ნინო კაკუშაძის მოლოდინები თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისგან
ნინო კაკუშაძემ თბილისის მე-9 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლის გაგრძელება თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე გადაწყვიტა. მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა და რეიტინგით ერთ-ერთი პირველია ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით.
„ჩემი ორიენტაცია მიმართული იყო იმისკენ, რომ უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით მიმეღო. საბედნიეროდ, მათემატიკის პედაგოგმა მირჩია შესაბამისი ფაკულტეტები, რომელთა შორისაც ლიდერობდა ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა. მეც არჩევანი მასზე შევაჩერე. წარმატებით ჩავაბარე მისაღები გამოცდები და დღეს უკვე სტუდენტი ვარ. ვფიქრობ, რომ წარმატებას გაწეული შრომა განაპირობებს. შეიძლება ითქვას, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა“, – ამბობს ნინო და იმედი აქვს, რომ საკუთარი არჩევანი მომავალში დიდ პროფესიულ წარმატებებს მოუტანს.
„რაც შეეხება მოლოდინებს, დარწმუნებული ვარ, რომ არამარტო შევძლებ დავეუფლო ამ პროფესიას, არამედ წარმატებულ, საინტერესო და მიზანდასახულ ადამიანებთან ინტერაქციით პროფესიულად და პიროვნულად განვვითარდები“, – აღნიშნავს ნინო და მომავალ სტუდენტებს, რომლებსაც ამ პროგრამაზე მოხვედრა სურთ, ურჩევს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მათემატიკისა და ინგლისურის საგნების კარგად შესწავლას: „ამ საგნებში მყარი საბაზისო ცოდნა პროგრამაზე მოხვედრის საწინდარია“, – ამბობს ნინო კაკუშაძე, რომელიც თავისუფალ დროს ლიტერატურის კითხვასა და გემოვნებიანი მუსიკის მოსმენას უთმობს.
„დღეს ჩემი მიზნების ვექტორი მიმართულია ეკონომიკის სფეროში პროფესიული განვითარებისა და წარმატებული კარიერის შექმნისკენ“, – აცხადებს ნინო, რომელმაც ღირსეულად შეაღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი და, იმედია, ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სამაგალითო სტუდენტიც იქნება.