უნივერსიტეტის ინიციატივით თბილისში უკვე ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გვაქვს
რამდენიმე წელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქტიური საქმიანობა მიმდინარეობს XIX-XX საუკუნეების ცნობილი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის უკვდავსაყოფად. აქ 2019 წლიდან მუშაობს სპეციალური კომისია, რომელმაც არაერთი ღონისძიება მიუძღვნა საქართველოსთვის თავდადებული და უსამართლოდ მივიწყებული პიროვნების საქმეთა პოპულარიზაციას.
ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის უკვდავსაყოფად გაწეული ბოლოდროინდელი მუშაობის შესახებ გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამართლის ისტორიისა და თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა ფერაძე:
– ბატონო გოჩა, თავდაპირველად გვინდა მკითხველს იმ სიახლის შესახებ ვუამბოთ, რომელიც თქვენი ჯგუფის ინიციატივას მოჰყვა…
– მოხარული ვარ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, კეთილ ტრადიციად დამკვიდრდა ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადების დღეს, 16 სექტემბერს, უნივერსიტეტის საზოგადოების წინაშე ერთგვარი ანგარიშით წარვდგეთ საუკუნის განმავლობაში დასავიწყებლად გამეტებული დიდი მამულიშვილის, პოლიტიკური ემიგრანტის სახელის უკვდავსაყოფად გაწეული სამუშაოს შესახებ. თქვენი გაზეთის მეშვეობით ამ ტრადიციას არც წელს დავარღვევთ და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, გახლავთ ის, რომ, უნივერსიტეტის რექტორის ხელმძღვანელობით მოქმედი სამუშაო ჯგუფის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის აგვისტოში დედაქალაქის ისნის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი მიენიჭა.
– გაგვაცანით სამუშაო ჯგუფის მიერ აქამდე განხორციელებული ინიციატივებიც…
– მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ჯგუფი უნივერსიტეტში, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის ირგვლივ გაერთიანებულ ქართველ მეცნიერთა ინიციატივით, ჯერ კიდევ 2019 წელს შეიქმნა იმ დროს უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ გიორგი შარვაშიძის ხელმძღვანელობით და, მიუხედავად არაერთი სირთულისა და კოვიდპანდემიის მძიმე წლებისა, შეიძლება ითქვას, გარკვეულ შედეგებს უკვე მიაღწია. თუ 2019 წლისთვის, ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ავანგარდში მდგომი მამულიშვილის პატივსაცემად საქართველოში მემორიალური დაფაც კი არ გაგვაჩნდა, დღეს უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით და სამუშაო ჯგუფში გაერთიანებულ მეცნიერთა, ხელისუფლების ცენტრალური თუ ადგილობრივი ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონდომების წყალობით გვაქვს არამც თუ მემორიალური დაფა, არამედ ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის საჯარო სკოლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მის მშობლიურ სოფელ თოხლიაურში; თავად ქ. საგარეჯოში ქუჩა ატარებს ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელს; უნივერსიტეტის კედლებში უკვე გაიმართა ორი დარგთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია – მიძღვნილი ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი, გამოიცა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების კრებული, რომელშიც, სხვადასხვა დარგის ღვაწლმოსილი თუ ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, წარმოჩენილია დიდი მამულიშვილის როგორც ქართველი ხალხის, ისე, ზოგადად, კაცობრიობის წინაშე დამსახურებების ამსახველი აქამდე უცნობი ეპიზოდები. ასევე მოეწყო დიდი მამულიშვილის დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა როგორც თბილისის, ასევე, გორისა და ბათუმის უნივერსიტეტებში. გასული წლის სექტემბერში გამოფენას სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით საკუთარ რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. ორბელიანების სასახლეშივე შედგა ვარლამ ჩერქეზიშვილის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ფოსტის მიერ 20 000-იანი ტირაჟით გამოცემული საფოსტო მარკის წარდგენა.
გასულ წელსვე გადავწყვიტეთ დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის დიდი მამულიშვილის სახელის მინიჭების თხოვნით დედაქალაქის საკრებულოსთვის მიგვემართა. ამ ინიციატივას აქტიურად დაუჭირა მხარი მაშინ ჯერ კიდევ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვარლამის ღვაწლის დიდმა დამფასებელმა, ბატონმა ჯაბა სამუშიამ და, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ეს ერთობლივი ძალისხმევა სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით დასრულდა.
