ჩანაწერები ლილის უნივერსიტეტიდან  

თარიღი: 2023-10-02 17:24:51

შოთა მშვენიერაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტია. იგი მიმდინარე სემესტრს საფრანგეთის ლილის უნივერსიტეტში გაატარებს. სამართლის დარგის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, მისი ინტერესი ერთ-ერთ კონკრეტულ ქვედარგზე არ შეჩერებულა: აინტერესებს როგორც, ზოგადად, საჯარო, ასევე, საერთაშორისო საჯარო სამართალი და საერთაშორისო კერძო სამართლის არაერთი მიმართულება.

შოთა, სულ ახლახანს,  ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიატიც გახდა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება და აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე სტუდენტებს გადაეცემათ.

ლილის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო. შოთა მშვენიერაძე პირველ შთაბეჭდილებებს საფრანგეთიდან გვიზიარებს.

ლილის უნივერსიტეტი გვთავაზობს არაერთ აქტივობას, რომლებიც პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებასთან ერთად სტუდენტთა სოციალიზაციას ემსახურება“

„ერთი თვეა, რაც ლილის უნივერსიტეტში ჩამოვედი. აკადემიური კუთხით, უნდა ითქვას, რომ აქცენტი ყოველთვის ხარისხზე კეთდება, რაც განსაკუთრებით მომწონს. აქ სტუდენტის ყოველდღიური ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ არჩეულ დისციპლინებზე დამოუკიდებლად მუშაობას ეთმობა, რა პროცესშიც უნივერსიტეტის აკადემიური გუნდი ყოველთვის მხარდაჭერით გამოირჩევა. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყოდი, რომ ლილის უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების დეფიციტია, პირიქით – თავად უნივერსიტეტი გვთავაზობს არაერთ აქტივობას, რომლებიც პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებასთან ერთად სტუდენტთა სოციალიზაციას ემსახურება. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ლილი ევროპაში ყველაზე იდეალური ქალაქია ნებისმიერი სტუდენტისათვის, რომელიც განათლებისა და სოციალიზაციისათვის შესანიშნავი შესაძლებლობებით სარგებლობს“.

სემესტრის ბოლოს ტარდება მხოლოდ ერთი ძირითადი გამოცდა“

„სასწავლო პროცესი ლილის უნივერსიტეტში უკვე დაიწყო. აქაური სასწავლო პროცესი დიდწილად განსხვავდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან, მათ შორის იმით, რომ აქ ორი გამოცდის ნაცვლად სემესტრის ბოლოს ტარდება მხოლოდ ერთი ძირითადი გამოცდა, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას, სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ სალექციო ფორმატში, არ დგება სალექციო ჯგუფები და სტუდენტებს მეტწილად დამოუკიდებლად უწევთ სასწავლო პროცესთან გამკლავება. ესეც ცხადია, ახალი და საინტერესო გამოწვევაა მათ შორის ჩემთვისაც, რაც მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ჩემი პროფესიული უნარების გაძლიერებით დაგვირგვინდება.“

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში გატარება  ნებისმიერი ახალგაზრდისათვის არაჩვეულებრივი შანსია“

„გაცვლითი პროგრამები არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის – გაიღრმავონ ცოდნა, მიიღონ ახალი საერთაშორისო გამოცდილება და განავითარონ საკუთარი პროფესიული თუ პიროვნული უნარები. აღსანიშნავია ამ პროცესში თსუ-ს მხარდაჭერა თითოეული სტუდენტისადმი, როგორც სტუდენტთა შერჩევის პროცესში, ასევე, მობილობის განხორციელების პერიოდში, რამდენადაც ამ დროის განმავლობაში, როგორც წესი, არაერთი პრობლემური თუ სხვა შინაარსობრივი საკითხი იჩენს ხოლმე თავს.

ზოგადად, განსხვავებულ გამოცდილებასა და საინტერესო გამოწვევებს მეტად დიდი როლი გააჩნიათ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლის პროფესიულ განვითარებაში, თუმცა ჩემთვის, როგორც დამწყები იურისტისათვის, პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო მასშტაბურია. საერთაშორისო გარემო, ახალი და სრულიად განსხვავებული გამოცდილების მქონე პროფესორებთან ურთიერთობა და ახალ გამოცდილებებთან შემხებლობა იმ ფაქტორთა მცირე ჩამონათვალია, რაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტს არნახული პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.“

ეთნიკურად მრავალფეროვანი გარემო მსოფლიოს მასშტაბით რიგი კულტურების გაცნობის საშუალებას გვაძლევს“

„გარემო ძალიან მრავალეროვნულია. აქ ჩვენთან ერთად არიან სტუდენტები, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე, აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან და ლათინური ამერიკიდანაც კი. ასევე, შევხვდით რამდენიმე სტუდენტს შეერთებული შტატებიდან, გავიცანით არაერთი ადგილობრივი სტუდენტიც. ასეთი მრავალფეროვანი გარემო მშვენიერ გარემოს ქმნის არა მხოლოდ იმ ქვეყნის შესასწავლად, სადაც ვიმყოფები, არამედ სხვა, მთელი რიგი კულტურების გასაცნობადაც მსოფლიოს მასშტაბით“.

Facebook
Twitter
LinkedIn