ანა აბესაძე მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად კვლავ თსუ-ს ირჩევს

თარიღი: 2023-09-18 17:05:26

ანა აბესაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა, სწავლობდა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე და წელს უკვე მაგისტრატურის საფეხურზე კვლავ თსუ-ში ჩაირიცხა. ანა თვლის, რომ თსუ ქმნის ყველანაირ პირობას   კარგი განათლების მიღებისათვის, რაც მისთვის  მთავარია. ,,უნივერსიტეტმა მომცა ღრმა, საფუძვლიანი ცოდნა, ასევე,  სხვადასხვა სტუდენტურ პროექტსა თუ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისა და გამარჯვების შესაძლებლობა;  შემძინა მეგობრები, ნათლად დამანახა ადამიანური ღირებულებები… იყო უნივერსიტეტელი, ეს არის  უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც საამაყოცაა და, ამავე დროს, ვალდებულებაც – იყო ღირსეული კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე“, – ამბობს ანა.

რამდენად მოსწონს თავისი პროფესია, რომელიც აირჩია? – ამ კითხვაზე ანა გვპასუხობს, რომ ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში გაუჩნდა სურვილი ტურიზმის მიმართულებით გაეღრმავებინა ცოდნა და სურს, რომ აქცენტი გადაიტანოს კვლევაზე,  რადგან მიაჩნია, რომ ტურიზმი რეალურად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებაა.

რა ინფორმაცია ესმოდა და ესმის თსუ-ზე მშობლებისგან, რომლებიც თსუელები არიან? რამდენად იქონია გავლენა მის არჩევანზე მშობლების სიტყვებმა? – ეს არის კითხვა, რომელსაც ანა არ გაურბის და ამაყად აცხადებს, რომ მისი ორივე მშობელი უნივერსიტეტელია. ისინი ამჟამადაც მუშაობენ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქედან გამომდინარე, კარგად  იცის – რას ნიშნავს და რამდენად ღირებულია მათთვის უნივერსიტეტი, რადგან მთელი მათი შეგნებული ცხოვრება უნივერსიტეტს უკავშირდება. ,,სკოლის დამთავრებისას, როდესაც  სწავლის გაგრძელებისათვის რომელიმე უნივერსიტეტი უნდა ამერჩია,  დიდხანს არც მიფიქრია… პრიორიტეტი თსუ-ს მივანიჭე. ეს იყო მთლიანად  ჩემი არჩევანი, რაზეც, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია  ოჯახის ტრადიციამაც“, – აცხადებს ანა აბესაძე.  

დედასთვის – ნინო აბესაძისთვის, რომელიც თსუ-ში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასწავლის, სტუდენტის გადმოსახედიდან არასდროს არაფერი ურჩევია, რადგან თვლის, რომ დედა, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის იცავს სტუდენტების პოზიციას, დგას მათ გვერდით, ანგარიშს უწევს მათ აზრს  და ა.შ.

ანა აბესაძეს ფაკულტეტზე ყველა მისი პედაგოგი უყვარს, მაგრამ თავისი ლექტორებიდან განსაკუთრებით გამოარჩვეს მერაბ ხოხობაიას, მამუკა ხუსკივაძეს, ვასილ კიკუტაძეს, ინეზა ვაწაძეს,  ვალერი არღუთაშვილს, აკაკი მიქაბერიძეს, ნინო ფარესაშვილს, ნანული ოქრუაშვილს და ნინო მამარდაშვილს. იგი თვლის, რომ მათი სტუდენტებისადმი დამოკიდებულება, სწავლების მეთოდები და პროფესიონალიზმი განსაკუთრებით აღსანიშნია.

მისი მოლოდინები დიდია. ელის, რომ გაიღრმავებს თეორიულ ცოდნას, რაც პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად განუმტკიცებს პროფესიულ უნარებს. ,,ალბათ იქნება ახალი სტუდენტური პროექტები, კონფერენციები, სემინარები… ეს ახალი ეტაპია  ჩემს ცხოვრებაში, ჩემს პროფესიულ განვითარებაში“, – ამბობს ანა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მისი ნათქვამიდან გამომდინარე, იგი აპირებს მონაწილეობა  მიიღოს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ,,ერაზმუს +“ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებულ სხვადასხვა კონკურსში; მაგისტრატურის დასრულების შემდეგ კი ფიქრობს სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას.

Facebook
Twitter
LinkedIn