შესანიშნავად ვაცნობიერებთ, რომ იმასთან შედარებით, რასაც საქართველოსთვის თავდადებული მამულიშვილი შთამომავლობისგან (ვარლამს და მის ჰოლანდიელ მეუღლეს ფრიდა რუპერტუსს შვილი არ ჰყოლიათ) იმსახურებს, ცოტაა, მაგრამ მთავარია, რომ მოძრაობა ამ მიმართულებით დაწყებულია და მისი მოთავე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.
ამჯერად მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 177-ე წლისთავი და, უნივერსიტეტში ყველა კეთილი წამოწყების გვერდში მდომი გაზეთის – „თბილისის უნივერსიტეტის“ მეშვეობით, მადლობა გადავუხადო ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს, საკრებულოს წევრებს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თითოეულ წევრს, მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო ვარდოსანიძეს, ამავე კომისიის სამდივნოს უფროსს, ბატონ მამუკა ბალიაშვილს, ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ კახაბერ ლაბუჩიძეს და საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს, ვისი აქტიური მხარდაჭერითაც ამ საიუბილეო დღეებში თბილისს ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა შეემატა.
– კიდევ რა სიახლე გვაქვს, რას გვეტყოდით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?
– ცხადია, ქუჩის სახელდება ეს არ არის ერთადერთი რისი გაკეთებაც შევძელით ამ ერთი წლის განმავლობაში. კერძოდ, აქტიურად ვმუშაობთ მეორე დარგთაშორისი სამეცნიერო კონფერენციის მასალების ამსახველი კრებულის გამოცემაზე, ვარლამ ჩერქეზიშვილის ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ ენებზე გამოცემულ და უკვე საყოველთაო აღიარების მქონე შრომების თარგმნასა და გამოქვეყნებაზე. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე ამ წიგნების დიდი უმრავლესობა ჯერ-ჯერობით თარგმნილი და გამოცემული არ არის. საქართველოში ისინი მხოლოდ ფრაგმენტულად თუ იბეჭდებოდა ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში გამომავალ ისეთ პერიოდულ გამოცემებში, როგორიც იყო „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „ნობათი“ და სხვა.
დიდი სამუშაო გასწია ამ თვალსაზრისით თსუ-ს პროფესორმა, ბატონმა დიმიტრი შველიძემ. მან 2011 წელს მაგისტრანტთა ჯგუფთან ერთად გამოსცა გაზეთებში – „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“ 1893-1904 წლებში გამოქვეყნებული ვარლამ ჩერქეზიშვილის წერილების კრებული. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ვარლამის მიერ საზღვარგარეთ თითქმის ყველა ევროპულ ენაზე გამოცემული წიგნების დიდი უმრავლესობა დღემდე ჩვენი საზოგადოებისთვის უცნობია. ეს მაშინ, როდესაც ვარლამ ჩერქეზიშვილი შესაძლოა პირველი ქართველი ავტორი აღმოჩნდეს, ვისი შრომებიც, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, თარგმნილია ჩინურ, იაპონურ ენებზე. მათი დიდი ნაწილი პირადად მაქვს ნანახი როგორც ქ. ვაშინგტონში კონგრესის ბიბლიოთეკაში, ისე ლონდონსა და ოქსფორდში, შესაბამისად, ბრიტანეთისა და ბოდლიანის ბიბლიოთეკებში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
მე და ჩემს კოლეგებს – საქართველოში ანარქისტული მოძრაობის პირველმკვლევრებს, ქალბატონებს: თამარ გვიანიშვილს, ნატა დავლაშერიძეს, ღვაწლმოსილ ქართველ მეცნიერებს, პროფესორებს: ელდარ ბუბულაშვილს, პაატა გერგაიას, რუსუდან დაუშვილს, ნუგზარ სურგულაძეს, აკაკი ყულიჯანიშვილს, ოთარ ჯანელიძეს ხშირად გვაქვს მსჯელობა გაერთიანებული სამეფოდან ვ. ჩერქეზიშვილის ფერფლის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე. არის აზრთა სხვადასხვაობაც. მაგრამ ერთ საკითხში ყველანი ვთანხმდებით – მისი ნეშტი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. ასევე უნდა დაბრუნდეს მისი უმდიდრესი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, გაიზარდოს მისი ცნობადობა არამარტო აკადემიურ წრეებში, არამედ ფართო საზოგადოებაში. ეს კი, მერწმუნეთ, გაცილებით რთული საქმეა, ვიდრე ჩემ მიერ, თუნდაც 10-წლიანი ძებნის შემდეგ, მრავალმილიონიან ლონდონში ვარლამის ფერფლით პატარა ლითონის ყუთის მოძიება (2021 წლიდან ინახება თსუ-ს მუზეუმში), ან თუნდაც აწ უკვე ქართული მარმარილოსგან დამზადებულ სარკოფაგში გადასვენებული დიდი მამულიშვილის ფერფლის ლონდონიდან საქართველოში ჩამოტანა.
