რას უმიზნებს პირველკურსელი მარიამ გარუჩავა?

თარიღი: 2023-09-18 19:37:29

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად მაღალრეიტინგულ პირველკურსელად დასახელებული მარიამ გარუჩავა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა და აპირებს ამავე განხრით გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები; კერძოდ კი ადვოკატურას უმიზნებს.

რატომ აირჩია თსუ? – ამ კითხვაზე მარიამს ასეთი პასუხი აქვს: ,,უნივერსიტეტი ავირჩიე უამრავი მიზეზის გამო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოს პირველი უნივერსიტეტია, შესაბამისად, პროფესიონალიზმი გარანტირებულია.

არაერთი ადამიანის რეკომენდაციით, ჩემი ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკეთესო არჩევანია სწავლების ხარისხითა და მრავალწლიანი გამოცდილებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე დავაყენებდი იმ უნივერსიტეტს, რომელსაც წარმატებული ადამიანების ჩამოყალიბების საუკუნოვანი ისტორია აქვს“.

მარიამ გარუჩავას დიდი მოლოდინები აქვს. დარწმუნებულია, რომ თსუ-ში მას გამოცდილი, საკუთარ საქმიანობაში უნაკლო და მხარდამჭერი ადამიანები დახვდებიან, რომლებისთვისაც უპირატესია სტუდენტების სწავლის ხარისხის ამაღლება და მათგან მათი საუკეთესო ვერსიის გამოძერწვა. ასევე დარწმუნებულია, რომ პროფესიონალებთან ურთიერთობა წაახალისებს მეტის კეთებისკენ, რათა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეს. ,,ეჭვიც არ მეპარება, რომ პროფესიული წინსვლისა და განვითარების მხრივ თსუ-სგან უდიდეს მხარდაჭერასა და ცოდნას მივიღებ, რაც მომცემს საშუალებას კარიერული წარმატებისთვის საფუძველი შევიქმნა. უნივერსიტეტთან მიმართებით არაერთი მოლოდინი მაქვს ამ მხრივ და ვიცი, რომ ამ არჩევანს არ ვინანებ“, – ამბობს მარიამი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მარიამ გარუჩავა არ მალავს, რომ სურს – თავი იურისპრუდენციას მიუძღვნას და, შესაბამისად, მისი სამომავლო გეგმებიც ამ სფეროს გარშემო ტრიალებს. ,,ვაპირებ ავითვისო ის განხრები, რაც გამომადგება პროფესიის დახვეწაში. ერთ-ერთი მათგანი უცხო ენების შესწავლაა და ამ მხრივ პროგრესს უკვე მივაღწიე. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი-ორი ენის სწავლა საკმარისია. მიმაჩნია, რომ სამართლის სფერო ერუდიციასთან პირდაპირაა დაკავშირებული  და  გამუდმებით მოითხოვს  ზოგადი ცოდნის ხარისხისა და დონის ამაღლებას. უცხო ენების შესწავლას თან ახლავს მათივე კულტურის შესწავლა და, შესაბამისად, ჩვენგან განსხვავებული ერის წეს-ჩვეულებები და შეხედულებები დადებითად უნდა აისახოს ჩემი, როგორც იურისტის, პროფესიონალიზმზე, რადგან შემეძლება უფრო და უფრო მეტი ადამიანის პერსპექტივიდან შევხედო საკითხს და გავხდე რაც შეიძლება მიუკერძოებელი. ასევე, საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების გასამყარებლად  ვაპირებ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას. ამ ეტაპზე სწავლა ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტულია და აბიტურიენტობის პერიოდშიც ვცდილობდი გარეშე აქტივობებისთვის დამეთმო დრო განვითარებისთვის. ახლაც ასე ვაპირებ. გაცვლითი პროგრამით უცხოეთში განათლების მიღება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩანაფიქრია ჩემს ცხოვრებაში და სწორედ ზემოხსენებული გარეშე აქტივობებით მიღებული გამოცდილებებით ვაპირებ უფრო ფართო ასპარეზზე საკუთარი თავის წარმოჩენას“, – ასეთია მარიამის სამომავლო გეგმები.

მარიამ გარუჩავას მიაჩნია, რომ რადგან პირველკურსელია, ჯერ საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე საკმარის ინფორმაციას არ ფლობს. ამიტომ დაინტერესებულია მეტი ინფორმაციით და ფიქრობს, რომ მომავალ წელს უფრო მეტი მოლოდინები და სურვილები ექნება.

Facebook
Twitter
LinkedIn