როგორ აიხდინა ბელა დავითურმა ბავშვობის ოცნება

თარიღი: 2023-09-24 13:04:17

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად მაღალრეიტინგულ პირველკურსელად დასახელებული ბელა  დავითური თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.  ,,გავხდი ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი და პროფესიული განვითარებაც ამ განხრით უნდა დავიწყო. კონკრეტული პროფესია დაზუსტებით არ მაქვს არჩეული, საკმაოდ ფართო სფეროა ბიზნესი და სწავლის პროცესში, ვფიქრობ, ვიპოვი ჩემი ინტერესის კონკრეტულ სფეროს და შესაბამის პროფესიასაც ავირჩევ. ჯერჯერობით კი საერთაშორისო ბიზნესისკენ ან მენეჯმენტისკენ ვიხრები“, – ამბობს ბელა. 

რატომ აირჩია თსუ? – ამ კითხვაზე ბელა დავითურს ასეთი პასუხი აქვს:  ,,ბავშვობიდან თსუ რატომღაც შორეულ, თითქოს მიუღწეველ ოცნებად მესახებოდა. რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ თავისუფლად შემეძლო ამ ოცნების ახდენა, დავიწყე დეტალური ინფორმაციის მოძიება და ჩემს გადაწყეტილებაში დარწმუნება, რაც საკმაოდ რთული და გაურკვეველი პროცესი აღმოჩნდა. მქონდა სხვა ვარიანტებიც, თუმცა სასურველი ინფორმაციის მიღებაში დამეხმარა ჩემი და, რომელიც ასევე თსუ-ს სტუდენტია.

მივხვდი, რომ თსუ მთავაზობს ზუსტად იმას, რაც მინდა – მრავალფეროვნებასა და ჩემი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობებს. ამიტომ ავირჩიე თსუ, როგორც პირველი უნივერსიტეტი  კავკასიის რეგიონში და როგორც ჩემი მომავლის საწყისი წერტილი“.

ბელა  თსუ-ზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებს და ფიქრობს, რომ უნივერსიტეტი წარმატებული მომავლის შექმნის შესაძლებლობებს მისცემს ბიზნესის სფეროში. ,,გაცვლითი პროგრამები, კონკურსები, პროექტები, კონფერენციები… მინდა, ყველა იმ შესაძლებლობას შევეჭიდო, რომელსაც უნივერსიტეტი შემომთავაზებს“, – ამბობს პირველკურსელი ბელა დავითური. 

სამომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს. ურჩევნია შედეგის ჩვენება, ვიდრე მასზე წინასწარ საუბარი, თუმცა მომავლის გეგმების საფუძვლად იმ ფაკულტეტს მიიჩნევს, რომლის სტუდენტიც გახდა.

,,ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი სურვილების უმეტესობა უნივერსიტეტს უკავშირდება, რადგან სტუდენტობა ცხოვრებაში ახალი, უმნიშვნელოვანესი თავის საწყისია. პირველ რიგში, უნივერსიტეტში მსურს პროფესიონალური, მეგობრული და ყურადღებიანი გარემო, დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე. მსურს, ცოდნის გამყარება და გამოცდილების მიღება, რაშიც, დიდი იმედი მაქვს, თსუ-ს გაცვლითი პროგრამებიც დამეხმარება. ჩემი ყველაზე დიდი სურვილი, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება, არის საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნა და პროფესიული წარმატება“, – ამბობს ბელა, რომელმაც თავისი სურვილები გაგვიზიარა.  

Facebook
Twitter
LinkedIn