ალმანახის – „პირველი სხივის“ მეექვსე ნომერი შემოდგომის სემესტრში გამოიცემა  

თარიღი: 2023-09-20 17:52:51

,,პირველ სხივს“ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ტრადიცია აქვს. ალმანახი გამოსვლის დღიდან  ქართული კლასიკური მწერლობის გზამკვლევად იქცა. სწორედ მის ფურცლებზე შედგა ნოდარ დუმბაძის, რეზო ინანიშვილის, არჩილ სულაკაურის, მუხრან მაჭავარიანის, რევაზ ჯაფარიძის, თამაზ და ოთარ ჭილაძეების, ვახტანგ ჯავახაძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილის, ვახუშტი კოტეტიშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ტარიელ ჭანტურიას, ლია სტურუას, რეზო ჭეიშვილის და სხვა ქართველი მწერლების დებიუტი. „პირველი სხივის“ პირველი ნომერი 1950 წელს უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორის ნიკო კეცხოველის ხელშეწყობით გამოიცა. ჟურნალმა 2003 წლამდე იარსება, გარკვეული წყვეტის შემდეგ კი, 2019 წელს, თსუ-ს მაშინდელი რექტორის, გიორგი შარვაშიძის ინიციატივით გამოცემა კვლავ განახლდა.

როგორც აღვნიშნეთ, ამჟამად მზადდება ალმანახის აღდგენიდან მეექვსე ნომერი (სულ 36 ნომერი).

ალმანახის მთავარი რედაქტორის,  მთარგმნელისა და პოეტის  გიორგი ლობჟანიძის  მთავარი საზრუნავი დღესაც, პირველ რიგში, ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდა თაობის სწორი გზის ჩვენება და ხელშეწყობაა. ამასთან, ჟურნალში ძველი თაობის მწერლების შემოქმედებაც იბეჭდება, რადგან ამით აღდგეს თაობათა ერთგვარი ხიდი, რომელიც ხელს შეუწყობს ლიტერატურული პროცესების განვითარებას.

,,როდესაც გაჩნდა იდეა – უნივერსიტეტის წიაღში კვლავ აღდგენილიყო  ცნობილი „93-ე აუდიტორია“,  პარალელურად  ჟურნალის განახლების ინიციატივაც გამოიკვეთა. როსტომ ჩხეიძესთან,  ლია სტურუასთან და სხვა მწერლებთან ერთად ხელახლა ჩაეყარა ახალი ალმანახის გამოცემას საფუძველი. ჩვენი მთავარი მიზანი ახალგაზრდების წარმოჩენაა, ამასთან,  ტრადიციიდან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილებით, ყველა თაობის მწერლებისთვის ღიაა ალმანახის კარი.

 რასაკვირველია, ძირითადი მიზანი ახალგაზრდებისთვის გზის ჩვენებაა, მაგრამ ჟურნალის თითქმის საუკუნოვან ისტორიასაც თუ გავითვალისწინებთ,  ძველი თაობის მწერლებსაც აქვთ საშუალება დაბეჭდონ თავიანთი ნაწარმოებები.

ეს პროფესიული განვითარების კუთხით  ახალგაზრდებისთვისაც კარგია, რადგან ამით მათ შედარების საშუალებაც ექნებათ, თუ როგორ წერდნენ მათი წინამორბედი კლასიკოსი მწერლები… მართალია,  მწერლობა  „ზეგარდმო“ ნიჭია, მაგრამ, როგორც ყველა ხელობას, მასაც შესწავლა სჭირდება“, – აღნიშნავს გიორგი ლობჟანიძე.

ჟურნალი წელიწადში ორჯერ – გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრში გამოდის.  მისი აღდგენიდან ამ მოკლე პერიოდში ჟურნალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. როგორც ალმანახის რედაქტორი ამბობს,  რედაქციაში ყოველდღიურად  უამრავი მასალა შედის. ,,რედკოლეგიის წევრებისთვის, რომლებსაც სამუშაო სივრცეც კი არ გვაქვს გამოყოფილი,  მძიმე, რუტინული სამუშაოა, მაგრამ ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით და პატიოსნად ვკითხულობთ.  უნივერსიტეტის სტამბას დიდი როლი მიუძღვის  ჟურნალის გამოცემაში. მართალია ჰონორარი  სიმბოლურია, მაგრამ ეს სტუდენტისთვისაც და სხვა მწერლებისთვისაც გარკვეული  სტიმულია“, – ამბობს გიორგი ლობჟანიძე.

ჟურნალი თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანია:  ტრადიციულ  რუბრიკებთან  ერთად  (პროზა, პოეზია, თარგმანი, დრამატურგია,  კინოსცენარი)  ცალკე რუბრიკაა ,,მასტერკლასი“,  სადაც იბეჭდება ცნობილი მწერლების დაკვირვებები ლიტერატურაზე,  როგორც ხელობაზე, სადაც ისინი თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ მკითხველს. ჟურნალში არის, ასევე,  ლიტერატურული კრიტიკა, მოგონებები, დოკუმენტური პროზა და სხვა. დიდ ინტერესს იწვევს, მაგალითად, ჟურნალისტ  ეკა ტალახაძის მიერ მოძიებული გადაცემების ჩანაწერები, რომელიც რუბრიკის  – ,,ეფემერა“ ქუდის ქვეშ ქვეყნდება.  ეს გახლავთ უნიკალური საარქივო მასალა, რომელსაც მკითხველი ინტერესით ეცნობა.

,,ჩვენი მიზანია, ჟურნალი იყოს „ცოცხალი“, წარმოაჩინოს თანამედროვე ლიტერატურული პროცესები და სხვა მიმართულებები. მაგალითად,  ახლახან  საუნივერსიტეტო ფილმების ავტორთან, ნინო კაკულიასთან ერთად შევთანხმდით და გვინდა – გადაცემა ,,უნივერსიას“ ფარგლებში გაკეთებული ფილმების ტექსტური ვარიანტიც დავბეჭდოთ ჟურნალში. ეს ფილმები ასახავდა უნივერსიტეტის დღევანდელ ყოფას მისი საუკეთესო პროფესორების მოღვაწეობის მაგალითზე. აუდიომასალა ძალიან ძვირფასია, მაგრამ მკითხველისათვის ამ მასალის ტექსტური ფაილებიც არ იქნება ინტერესმოკლებული. ამიტომ გადავწყვიტეთ ყოველ ნომერში მკითხველს ამ ფილმების თითო ბეჭდური ვერსია შევთავაზოთ“, – აღნიშნავს ალმანახის  მთავარი რედაქტორი გიორგი ლობჟანიძე.

Facebook
Twitter
LinkedIn