მიმდინარე წლის დასაწყისში წარმატებული გამოდგა ჩემი ქალიშვილის, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტის, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლის გულიკო ფერაძის (საბედნიეროდ, მანაც ქართველოლოგიაში არჩია დარჩენა) ვიზიტი ქ. ამსტერდამში, სოციალიზმის ისტორიის საერთაშორისო ინსტიტუტში. აქ ვარლამისა და მისი თანამებრძოლების, საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის აღიარებული ლიდერების შესახებ ბევრი, უაღრესად საინტერესო მასალაა დაცული. მათ შორის, ნაპოვნი იქნა ვარლამის დღემდე ცნობილი ყველაზე ადრინდელი, ჯერ კიდევ 1876 წელს გადაღებული ფოტოსურათი, რომელიც გადავწყვიტეთ პირველად სწორედ უნივერსიტეტის გაზეთის მეშვეობით გავაცნოთ ფართო საზოგადოებას.
კიდევ ერთი, ჩემი აზრით, მართლაც გასაოცარი დოკუმენტი მინდა გაგაცნოთ, რომელიც შესანიშნავმა მეცნიერმა, თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილემ დავით სართანიამ მომაწოდა. ეს გახლავთ უნივერსიტეტის პირველი რექტორის, პროფესორ პეტრე მელიქიშვილის სამადლობელი წერილი ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი. მიგვაჩნია, რომ დასახელებული დოკუმენტებიდან ის ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ამ გასაოცარი ადამიანის სურვილს (რომელიც ყოველთვის ახასიათებდათ დიდ ერისკაცებს), მომავალ თაობებს სამშობლოშივე ჰქონოდათ საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა. ამ წერილით რექტორი, საკუთარი და უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სახელით, მადლობას უხდიდა ვარლამ ჩერქეზიშვილს და მის მეუღლეს ქართული უნივერსიტეტის ფონდის გასაძლიერებლად უხვი შეწირულობის (1000 მან.) გაღებისათვის.
არანაკლებ საინტერესო გახლავთ თავად ამ თანხის წარმომავლობა. „ქართულ უნივერსიტეტის რექტორს… (ვკითხულობთ ვარლამ ჩერქეზიშვილის 1918 წლის 20 იანვრით დათარიღებულ წერილში) – დიდად პატივცემულო ბატონო პეტრე გრიგორის ძევ! მოგართმევთ რა ამ წერილთან ერთად ათას მანეთის ჩეკს ქართულ უნივერსიტეტის საჭიროებისათვის, ვალად ვრაცხ განვაცხადო შემდეგი: დიდი ხნის ემიგრაციის შემდეგ, სამშობლოში ჩემის დაბრუნების დროს ამიერკავკასიის ქართულმა ბანკმა შემომთავაზა ზემოაღნიშნული ფული იმ პირთაგან, რომელნიც თანაუგრძნობენ ემიგრანტების გაჭირვებულ მდგომარეობას. ამ თანამგრძნობთა ქველობის დიდად მადლიერმა მე მივიღე ის ფული. მაგრამ ჩემდა სასიხარულოდ მე ამ ფულს არც კი მივკარებივარ, რადგან მეგობართა და ნაცნობთა წყალობით მე და ჩემს მეუღლეს საკმაოდ დაჯილდოებული სამუშაო აღმოგვიჩნდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ [გადმოგცეთ იგი] ამ დიდი ხნის ნანატრს, ჩვენს ხალხში ცოდნის და მოქალაქეობრიობის დამნერგველს ქართულ ეროვნულ უნივერსიტეტის ფონდის გასაძლიერებლად“.
არ ვიცი, მერამდენე ვიქნები, ვინც კიდევ ერთხელ აღფრთოვანებით გავიმეორებ დიდი გრიგოლ რობაქიძის სიტყვებს: „აი, ვინ იყო ქართველნო ვარლამ ჩერქეზიშვილი“ და რა სულისკვეთებამ, რა შემართებამ შეაძლებინა ქართველ ხალხს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე 1918 წლის 8 თებერვალს ამ დიდებული საგანმანათლებლო ტაძრის გახსნა.