ანი მამისაშვილი თსუ-ში სწავლისას დარწმუნდა, რომ ჟურნალისტად დაიბადა

თარიღი: 2023-10-03 21:33:32

,,საზოგადოებისთვის საჭიროა სწორად მიწოდებული ინფორმაცია და არა დეზინფორმაცია, რაც საბოლოოდ იწვევს ხარისხის ვარდნას და უნდობლობას ჟურნალისტებისადმი. შესაბამისად, ეთიკური მედიის დადებითი გავლენა იკარგება“, – ასე აფასებს ქართულ მედიაგარემოს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ანი მამისაშვილი, რომლისთვისაც არჩეული პროფესია მეტად ,,მშობლიურია“. ,,თითქმის არ ყოფილა პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რომ სხვა პროფესიაზე მეფიქროს. ვთვლიდი, რომ ეს ის პროფესია იყო, რისთვისაც დავიბადე. როცა ამ პროფესიის დაუფლება დავიწყე, მივხვდი, რომ მართლაც შემიძლია კარგი ჟურნალისტი ვიყო“, – ამბობს ანი. მისი მოტივაცია არის ის მიზნები, რომლებიც დაისახა და არიან ის ადამიანები, რომლებსაც მისი სჯერათ.

რატომ აირჩია თსუ? – ამ კითხვაზე ანი მამისაშვილს ასეთი პასუხი აქვს: ,,თსუ ავირჩიე ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანის რეკომენდაციით, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ჟურნალისტიკას ამ უნივერსიტეტში ნამდვილად კარგად შევისწავლიდი. უნივერსიტეტმა მომცა ცოდნა, ურთიერთობები და გამიკვალა გზა, რომ ჩემს პროფესიაში  ამაყად დავდგა ფეხი“. მას დიდი მოლოდინი აქვს, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და მრავალ პროფესიონალ ლექტორთან მუშაობა შესძენს უნარებს, რომლებიც ჟურნალისტად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ამ ეტაპისთვის, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე, მისი საყვარელი ლექტორები დავით გორგილაძე, ირაკლი იადონიძე, თამაზ ჯოლოგუა, ზაზა ცოტნიაშვილი და მაია ტორაძე არიან. ანის სურს, რომ მეტი სტუდენტური აქტივობა და პრაქტიკული სწავლების საშუალებები დაემატოს ჟურნალისტიკის მიმართულებას, რადგან თვლის, რომ სამყაროს განვითარებასთან ერთად ეს პროფესია ყოველდღე ვითარდება და სასურველია, რომ  მის მიერ არჩეული მიმართულებაც ამ გზას გაჰყვეს.

რა პრობლემას გამოკვეთს, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება? – კითხვაზე პასუხი ასეთია: ,,უნივერსიტეტის პრობლემა, ჩემი აზრით, აუდიტორიების ტექნიკური აღჭურვაა, ლექტორები კი ყველა ერთმანეთზე უკეთესია“.

ანი ტელევიზიაში დასაქმებაზე ოცნებობს, თუმცა მისთვის საინტერესოა ბეჭდურ მედიასა და ონლაინ მედიაში ძალების მოსინჯვაც. ,,ჩემი ყოველდღიური საფიქრალი, სტანდარტულად, არის უნივერსიტეტში მიღებული დავალებების დროულად შესრულება, უნივერსიტეტის გარეთ კი სამსახურის ძებნა, რაც მნიშვნელოვანია“, – ამბობს ანა.

ყველა სიტუაციაში სიმართლის მხარეს დადგომას ამჯობინებს. სიმართლე, ალბათ, მისთვის ერთია – ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს გვაძლევს მომავალი ჟურნალისტის პათოსი, რომელიც მის ფრაზებში ჩანს: ,,ხშირ შემთხვევაში არაეთიკური მედია გავლენას ახდენს მედიაპროდუქტის ხარისხზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რეალურად ძალიან აზიანებს და სახელს უტეხს ეთიკურ მედიასაც“, – ამბობს ანი ქართული მედიაგარემოს შეფასებისას. იგი მარცხად აღიქვამს საკუთარი თავის დაკარგვას, როდესაც საკუთარ თავს ვერაფერში და ვერავისთან აღმოაჩენს, თუმცა, ანი მამისაშვილს, ალბათ, ნაკლებად ემუქრება მარცხი, რადგან წარმატებაზეა ორიენტირებული და პასუხისმგებლიანობის თვისებით აღჭურვილი დროსა და რესურსს სწორად ანაწილებს.

Facebook
Twitter
LinkedIn