია ხოლმე და მერე ვიწყებ წერას. მთავარია, ზუსტად გრძნობდე – რისი თქმა გინდა და მერე თავისით დალაგდება – როგორ იტყვი სათქმელს.
- სანამ წერას დაიწყებ, მანამდე, გაქვს თუ არა მოფიქრებული მთლიანი ტექსტი?
- ზოგადი სახე – რას და როგორ ვიტყვი – რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ კონკრეტული დეტალები შინაარსობრივადაც კი შეიძლება უშუალოდ წერის დროს შეიცვალოს და ეს ძალიან კარგი რაღაცაა. წამიერად საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენა-გაცნობას ჰგავს ხოლმე…
- მაინტერესებს, ვინ/რა არის შენი შთაგონების წყარო?
- სხვადასხვა რამ სხვადასხვა შემთხვევაში. ყველაფერი, ალბათ, მაინც ფიქრებზეა დამოკიდებული. მერე შეიძლება რამე კონკრეტული მუსიკაც გეყოს ინსპირაციისთვის.
- შენი აზრით, წიგნების კითხვა ადამიანებს გვაკეთილშობილებს?
- ჩემი აზრით, წიგნების კითხვა რეალურად გადატანამდე გამოგვაცდევინებს ხოლმე ამბებს და გვიტოვებს თავისუფლებას გადავწყვიტოთ – რა არის უკეთესი. მერე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ წაიკითხე ან გაიგე წიგნი.
- რა სიახლეებს უნდა ველოდოთ შენგან მომავალში?
- გულწრფელად რომ გითხრათ, არ მიყვარს, როცა ჩემგან რამეს ელოდებიან, ამიტომ, თუკი ეს თქვენთვის რამეს ნიშნავს, უბრალოდ, გპირდებით, რომ წერას არ შევწყვეტ.
მარიამ ხაზალია
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი