თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტსა და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი 9 ოქტომბერს გაფორმდა. ცერემონია საქართველოს პარლამენტში გაიმართა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე, ასოცირებული პროფესორი ეკა სირაძე, აკადემიური პერსონალის სხვა წარმომადგენლები და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ.
„ძალიან სასიხარულოა, რომ გარემოს დაცვის კომიტეტსა და იურიდიულ ფაკულტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარლამენტის თანამშრომლობას გარემოს დაცვის მიმართულებით და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გლობალურ სისტემაში ინტეგრაციის პროცესის, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მომავალი იურისტების უფრო ფართო სპექტრი დავაინტერესოთ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებით, რადგან პრაქტიკულად აღარ რჩება სფერო, რომელიც გარემოს დაცვასთან კავშირში არ არის. მემორანდუმის შედეგად კიდევ უფრო გაღრმავდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობა, რომელიც კლინიკის ფორმატში მიმდინარეობს და ჩვენ სტუდენტებთან კომიტეტის ფორმატში ვმუშაობთ“, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
„სამართალი არის არა მხოლოდ კანონშემოქმედების პროდუქტი, სამართალი არის იურიდიული განათლების პროდუქტი, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა იურისტებმა კანონის სწორი გამოყენება, განმარტება შეძლონ. მემორანდუმს დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ კონტექსტში, რადგან სტუდენტებს პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ. ქალბატონი მაია ჩვენი აკადემიური გუნდის წევრიცაა და კომიტეტთან უკვე გვაქვს თანამშრომლობის კარგი გამოცდილება. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა პროფესორ ირინე ქურდაძეს ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის, რაც აღნიშნულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს“, – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს „კომიტეტსა და უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთი მხრივ, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და, მეორე მხრივ, სამართლისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში შემავალ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში ფაკულტეტისა და მისი ინსტიტუტების ექსპერტული მხარდაჭერის გზით; ასევე – უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ჩართულობის გაზრდას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვის პოლიტიკის სამართლებრივ უზრუნველყოფაში“.
„პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან უკვე არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის გამოცდილების გათვალისწინებით, მემორანდუმი ვერ და არ იქნება ფორმალური ხასიათის. ასეთი დოკუმენტის არსებობა ხელს შეუწყობს უფრო კოორდინირებულად თანამშრომლობას, მათ შორის, იმ სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას, რომელიც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს, როგორც სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუციას და, ზოგადად, იურიდიულ ფაკულტეტს გააჩნია. აგრეთვე, მემორანდუმი ორიენტირებულია სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებზე – მათ ეძლევათ კომიტეტში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, რეალურ სამუშაო გარემოში მუშაობის გამოცდილების მიღების საშუალება“, – განმარტა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა ირინე ქურდაძემ.
სპეციალურად პირველკურსელთათვის შეხვედრაზე იურიდიული კლინიკის კურსდამთავრებულმა, საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ია კაჭახიძემ კომიტეტში მიღებული გამოცდილების თაობაზე პრეზენტაცია წარმოადგინა.
საქართველოს პარლამენტში ვიზიტისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებისათვის სპეციალური ექსკურსიაც მოეწყო. სტუდენტებმა მოინახულეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი, სადაც საქართველოს კონსტიტუციონალიზმისა და პარლამენტარიზმის ისტორიას გაეცნენ.
სტუდენტები ამბობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენებენ იმ შესაძლებლობას, რომელსაც მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პარლამენტთან ახალი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შესთავაზებს.
„მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვის პოლიტიკა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. მომავალში სწორედ ამ სფეროში ვგეგმავ ცოდნის გაღრმავებას. ეს საკითხი დიდი ხანია მაინტერესებს, აქტიურად ვიყავი ჩართული გარემოს დაცვის სფეროში არსებულ სხვადასხვა პროექტში. ვგეგმავ, ეს ახალი შესაძლებლობაც გამოვიყენო“, – აღნიშნა საერთაშორისო სამართლის პირველი კურსის სტუდენტმა ანა შამათავამ.