ტერმინოლოგიის მნიშვნელობა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტთან
ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოების (EAFT) პრეზიდენტი ჰენრიკ ნილსონი ქართული ტერმინოლოგიის, ქართული ტერმინთბანკის განვითარების აქტიური მხარდამჭერია. იგი თბილისში პირველად 2018 წელს, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამართულ კონფერენციაში – „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ – მონაწილეობის მისაღებად იყო ჩამოსული. ქართული კულტურითა და ქართული მრავალხმოვანი სიმღერებით მოხიბლული ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი დღეს ქართულ ენას მალმოს უნივერსიტეტში სწავლობს. თანამედროვე ტერმინოლოგიის აქტუალურ საკითხებს ჰენრიკ ნილსონი ვრცლად ინტერვიუში განმარტავს.
რა შეგიძლიათ გვითხრათ თანამედროვე ციფრულ სამყაროში ტერმინოლოგიის მნიშვნელობის შესახებ?
ჰენრიკ ნისლონი: „მე ვიტყოდი, რომ ტერმინოლოგია დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, განსაკუთრებით, როდესაც ციფრულ ეპოქასა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ვსაუბრობთ. ელექტრონულად მონაცემთა გადაცემისას აუცილებელია შეთანხმებული, დაზუსტებული ტერმინოლოგიისა და განმარტებების გამოყენება. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დროის ფაქტორი მიმაჩნია, ტერმინოლოგიაზე მუშაობა დროს მოითხოვს, რაც არ გვაქვს, რადგან სხვადასხვა სერვისი და პროდუქტი სწრაფად ვითარდება, ამიტომ გადაწყვეტილებებიც შესაბამის ტემპში უნდა მივიღოთ. ასევე, შესაძლოა, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ ე.წ. საზოგადოების „ტერმინოლოგიზაციის“ პროცესს, სპეციალიზირებული ენა ერწყმის ყოველდღიურ სალაპარაკო ენას, ანუ სპეციალისტების გარდა საზოგადოების წარმომადგენლებიც იყენებენ ტერმინებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ტერმინების სწორი ფორმულირება-მართვა“.
რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ მიმართულებით თქვენს სამშობლოში, შვედეთში?
ჰენრიკ ნისლონი: „სამწუხაროდ, 2018 წელს ტერმინოლოგიის ეროვნული ცენტრი დაიხურა. მანამდე ოფიციალური და კერძო ტერმინოლოგიური სამუშაოები მკაფიოდ იყო გამიჯნული, ამჟამინდელი მუშაობა უფრო „მიმოფანტულია“. ტერმინოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში; ზოგიერთ კომპანიასა და სახელმწიფო დაწესებულებას საკუთარი ტერმინოლოგები ჰყავთ. სხვადასხვა პროფესიული ჯგუფებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ქსელური ხასიათის სამუშაოები მნიშვნელოვანი გზაა ტერმინოლოგიური კვლევების განვითარებისთვის. 2018 წელს შეიქმნა შვედური ტერმინოლოგიის ასოციაცია, მისი აქტივობები – ვებ-გვერდი, სემინარები, ვებინარები და ტერმინოლოგიის კონსულტანტების მოძიება – ასევე ეფექტიანია ტერმინოლოგიის დარგში.
რა სამუშაოს ატარებს ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოება?
ჰენრიკ ნისლონი: „ევროპული ტერმინოლოგიის საზოგადოება (EAFT) ერთგვარი პლატფორმაა. ის აკავშირებს და აღრმავებს ტერმინოლოგიურ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობას და აქვს უფლება ჩაერიოს ტერმინოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებში დეკლარაციის საფუძველზე. ამჟამად, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი სპეციალური ინტერესების ჯგუფების (SIG) გააქტიურებაზე ტერმინოლოგიის სწავლებისა და კვლევის მიმართულებით. ვიღებთ და ვავრცელებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება ევროპულ ტერმინოლოგიურ სამყაროში. საზოგადოება, ასევე, გასცემს საერთაშორისო ტერმინოლოგიის ჯილდოს ტერმინოლოგიაში შესრულებული აკადემიური სამუშაოს პოპულარიზაციისთვის. ჩვენ ვაქვეყნებთ საკუთარ ჟურნალს Terminology Science & Research (TSR).
უკვე 5 წელი გავიდა, რაც საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიის საზოგადოება ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოების წევრია. ეს საზოგადოება საქართველოში შექმნეს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგებმა. მათვე დააარსეს კონფერენციები ტერმინოლოგიაში. რას იტყვით საქართველოში ტერმინოლოგიური მუშაობის შესახებ?
ჰენრიკ ნისლონი: „საქართველოში საფუძვლიანი ტერმინოლოგიური მუშაობის დიდი ტრადიციაა და ამჟამად ამ პროცესში ჩართულია მრავალი ადამიანი. იმართება წარმატებული ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციები, სადაც მეც დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. გამოცემულია და ახლაც ქვეყნდება მრავალი პუბლიკაცია. ამ საკითხის შესახებ საზოგადოების ცნობიერება მაღალია – ტერმინოლოგიის აქტუალური საკითხები დილის სატელევიზიო გადაცემაშიც კი განვიხილეთ!
ვფიქრობ, ქართული ტერმინოლოგიური ნამუშევარი იმსახურებს, რომ უკეთ იცნობდნენ საზღვრებს გარეთ. ამისათვის აუცილებელია გამოცემული ჟურნალებისა და ჩატარებული კონფერენციების შესახებ ინფორმაციის ინტენსიურ რეჟიმში გავრცელება.
რა გეგმები გაქვთ ქართველ ტერმინოლოგებთან სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით?
ჰენრიკ ნისლონი: „საქართველოში ტერმინოლოგიური მუშაობის მნიშვნელოვანი ტრადიციის, უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევებისა და, ასევე, ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, დიდია გამოცდილების გაცვლისა და ერთმანეთისგან სწავლის შესაძლებლობები. უკვე გვაქვს გარკვეული თანამშრომლობა საქართველოს ტერმინთბანკთან და ევროკავშირის პროექტ YourTerm-ის ფარგლებში. იმედია, ეს თანამშრომლობა სხვა სფეროებშიც გადაინაცვლებს, მაგალითად, ტერმინოლოგიის სწავლებისა თუ ტრენინგების მიმართულებით“.