თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი მზია წერეთელი გახდა

თარიღი: 2023-09-28 19:54:04

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ დეკანად პროფესორი მზია წერეთელი აირჩია. არჩევნები 27 სექტემბერს გაიმართა. მზია წერეთელმა დეკანის პოსტზე პროფესორი თამარ გაგოშიძე შეცვალა, რომელიც ფაკულტეტს 2 ვადით – 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

მზია წერეთელი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 2 ოქტომბრიდან დაიწყებს.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს დეკანად არჩევისთვის. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ძალიან რთულია ქალბატონი თამარის შემდეგ იყო დეკანი, რადგან ის არაჩვეულებრივი მეცნიერი და მენეჯერია. ჩემს კონცეფციაშიც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემთვის პრიორიტეტულია შენარჩუნდეს ის განსაკუთრებული აკადემიური კულტურა, რომელიც ფაკულტეტზე თანამშრომლებს შორის და სტუდენტებთან ურთიერთობისას არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა ფაკულტეტზე. იმედს გამოვთქვამ, რომ განვითარების ეს ტემპი შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, წლებია ერთად ვმუშაობთ  და  ვგეგმავთ, რომ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ჩვენი ფაკულტეტი კიდევ  უფრო საამაყო და მნიშვნელოვანი გავხადოთ როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე, ზოგადად, უნივერსიტეტისთვის“, – განაცხადა მზია წერეთელმა.

„დეკანად არჩევის ორი ციკლი დავასრულე. ვფიქრობ, რომ ამ დროის მანძილზე ბევრ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. მივდივარ კმაყოფილი, რადგან ახალი დეკანი ის ადამიანია, ვისი დიდი იმედი არა მხოლოდ მე, არამედ მთელ ფაკულტეტს აქვს. მზია წერეთელი დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების მქონე მიზანდასახული ადამიანი და არაჩვეულებრივი მეცნიერია. დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი საინტერესო სიახლე გველის. ადმინისტრაციული საქმიანობისგან გამოთავისუფლებულ  დროს  ჩემს სამეცნიერო კვლევას დავუთმობ. ვგეგმავ სხვადასხვა პროექტების განხორციელებას, რომელიც სასარგებლო იქნება ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო ხარისხის ზრდისთვის“, – განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი დეკანი პროფესორი მზია წერეთელი აკადემიურ საქმიანობას 1987 წლიდან ეწევა და ფსიქოლოგიის დარგში 60-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია.

Facebook
Twitter
LinkedIn