რა სიახლეებით ხვდება ახალ სასწავლო წელს მედიცინის ფაკულტეტი?

თარიღი: 2023-10-03 16:19:07

მაია ბიწკინაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი:

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა მედიცინის და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან პროგრამებზე. 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ინგლისურენოვან პროგრამებზე მივიღეთ სტუდენტების გაორმაგებული რაოდებობა.  ფაკულტეტზე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზრდილი კონტინგენტის შესაბამისი სასწავლო პირობების უზრუნველსაყოფად;

სრულდება სარემონტო სამუშაოები მორფოლოგიის ინსტიტუტის ძირითად კორპუსში. ასევე გარემონტდა ახალი, დამატებით სივრცეები, რომელიც უკვე შევა ექსპლუატაციაში მიმდინარე თვეების განმავლობაში.

დაიწყო კლინიკური უნარების ცენტრის განახლება და დამატებითი აღჭურვა ახალი მულაჟებით და სიმულატორებით, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე.

ფინალურ ეტაპამდეა მისული საუნივერსიტეტო კლინიკის შეძენის საკითხი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუდენტები მიმდინარე სემესტრში უკვე შეძლებენ ახალი კლინიკური ბაზით სარგებლობას.

მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მოხდა 3 სტუდენტის მივლინება იენის საუნივერიტეტო კლინიკაში, სადაც ჩვენმა მედიცინის პროგრამის სტუდენტებმა გაიარეს კლინიკური პრაქტიკის მოკლევადიანი (3 კვირა) კურსი გინეკოლოგიაში. 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაშიც ჩვენს სტუდენტებს კიდევ მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში.

ამავე წელს ფაკულტეტზე დაფინანსება მოიპოვა რამდენიმე პროექტმა: კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსდა პროექტი – თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით, რაც ითვალისწინებს  საბაზისო ნეირომეცნიერების ინტეგრირებული საგანმანათლებლო კურსის შექმნას და იმპლემენტაციას; აგრეთვე, ფაკულტეტზე შეიქმნება ტრანსლაციური ნეირომეცნიერების თანამედროვედ აღჭურვილი საუნივერსიტეტთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია („ჰაბი“) მეცნიერთა და სტუდენტთა ერთობლივი სამეცნიერო-სასწავლო საქმიანობისათვის.

ლატვიის საგარეო სამინისტროს მიერ დაფინანსდა ერთობლივი პროექტი  – „Development of the medical educationalprocess and capacity building“ – თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტსა და პაულ სტრადინსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის.  პროექტი მიზნად ისახავს მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების პოტენციალის გაძლიერებას კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების გაზიარებისა და ცოდნის გადაცემის (მათ შორის დიგიტალიზაციის მიმართულებით) გზით. პროექტის ფარგლებში უკვე  ჩატარდა შეხვედრების და ტრენინგების პირველი ეტაპი ფაკულტეტის ადმინისტრაციულ პერსონალთან,  აკადემიურ პრესონალთან და სტუდენტებთან. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისა და განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები.

მსგავსი პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ფაკულტეტისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი სამომავლო განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი გამოჩნდა უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო რანჟირების სისტემაში – Round University Ranking პლატფორმაზე. საქართველოს სამედიცინო განათლების ინსტიტუციისათვის ეს პირველი პრეცედენტია. ამჟამად თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი 10 000 -ზე მეტ სამედიცინო სკოლას შორის 554-ე ადგილს იკავებს (სპილენძის ლიგის კატეგორია). აღნიშნული კატეგორია ეფუძნება შეფასებას სხვადასხვა ინდიკატორებს: სწავლების ინდიკატორის მიხედვით თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 496-ე ადგილზეა (სპილენძის კატეგორია), საერთაშორისო მრავალფეროვნების მიხედვით (International Diversity Ranking) 222-ე ადგილზე (ვერცხლის კატეგორია).

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ხელმძღვანელობა არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა და მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, სპეციფიურ ცოდნას და სწორ ხედვას  – როგორ უნდა მოხდეს ფაკულტეტის განვითარება არსებულ კონკურენტუნარიან გარემოში.

P.S.

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 22 სექტემბერს გაიმართა. კონკურსში მონაწილეობდა ორი კანდიდატი: ასოცირებული პროფესორი  მაია ბიწკინაშვილი (დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში) და პროფესორი თამარ რუხაძე (დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში). არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ფაკულტეტის საბჭოს 27 წევრმა. ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: 20 ხმა – ასოცირებული პროფესორი მაია ბიწკინაშვილი; 7 ხმა – პროფესორი თამარ რუხაძე; მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ასოცირებული პროფესორი მაია ბიწკინაშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn