თორნიკე ელაშვილისთვის თსუ სიტყვის თავისუფლებასთან ასოცირდება

თარიღი: 2023-10-09 20:12:04

,,საქართველოშო დღეს არის ძალზე პოლარიზებული მედიაგარემო, რაც ძალზე აზარალებს საქართველოს მოსახლეობას. საზოგადოება ამის გამო თვლის, რომ ჟურნალისტის ნდობა არ შეიძლება“, – ასე აფასებს არსებულ ვითარებას და გულისტკივილს გამოხატავს თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი თორნიკე ელაშვილი, რომელმაც პარალელურად უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა.   ,,მინდა, დავეხმარო სხვადასხვა ადამიანს საკუთარი თავის გამოხატვაში.  აგრეთვე, დემოკრატია და ჟურნალისტიკა ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებენ, ამიტომ მსურს – საქართველოს დავეხმარო დემოკრატიისაკენ სვლაში“, – ამბობს თორნიკე.

რატომ აირჩია თსუ?  – ამ კითხვაზე თორნიკე ელაშვილს ასეთი პასუხი აქვს: ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის ასოცირდება საქართველოს დამოუკიდებლობასთან, რასაც ადასტურებს ისტორიული ფაქტები. ჩემი არჩევანი კი, რაღაც მხრივ, განაპირობა უნივერსიტეტის ისტორიამ, რადგან ყოველთვის მინდოდა აღნიშნულის ნაწილი ვყოფილიყავი და გამეგრძელებინა ტრადიცია. თსუ ჩემთვის ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, დამოუკიდებელ კრიტიკულ აზროვნებას და ა.შ. უნივერსიტეტმა მომცა იმის საშუალება, რომ გამეცნო ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩემს შეხედულებებს, მოსწონთ ახალი გამოწვევები და სურთ ცოდნის გაღრმავება და, რაც მთავარია, უნივერსიტეტის ძველი ღირებულებების გაგრძელება“.

პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე სწავლა თორნიკეს ეხმარება დამოუკიდებლად გააანალიზოს სხვადასხვა ფაქტი და გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა პოლიტიკური თუ ისტორიული საკითხის შესახებ. ყველაზე მთავარი კი მისთვის ისაა, რომ პოლიტიკის მეცნიერება კრიტიკულ აზროვნებას აჩვევს.

სტუდენტი, რომელსაც უკვე დასაქმებაც სურს, პრობლემად ასახელებს ლექციების ჩატარების განრიგს, რაც მომავლის დაგეგმვაში ხელს უშლის. ,,ჩემთვის დიდი პრობლემაა ის, რომ სტუდენტებს არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მესამე ან მეოთხე კურსიდან მაინც შევძლოთ მუშაობა. საგნების განრიგი მესამე/მეოთხე კურსზე არეულადაა – ხან დილით, ხან კი საღამოს. ეს კი ძალიან ურთულებს სტუდენტს იმას, რომ შეუთავსოს სამსახური და სწავლა“, – აცხადებს თორნიკე. მისი სურვილია, რომ სტუდენტებმა უნივერსიტეტში თავი თავისუფლად იგრძნონ. მისი მოლოდინი იმდენად დიდია, რომ არ მალავს თავის დამოკიდებულებას თსუ-სადმი: ,,აუცილებელია ის, რომ უნივერსიტეტს ასევე ვხედავდე, როგორც შესაძლებლობების ,,გროვას“. საკუთარ პასუხისმგებლიანობაზე კი თორნიკე თამამად აცხადებს, რომ როცა ამბობს – ,,ამას მე გავაკეთებ“, იგი ამას აუცილებლად გააკეთებს.

თორნიკე ელაშვილს სურს დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც შესაძლებლობების გამოვლენაში დაეხმარება; აგრეთვე სურს, რომ აუცილებლად იყოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, რადგან თვლის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კარგად წარმოაჩენს. ამ ეტაპზე, მისი მიზანია სწავლა და განვითარება, რაშიც მაქსიმალურ ძალისხმევას დებს. ,,ჩემი მარცხი მხოლოდ ის იქნება, თუკი დაგროვილ გამოცდილებას ვერ გამოვიყენებ და ყველაფერი, რაც ვისწავლე, მხოლოდ თეორიულ ცოდნად დარჩება“, – ამბობს თორნიკე, რომელსაც სხვა ბევრი ინტერესიც აქვს, რათა პროფესიონალად ჩამოყალიბდეს.

Facebook
Twitter
LinkedIn