ლევან გიგინეიშვილი: არსებობს აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს მიუკერძოებელი კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებით
საერთაშორისო კონფერენცია – „კავკასიის აღქმა მითებსა და ლიტერატურაში – ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე“
უპრეცედენტოდ მასშტაბური აღმოჩნდა უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო კონფერენცია – „კავკასიის აღქმა მითებსა და ლიტერატურაში – ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე“, რომელიც ორგანიზებული იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში.
კონფერენციაში მონაწილეობდა 70-მდე მომხსენებელი მსოფლიოს 20 ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნორვეგია, შვედეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ბრაზილია, მექსიკა, კამბოჯა, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.
კონფერენციის მასშტაბურობა, ძირითადად, ორმა ფაქტორმა განაპირობა: თემატიკის მრავალფეროვნებამ და უცხოელი და ქართველი მკვლევრების გაუნელებელმა ინტერესმა კავკასიის ისტორიის, კულტურის საკითხების შესწავლისადმი.
სამდღიანი ინტერდისციპლინური კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა თაობის უცხოელი და ქართველი მკვლევრები განსხვავებული კუთხით განიხილავდნენ კავკასიას ანტიკურ ხანაში, შუა საუკუნეებსა და თანამედროვე ეპოქაში; მსჯელობდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ კავკასიის აღქმის თავისებურებებს ანტიკურ მითოლოგიასა და თანამედროვე ლიტერატურაში, თეატრსა და კინოში. აკადემიურ და შემეცნებით ღირებულებასთან ერთად, კონფერენციაზე წარმოდგენილმა მოხსენებებმა ერთგვარად შეაჯამა ქართველ და უცხოელ მკვლევართა თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომლის მიზანია კავკასიის ხალხების საერთო კულტურული და ისტორიული საგანძურის შენარჩუნება და პოპულარიზაცია.
ღონისძიების გახსნას საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარია თეოდორუ, თსუ-ს რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმო შტიკლერი, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„ეს კონფერენცია ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე აღსანიშნავია იენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომელიც 1966 წლიდან იწყება და საერთაშორისო აღიარების კონტექსტში გვეხმარება“, – აღნიშნა თსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიამ თეოდორუმ, რომელმაც ხაზი გაუსვა ასეთი საერთაშორისო კონფერენციების მხარდაჭერის მნიშვნელობას: „საბერძნეთის საელჩო მოხარულია – მხარი დაუჭიროს ასეთ პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერების ურთიერთთანამშრომლობის გაზრდასა და გაღრმავებას, მათ შორის, კავშირების განმტკიცებას”.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა ფონდის სახელით ქართველ და უცხოელ მეცნიერებს კონფერენციის გახსნა მიულოცა და აღნიშნა: „რუსთაველის ფონდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებდა, ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის გაძლიერებას, მთლიანად ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში. ამის ნათელი მაგალითია ეს ღონისძიება… ასეთი ინტერესი და ასეთი მხარდაჭერა მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან, ფაქტობრივად, იმის დასტურია, რომ ჩვენმა კურსმა გაამართლა და, აქედან გამომდინარე, ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას მეცნიერულ საქმიანობაში“.
„არსებობს აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს მიუკერძოებელი კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებით და ეს კვლევები ხელმისაწვდომი გახდეს მომავალი თაობებისათვის. კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია მონაწილეებით, ქვეყნების რაოდენობითა და წარმოდგენილი მოხსენებებით. ჩვენი მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ამ სამეცნიერო სიახლეების მიღება“, – აღნიშნა თსუ-ს პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.
კავკასია ანტიკურ ხანაში, კავკასია შუა საუკუნეებში, კავკასია თანამედროვე ხანაში, კავკასია მითებში, თანამედროვე ლიტერატურაში, კინოში, თეატრში –
ეს ის თემებია, რომელზეც იმსჯელეს და საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა.
„ჩვენ შევეცადეთ, რომ ჩვენი სამეცნიერო ფორუმი გვექცია მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო-შემეცნებით მოვლენადაც. უცხოელ კოლეგებს წარვუდგინეთ ქართული არქეოლოგიის უახლესი და უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები გრაკლიანის გორასა და ქუთაისში. დავათვალიერებინეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და კომპლექსი. ასევე შევთავაზეთ სტუდენტური ჩვენება „ვარიაციები ანტიკური სამოსელის თემაზე“, რომელიც ასევე იენისა და ჩვენი უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში მოამზადეს გერმანელმა კოლეგამ ანიგრეტ პლონტკი-ლიუნინგმა და ჩვენმა პროფესორმა ნანა ტონიამ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კონფერენციის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. საგანგებოდ გამოვყოფდი რექტორის მოადგილის, ქალბატონი ნინო ოკრიბელაშვილის მხარდაჭერას, რომელმაც თსუ-ს სახელით ღირსეულად უმასპინძლა სტუმრებს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წვლილს. ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ბატონ ვახტანგ ლიჩელს და ქალბატონ ნინო ლორთქიფანიძეს, რომლებმაც დრო და ენერგია არ დაიშურეს, რომ ჩვენი სტუმრებისთვის ქართული კულტურა და ანტიკურ სამყაროსთან მისი მიმართებები რელიეფურად წარმოეჩინათ“ – განაცხადა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირინე დარჩიამ, რომელმაც ასევე დიდი მადლობა გადაუხადა კონფერენციის საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტს, უცხოელ მეცნიერებსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომლებმაც კონფერენციის ასეთი მასშტაბურობა და მაღალ დონეზე ჩატარება უზრუნველყო.