,,სტუდენტური საისტორიო ძიებანი“-ს მეორე ტომი გამოიცა

თარიღი: 2023-10-04 20:23:08

უახლოეს მომავალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სტუდენტური საისტორიო ძიებანის“ მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართება. ახალ გამოცემაში, ტრადიციულად, ნაშრომების ავტორები სტუდენტები არიან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულობის მიზნით. სტუდენტები სამეცნიერო ხელმძღვანელების კონსულტაციით, მთელი წლის მანძილზე  სხვადასხვა ეპოქის საისტორიო მასალებზე მუშაობდნენ,  შესაბამისად, ჟურნალის თემატიკა მრავალფეროვანია. 

„ჟურნალ „სტუდენტური საისტორიო ძიებანი“-ს პირველი ნომრის გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც პროფესორ-მასწავლებლებში, ასევე, ჩვენს მთავარ სამიზნე აუდიტორიაში – სტუდენტებში. პირველი ნომრის პრეზენტაციამ საქმიან გარემოში ჩაიარა, სადაც აღინიშნა ამგვარი სამეცნიერო გამოცემების მნიშვნელობა.   ჟურნალის მეორე ნომერზე მუშაობისას, რაც მთავარია, შევინარჩუნეთ ჩვენ მიერ არჩეული გზა – ჟურნალში დაბეჭდილი სამეცნიერო პუბლიკაციები დასაბეჭდად კვლავ ფარული რეცენზირების შემდეგ მიიღება. ეს არის ჩვენი გამოცემის მთავარი მახასიათებელი, რომელიც სარედაქციო საბჭოს მუშაობის მთავარი მიმართულებაა და ჩვენ ამ მიდგომისადმი ერთგულების შენარჩუნებას მომავალშიც ვაპირებთ. ჟურნალში დაბეჭდილი პუბლიკაციები ქრონოლოგიური, თემატური და შინაარსობრივი თვალსაზრისით კვლავ მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

გვსურს  მადლიერებით  მოვიხსენიოთ ყველა ის ავტორი, რომელიც თანამშრომლობს ჩვენთან და მზაობას გამოთქვამს – მისი პუბლიკაცია ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე იხილოს. ეს, ჩვენთვის, სარედაქციო კოლეგიისათვის, დიდ მოტივაციასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. მადლიერება გვსურს გამოვხატოთ რეცენზენტების მიმართაც,  რომლებმაც ინტენსიურად იმუშავეს და დიდი როლი შეასრულეს თითოეული პუბლიკაციის დახვეწის საქმეში.

ჟურნალის მეორე ნომერი კვლავ თსუ-ს სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსის მხარდაჭერით მიღებული დაფინანსების ფარგლებში გამოიცა, რისთვისაც  უნივერსიტეტის მადლიერები ვართ. სამწუხაროდ, ქართული სტუდენტური სივრცე დიდად განებივრებული არ არის კვლევითი პროექტების წახალისებით და პირველ ქართულ უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური პროექტების პროგრამა ნამდვილად კარგ შესაძლებლობებს იძლევა აკადემიური მუშაობის წასახალისებლად.  იმედია,  რომ აღნიშნულ ნომერსაც მკითხველი აუდიტორია ინტერესით, საქმიანი კრიტიკითა და პროფესიონალური მიდგომებით შეხვდება და  ფურცლებზე ხშირად ვიხილავთ საქართველოს სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის სტუდენტების პუბლიკაციებსაც“,  – აღნიშნავენ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები.

ჟურნალ ,,სტუდენტური საისტორიო ძიებანის“ მეორე ტომის მთავარი რედაქტორები არიან ისტორიის დოქტორი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი მიხეილ ქართველიშვილი, ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნიკოლოზ სარაჯიშვილი და თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ზაზა ქარჩავა.

ახალ ნომერში ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ზაზა ქარჩავას  – (ლიცინიუსისა და სექსტიუსის „აგრარული კანონი“), გიორგი ბარნაბიშვილის – (აღმოსავლური კულტების შესწავლის საკითხისთვის რომის იმპერიაში (მითრა), ანანო ნატროშვილის  – (საქართველოში ფრანცისკელ მისიონერთა დაფუძნების ახლებური წაკითხვა),  გიორგი ჩავლეიშვილის  – (გერმანიის საიმპერიო საარჩევნო სისტემა 1356 წლის „ოქროს ბულის“ მიხედვით), ლუკა ნებიერიძის  – (მუზაფარ ად-დინ ჯეჰან შაჰის 1440 წლის შემოსევა საქართველოში),  ჯონდი ხუხიას – (სიმონ I-ის დიპლომატიური ურთიერთობის საკითხისთვის ესპანეთის მეფე ფილიპე II-სთან), გიორგი დათუაშვილის  – (ქართლ-კახეთისა და ირანის ურთიერთობის ისტორიიდან (XVIII საუკუნის 50-80-იანი წლები), ნიკოლოზ სარაჯიშვილის  – (ანარქისტ გიორგი (კომანდო) გოგელიას ახლადმიკვლეული ნარკვევი და ქართული ანარქისტული მოძრაობა 1905-1907 წლებში), გიორგი ბუცხრიკიძის – (პირველი ბალკანური ომის პერცეფციები ქართულ პრესაში),  ნოდარ კირთაძის – (ჯონ სტაინბეკის 1963 წლის მოგზაურობა საბჭოთა კავშირში) ნაშრომებს, ასევე,  გრაფ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის წერილებს იმპერატორ ნიკოლოზ II-სადმი 1905-1907 წლების რევოლუციის დროს, რომელიც რუსულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ნიკოლოზ სარაჯიშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn