ქართველი მეცნიერები ნევშეჰირის უნივერსიტეტში
1-2 სექტემბერს ქალაქ ნევშეჰირის ჰაჯი ბექთაშ ველის უნივერსიტეტში (თურქეთის რესპუბლიკა) ჩატარდა კაპადოკიის I საერთაშორისო ELT კონფერენცია – CapELT-2023.
კონფერენცია თემატურად მრავალფეროვანი იყო. მასში მონაწილეობდნენ ლინგვისტები სხვადასხვა ქვეყნიდან და განიხილავდნენ ინგლისური ენის სწავლების, სამეცნიერო კვლევის შედეგების ინგლისურ ენაზე გადატანისა და გავრცელების პრობლემურ საკითხებს.
ქართველმა მეცნიერებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევრებმა: რამაზ ქურდაძემ, მაია ლომიამ, ქეთევან მარგიანმა, ნინო ჭუმბურიძემ კონფერენციაზე წარადგინეს რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (#FR-21-352) ფარგლებში მომზადებული ზეპირი პრეზენტაციები.
მათი მოხსენებები შეეხებოდა ქართული უბრალო დამატების და, შესაბამისად, უბრალო დამატებითი დამოკიდებული წინადადების ინგლისურად სწავლების პრობლემატურ საკითხებს, სამი ტიპის პირობით-შედეგებით ჰიპოტაქსურ კონსტრუქციას ქართულში და ინგლისურ შესატყვისთა თავისებურებებს. მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მსმენელების მხრიდან იყო საინტერესო კომენტარები, გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა ენობრივი მონაცემების ტიპოლოგიაზე.
„ნევშეჰირის უნივერსიტეტში მსგავსი სამეცნიერო კონფერენცია პირველად გაიმართა. კონფერენცია ძალიან საინტერესო თემატიკით გამოირჩეოდა და მასზე მაღალი დონის მოხსენებები იქნა წარმოდგენილი.
მასპინძლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული ენის თავისებურებებით და ეს მოხსენებების შემდგომ გამართულ დისკუსიასაც ეტყობოდა.
ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ქურდაძემ მათთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც დასახა და უნივერსიტეტის პროფესურა თბილისშიც მოიწვია“, – გვითხრა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა მაია ლომიამ.
კონფერენცია ჰიბრიდული იყო და მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ონლაინ მონაწილეობდნენ ქართველი მეცნიერები: ასოცირებული პროფესორი რუსუდან ზექალაშვილი, დოქტორი ნატო ახალაია და სხვ.
საერთაშორისო კონფერენციის დასასრულ, ქართველ მეცნიერებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ქართველ მეცნიერთა ნაშრომები სრულად კონფერენციის მასალების წიგნში გამოქვეყნდება.