ახალგაზრდა ქართველი კარტოგრაფები საერთაშორისო კარტოგრაფიულ კონფერენციაზე – „ICC2023 – Smart cartography for sustainable development“

თარიღი: 2023-10-16 13:05:17

აგვისტოს თვეში, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA) ეგიდით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპტაუნში გაიმართა 31-ე საერთაშორისო კარტოგრაფიული კონფერენცია „ICC2023 – Smart cartography for sustainable development“ და 19-ე გენერალური ასამბლეა. ამ მასშტაბის კონფერენციებს საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს და აღსანიშნავია, რომ ესოდენ მნიშვნელოვან და საპატიო სამეცნიერო ფორუმზე ქართველი მეცნიერ-კარტოგრაფები, ICA-ს არსებობის ისტორიაში, პირველად იყვნენ მიწვეულნი. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ქართველმა კარტოგრაფებმა – თედო გორგოძემ და გოჩა გუძუაძემ, რომლებიც ამ ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციას, რომელსაც წელს დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა.

კეიპტაუნის კონფერენციაზე სულ გახსნილი იყო 116 თემატური სესია, რომელთა მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის 845 მეცნიერმა. ქართველმა კარტოგრაფებმა ამ სამეცნიერო ფორუმზე წარადგინეს თემა: „თეორიული კარტოგრაფია: სტრუქტურა, კავშირები, ფუნქციები“. მოხსენებამ მოიცვა ცნობილი ქართველი თეორეტიკოსი კარტოგრაფის ალექსანდრე ასლანიკაშვილის მიერ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში შექმნილი მეტაკარტოგრაფიის კონცეფცია, რომელიც 1999 წელს იაპონელმა კარტოგრაფებმა თარგმნეს და იაპონურ ენაზე ტირაჟით გამოსცეს.

კეიპტაუნის კონფერენციაზე ქართველ კარტოგრაფთა მონაწილეობის საკითხი დაიგეგმა მიმდინარე წლის აპრილში, ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ოლომოუცში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმზე: ,,ატლასები – მათი დიზაინი და გამოყენება” (ICA Spring Olomouc 2023: Atlases – their Design and Use), რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ქართველ მეცნიერთა 13 კაციანმა ჯგუფმა თსუ-ს გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის თენგიზ გორდეზიანის ხელმძღვანელობით.

ქართველმა კარტოგრაფებმა კეიპტაუნში მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებებში. ჩვენი მეგობრის, პროფესორ მილან კონეჩნის (მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთის რესპუბლიკა) ორგანიზებით ისინი შეხვდნენ ICA-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს გეორგ გარტნერს (ავსტრია). შეხვედრის დროს შედგა საუბარი საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის საქმიანობასა და მისი ICA-ში გაწევრიანების შესახებ და დაისახა სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმის შესაბამისად, საქართველოს კარტოგრაფთა ასოცოაციაში მომზადდა მისი არსებობის მანძილზე (1998-2023 წწ.) განხორციელებული ძირითადი აქტივობების მოკლე ანგარიში, რომელიც გადაეგზავნა ICA-ს პრეზიდენტს.

კეიპტაუნის კონფერენციის მსვლელობისას ქართველმა კარტოგრაფებმა დასვეს საკითხი ICA-ს ერთ-ერთი კომისიის რანგში „თეორიული კარტოგრაფიის“ კომისიის აღდგენის შესახებ, რომლის წევრიც წლების განმავლობაში იყო ცნობილი ქართველი კარტოგრაფი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი, პროფესორი ჯანსუღ კეკელია. საუბარი იყო, ასევე, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის თანამშრომლობაზე ICA-ს სხვა კომისიებთან, რომელთა ეგიდით კონფერენციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. დაიგეგმა მომავალში ანალოგიური კონფერენციის ჩატარება თსუ-ს ბაზაზე, რომელსაც საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია უხელმძღვანელებს. თსუ-ში უკვე ჩატარდა ერთი ასეთი კონფერენცია 2020 წელს (ონლაინ ფორმატით), რომელსაც სწორედ საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია ხელმძღვანელობდა.

კეიპტაუნში გამართული საერთაშორისო კარტოგრაფიული კონფერენციის მსვლელობისას ქართველმა კარტოგრაფებმა საქმიანი კონტაქტები დაამყარეს ჩინელ, სამხრეთ კორეელ, იაპონელ, გერმანელ, ბულგარელ, უნგრელ, ავსტრიელ, შვეიცარიელ, სამხრეთ აფრიკელ, ინდოელ, ამერიკელ და სხვა ქვეყნის კარტოგრაფებთან, სადაც საუბარი შედგა სასწავლო გაცვლით პროგრამებზე (ICA-ს კომისიის „კარტოგრაფიული განათლება და სწავლება“ ფარგლებში), სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით თანამშრომლობაზე (ICA-ს რამდენიმე კომისიის ფარგლებში). საუბარი შედგა, ასევე, ერთობლივ პროექტებზე ჩინელ და ჩეხ კარტოგრაფებთან.

კონფერენციაზე ქართველმა კარტოგრაფებმა, გარდა მათი თემატური სესიისა (თეორიული კარტოგრაფიის სესია), აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვა სესიების მუშაობაშიც და კარტოგრაფიული პროდუქციის გამოფენაშიც. საუბარი შედგა, ასევე, ალექსანდრე ასლანიკაშვილის მონოგრაფიის „მეტაკარტოგრაფია. ძირითადი პრობლემები“ ინგლისური თარგმანის მომზადებასა და მისი ICA-ს ვებ გვერდზე განთავსების თაობაზე.

ICC2023-ის ქართველი მონაწილეები კონფერენციის შესახებ საინფორმაციო ფორმატის მოხსენებით წარდგნენ თსუ-ში მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე: „თანამედროვე გეოინფორმაციული სისტემების გამოწვევები“, რომელიც მიეძღვნა საქართველოში გამოყენებით სფეროში გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (GIS) ერთ-ერთი ფუძემდებლის – მამუკა (მალხაზ) ხურციძის ხსოვნას. ისინი, ასევე, ლექციას წაიკითხავენ სტუდენტებისათვის და ინფორმაციით გამოვლენ მედია საშუალებებში.

წარმატებები ვუსურვოთ ქართულ კარტოგრაფიას, რომელსაც ჰყავდა ცნობილი კორიფეები: ვახუშტი ბაგრატიონი, ანდრია ბენაშვილი, სერგი ცხაკაია, ალექსანდრე ასლანიკაშვილი, როსტომ ჩეკურიშვილი, ნიკო ბერუჩაშვილი და ჯანსუღ კეკელია. სწორედ მათ ტრადიციებზე იზრდებიან კარტოგრაფთა ახალი თაობები.

თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის,

გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი,

საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი,

თენგიზ გორდეზიანი

კონფერენციის ოფიციალური ვებგვერდი: https://icc2023.org/

Facebook
Twitter
LinkedIn