ანთიმოზ ივერიელის დღეები რუმინეთში

თარიღი: 2023-09-27 20:46:13

20-24 სექტემბერს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფი (ანასტასია ზაქარიაძე, დემურ ჯალაღონია, ვალერიან რამიშვილი, ირაკლი ბრაჭული, მოწვეული თეოლოგიის პროფესორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი) რუმინეთში, რიმნიკუ-ვალჩეას არქიეპისკოპოსის ვარსანოფის მიწვევით, საერთაშორისო სიმპოზიუმზე  – „ანთიმოზ ივერიელის მწყემსობის თეოლოგიური მნიშვნელობა და მე-17/მე-18 საუკუნეებში დაბეჭდილი  მისი ლიტურგიული ტექსტების მუსიკალობა“  – მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. სიმპოზიუმი რიმნიკუს საეპისკოპოსოს ბრანკოვიანუს შესწავლის ცენტრის მიერ  იყო ორგანიზებული.

თსუ-ს ფილოსოფიის ინსტიტუტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ანასტასია ზაქარიაძის ინფორმაციით, ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის ფუნდამენტური შესწავლა თსუ-ში ჯერ კიდევ  2008 წლიდან დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.  უცხოეთში მოღვაწე დიდი ქართველი მოაზროვნისა და მოღვაწის შემოქმედების გამოუკვლეველი მასალა იმთავითვე გულისხმობდა არა მხოლოდ ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობის კვლევას, ასევე,  ქართული ფესვების ძიებას. „ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის შესწავლა იმ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ეს  ადექვატური საშუალებაა ქართული კულტურის, როგორც ევროპულის განუყოფელი ნაწილის, რეპრეზენტაციისათვის  და იმის ჩვენებისათვის, რომ ქართული კულტურა დღესაც ღიაა დიალოგისათვის და აქვს შინაგანი რესურსი მისი წარმატებული განხორციელებისათვის. ამით იყო და დღესაც არის განპირობებული ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობის სისტემური შესწავლის აქტუალურობა“,  –  ამბობს ანასტასია ზაქარიაძე.

მეცნიერის თქმით, კვლევა  წარმართული იყო  ოთხი კლასტერის პერსპექტივიდან:  ფილოსოფიის (მორალის ფილოსოფია, ანთროპოლოგია, პოლიტიკის ფილოსოფია, ფილოსოფიის ისტორია, ონტოლოგია), თეოლოგიის, ფილოლოგიის (ტექსტოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა) და ისტორიის  (ეკლესიის ისტორია, საქართველოს ისტორია) მიმართულებით. „ამ ხნის განმავლობაში მოპოვებულ იქნა  სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამი სამეცნიერო გრანტი, თსუ-ს ფილოსოფიის ინსტიტუტში დაფუძნდა ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიისა და თეოლოგიის შესწავლის სამეცნიერო ცენტრი და ელექტრონული ბიბლიოთეკა. ჩატარდა ორი საერთაშორისო სიმპოზიუმი, სტუდენტთა კონფერენციები თბილისსა და ახალციხის უნივერსიტეტებში, დაფუძნდა  მუდმივმოქმედი თეორიული სემინარი, გამოიცა ანთიმოზ ივერიელის თხზულებების ორი ტომი, რომელშიც შევიდა კომენტირებული და მეცნიერულად რედაქტირებული, ქართულ ენაზე პირველად თარგმნილი ტექსტები ბერძნული და რუმინული ენებიდან, ორი მონოგრაფია და ანთიმოზ ივერიელის რჩეული თხზულებების სამენოვანი ქართულ-რუმინულ-ინგლისური პარალელური ტექსტების კრებული. 

ანთიმოზ ივერიელის შემოქმედების კვლევის შედეგები აისახა არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და მაღალრეიტინგულ საერთაშორისო პუბლიკაციაში;  ბუქარესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტების ჩართულობით შეიქმნა და მოწონებულ იქნა თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა“,  – განაცხადა ანასტასია ზაქარიაძემ.

აღსანიშნავია, რომ  წელს თსუ-ს პროფესორთა ჯგუფი უკვე მეორედ იყო მიწვეული ანთიმოზ ივერიელისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.

21 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა სიმპოზიუმი, რომელზეც სამეცნიერო მოხსენებებით წარსდგნენ ქართველი პროფესორები: „ანთიმოზ ივერიელის „ქრისტიანული პოლიტიკა”, როგორც ახალი თეოლოგიური პარადიგმა’’ (დემურ ჯალაღონია), ,,ქრისტეს ტრანსფიგურაცია-თეოლოგიური და მეტაფიზიკური მნიშვნელობა“ (ვალერიან რამიშვილი), ,,ქრისტეს ტრანსფიგურაცია-თეოლოგიური და მეტაფიზიკური მნიშვნელობა“ (ირაკლი ბრაჭული), შუასაუკუნეების ქართული განათლების ფილოსოფიის კვალი ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობაში” (ანასტასია ზაქარიაძე).

წარდგენილი იყო პრეზენტაციისათვის საქართველოში გამოცემული ორი კრებული: ანთიმოზ ივერიელის თხზულებების მეორე ტომი და ანთიმოზ ივერიელის სამენოვანი -ქართულ-ინგლისურ-რუმინული პარალელული ტექსტების კრებული, რამაც განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. 

რუმინულმა მხარემ გულითადი მადლობა გადაუხადა ქართველ მკვლევრებს ანთიმოზ ივერიელის შემოქმედების და ცხოვრების კვლევების მიმართულებით ჩატარებული საქმიანობისათვის და მისი მემკვიდრეობის ინტერნაციონალიზაციის საქმეში გადადგმული მნიშვნელოვანი შენატანისთვის.

საღამოს გამართულ საზეიმო ვახშამზე რიმნიკუ-ვალჩეას არქიეპისკოპოსმა ვარსანოფიმ, ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის თაობაზე სამეცნიერო  კვლევაში შეტანილი  წვლილისათვის, პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე დააჯილდოვა ღვთისმშობლის მედლითა და რიმნიკუს ეპარქიის უმაღლესი ჯილდოთი, გამშვენებული ჯვრით; ჯვრები გადაეცათ პროფესორებს  დემურ ჯალაღონიას, ვალერიან რამიშვილს და ირაკლი ბრაჭულს.

სიმპოზიუმის ფარგლებში მოეწყო საინტერესო დისკუსია. ნაყოფიერი საკონფერენციო დღეების მანძილზე დელეგაციის წევრები შეხვდნენ არაერთ მეცნიერს, რომლებიც ივერიელის და მისი ეპოქის პრობლემებს იკვლევენ.

მოხსენებების ტექსტები დაიბეჭდება კრებულში  „აკადემიური გამოკვლევები“, რომელსაც გამოსცემს რიმნიკუს საეპისკოპოსოს გამომცემლობა ,,Praxis publishing house”.

Facebook
Twitter
LinkedIn