გიუნტერ რაინერმა საჯარო ლექცია თსუ-ში წაიკითხა

თარიღი: 2023-10-04 19:53:46

ჰანზას (გერმანია) უმაღლესი რეგიონული სასამართლოს ყოფილმა სააპელაციო მოსამართლემ გიუნტერ რაინერმა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია: „კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებლების პასუხისმგებლობა ვაქცინით მიყენებულ ზიანზე“ წაიკითხა. გიუნტერ რაინერი ჰელმუტ შმიდტის უნივერსიტეტის (ჰამბურგი) პროფესორი და ბიზნესისა და საგადასახადო სამართლის კათედრის ხელმძღვანელია. იგი თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მოწვევით სტუმრობს.

„გერმანული სამართალის სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა, ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსხვერპლთა უფლებების დაცვა, შეიძლება გაუმჯობესდეს. ევროპული სამართლებრივი წესრიგი, კანონის უზენაესობა სამაგალითოა ქართველი ხალხისთვის, რაც უდავოდ კარგია, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია ევროპული სამართლებრივი წესრიგისადმი ისეთი მიდგომა, როგორიცაა ჯანსაღი კრიტიკა-ანალიზი – ეს ჩემი მთავარი გზავნილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის“, – აღნიშნა პროფესორმა რაინერმა.

გიუნტერ რაინერის საჯარო ლექციას სტუდენტებთან ერთად იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ბესარიონ ზოიძე, სამართლის დოქტორი გიორგი ამირანაშვილი ესწრებოდნენ.

Facebook
Twitter
LinkedIn