წიგნი, რომელიც მომავალი ფინანსური კრიზისების საფრთხეების აცილებაში დაგვეხმარება

თარიღი: 2023-09-26 18:52:32

თსუ-ს პროფესორის, აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის რედაქტორობით ქართულ ენაზე გამოიცა კემბრიჯის უნივერსიტეტის სახელმძღვანელო – ლარი ნილის „საერთაშორისო ფინანსების მოკლე ისტორია: ბაბილონიდან ბერნანკემდე“ (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2015 წ.). წიგნი ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკის და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრამ – კოლეგების დახმარებით.

,,წიგნის ქართულ ენაზე გამოცემას ვუძღვნით  თსუ-ს პროფესორებს – ვასილ ჩანტლაძეს (აკადემიკოსი), ნიკოლოზ ქოიავას, ვლადიმერ ლებანიძეს, შოთა ქისტაურს, გივი გამსახურდიას, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ეკონომიკურ-ფინანსური მეცნიერების დისციპლინების  განვითარებასა და სწავლების საქმეში“, – აღნიშნულია სამეცნიერო და მთავარი რედაქტორის შესავალ სიტყვაში.

თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის აკრედიტირებულ სასაწავლო პროგრამებში ახალი სასწავლო წლიდან გათვალისწინებულია  „საერთაშორისო  ფინანსების ისტორიის“  კურსის სწავლება, რასაც ხელს შეუწყობს  ლარი ნილის ნაშრომის ქართულ ენაზე გამოცემა.

„2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ სულ ეჭვებს გამოთქვამენ კაპიტალიზმის მომავლის შესახებ. ანტიკური დროიდან დღევანდელობამდე ფინანსური კაპიტალიზმის ამ ფართომასშტაბიან მიმოხილვაში ლარი ნილი აჩვენებს – ფინანსური ინოვაციები ისტორიულად როგორ ზრდიდა ვაჭრობასა და კეთილდღეობას, აუმჯობესებდა ცხოვრების დონეს. თუმცა, ბანკებს, კაპიტალის ბაზრებსა და მთავრობებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის ჩავარდნის შედეგად, ეს ინოვაციები მეტისმეტად ხშირად იწვევდა ფინანსურ კრიზისებს.

წიგნში განხილულია ეს ძირითადი ურთიერთკავშირი ფინანსურ ინოვაციებს, მთავრობის რეგულაციებსა და ფინანსურ კრიზისებს შორის 3000 წლის განმავლობაში, წარსულის წარმატებებისა და მარცხის საშუალებით ნაჩვენებია ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ნებისმიერი გამოცოცხლებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძველია. შედეგად გვაქვს როგორც ფინანსური კაპიტალიზმის უაღრესად საჭირო შესავალი, ასევე, გადაჭრის გზების გამოყენებადი ნაკრები, რომლებიც არა მხოლოდ უკვე მიღწეული სარგებლის შენარჩუნებაში, არამედ, ასევე, მომავალი კრიზისების საფრთხეების აცილებაში დაგვეხმარება“, – აღნიშნავს წიგნის მთავარი რედაქტორი ავთანდილ სილაგაძე.

ლარი ნილის „საერთაშორისო ფინანსების მოკლე ისტორია: ბაბილონიდან ბერნანკემდე“  – ესაა რიგით მეოთხე უცხოური სახელმძღვანელო, რომელთა სამეცნიერო და მთავარი რედაქტორია ავთანდილ სილაგაძე. ეს სახელმძღვანელოებია: „საერთაშორისო ეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა“ (ავტორები: კრუგმანი, ობსტფელდი, მელიტცი); „საერთაშორისო ეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა – სასწავლო გზამკვლევი“ (ავტორები: კრუგმანი, ობსტფელდი) და „მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია პალეოლითის ეპოქიდან დღევანდელობამდე“ (ავტორები: ლარი ნილი და რონდო კემერონი).

Facebook
Twitter
LinkedIn