რატომ ირჩევენ სტუდენტები თსუ-ს?
საქართველოში არსებულ უნივერსიტეტთაგან აბიტურიენტთა უმრავლესობა უპირატესობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ანიჭებს. დღეისათვის თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 22 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათი რიცხვი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება.
რატომ ანიჭებენ მომავალი სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უპირატესობას განათლების მისაღებად? – ამ საკითხთან დაკავშირებით თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა თავიანთი აზრი გაგვიზიარეს.
ნინო ფალელაშვილი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია. თსუ-ს არჩევისას მასზე დიდი გავლენა იქონია უნივერსიტეტის პრესტიჟმა. ის აღნიშნავს: ,,დედა სწავლობდა თსუ-ში და ვიცოდი, რომ საქართველოში და, ზოგადად, კავკასიის მასშტაბით ეს ყველაზე კარგი უნივერსიტეტი იყო”. ნინო ასევე ამბობს, რომ მისი თავდაპირველი მოლოდინები სწავლასთან დაკავშირებით გამართლდა, რადგან პროფესიონალ ლექტორებთან აქვს ურთიერთობა, თუმცა, ამავდროულად, ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციულ პრობლემებზე, რაც მას დისკომფორტს უქმნის.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ნინო კაპანაძე აღნიშნავს: ,,ყოველთვის მინდოდა ეს უნივერსიტეტი, ძალიან მომეწონა გარემო და 100 %-ით გამართლდა ჩემი თავდაპირველი მოლოდინები. სწავლის ხარისხიც საუკეთესოა, რადგან პროფესიონალი ლექტორები გვყავს.”
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტისთვის ნიკოლოზ ნუცუბიძისთვის უნივერსიტეტის შერჩევისას მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მეგობრების რჩევა. სწორედ მათი რეკომენდაციით ჩააბარა მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აირჩია პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულება.
თსუ-ს არჩევისას თამარ ფაცურიაზე დიდი გავლენა მოახდინა უნივერსიტეტის მრავალწლიანმა და შთამბეჭდავმა ისტორიამ. თამარი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტია. ის ამბობს: ,,თსუ ავირჩიე, პირველ რიგში, მისი ისტორიიდან გამომდინარე; ვიცოდი, რომ ქართული ფილოლოგიის, როგორც სპეციალობის, ფესვები მოდის ამ უნივერსიტეტიდან”. მისი არჩევანის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა, ასევე, მისი უფროსი ძმის რეკომენდაცია, რომელიც თსუ-ს სტუდენტია. სწორედ ძმისგან ჰქონდა თამარს ცნობები საუნივერსიტეტო გარემოსა და სასწავლო პროცესის შესახებ.
ანამარია ალექსაშვილი პირველკურსელია. იგი ქართული ფილოლოგიის მიმართულებაზე სწავლობს. კითხვაზე – თუ რატომ შეაჩერა არჩევანი თსუ-ზე, ის გვპასუხობს: ,,ბავშვობიდან მინდოდა თსუ-ში სწავლა, ჩემი ერთგვარი ოცნებაც იყო, რომ აქ ვყოფილიყავი. ჩემმა მასწავლებელმა და ყველა ნაცნობმა, ვინც ქართული შემაყვარა, მირჩია, რომ ეს უნივერსიტეტი იქნებოდა საუკეთესო ადგილი, სადაც დავეუფლებოდი ამ პროფესიას”. ანამარია აღნიშნავს, რომ წერს ლექსებს, წიგნზეც მუშაობს და სურს, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის მეშვეობით ამ სფეროში მეტი ისწავლოს და განვითარდეს. იგი, ასევე, გეგმავს შეუერთდეს უნივერსიტეტში არსებულ სხვადასხვა წრეს.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური მუშაობის მიმართულების მეორეკურსელი ანა გიორგაია თსუ-ს ირჩევს, რადგან თვლის, რომ დღეს საქართველოში არსებულ უნივერსიტეტთაგან ყველაზე კარგი სწავლება სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია. პროფესიონალი აკადემიური პერსონალი და მეგობრული გარემო მის თავდაპირველ მოლოდინებს ამართლებს. ამასთანავე, ანა ფიქრობს, რომ თსუ-ში მიღებული განათლება მას მარტივად დასაქმებაში დაეხმარება.
სტატია მოამზადა გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ სტაჟიორმა,
თსუ-ს სტუდენტმა მარიამ ბალხამიშვილმა