გიორგი გიგაევი ადამიანებთან „პოეზიის ენით“ ურთიერთობს

თარიღი: 2023-06-29 15:42:30

გიორგი გიგაევი საქართველოს ულამაზესი და ისტორიული კუთხიდან – ჯავახეთიდან არის, იქ გაიარა მისმა ბავშვობამ…   ქალაქ  ნინოწმინდის N-4 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ კი,  2021 წელს, ოცნება აიხდინა და თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტი გახდა. როგორც თავად ამბობს, ისტორია ბავშვობიდან ყოველთვის განსაკუთრებულად  უყვარდა, მადლიერებით მოიხსენიებს თავისი სკოლის პედაგოგს – ბესო პაპასქუას, რომელმაც მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა. „ბატონი ბესო იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და სიმხნევეს მმატებდა; ცოდნის გადმოცემის გარდა, მისგან კარგი და სასარგებლო ცხოვრებისეული გაკვეთილიც მივიღე“,  – ამბობს გიორგი გიგაევი.

უნივერსიტეტში გატარებული წლები გიორგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამბობს, რომ იმედები გაუმართლა და საფუძვლიან ცოდნას იღებს. „იმის შეგრძნება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, სიამაყით მავსებს; ხარბად ვაგროვებ ჩემს ყველა ემოციას, რაც ამ საუკეთესო წლებს უკავშირდება; ყოველი დღე სიახლეებით არის სავსე და, რაც მთავარია, საშუალება მეძლევა  – აქტიურად ჩავერთო ლიტერატულურ პროცესებში“.

 პოეზიის სიყვარულიც გიორგის ბავშვობიდან მოჰყვება, განსაკუთრებით „ცისფერყანწელების“, გალაკტიონის, ტერენტი გრანელის, ოთარ ჭილაძის ლექსები უყვარს.  ლექსებს თავადაც წერს, მისი ლირიკული გმირი თავის განცდებს და ემოციას სხვადასხვაგვარად გამოხატავს, დაუფარავად გადმოსცემს თავის განცდებს და ემოციებს: „წერა დავიწყე  მაშინ, როცა საკუთარი იდეების და განცდების  ხმამაღლა გადმოცემა მიჭირდა, ან/და, არ მინდოდა… ეს ყველაფერი პიროვნულ განვითარებასთან ერთად თავისით მოვიდა და დარჩა. ჩემთვის პოეზიის მნიშვნელობა განუზომელია, რადგან, მგონია, რომ „პოეზიის ენით“ უფრო ადვილია ადამიანების გულამდე მივიტანო ჩემი გრძნობები და ემოციები“,  – ამბობს გიორგი.

გიორგი გიგაევი  პარალელურად ინგლისურ ენას ასწავლის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრში, თბილისში, City.clc-ში. მიაჩნია, რომ პიროვნული განვითარებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. სამომავლო გეგმებიც თავის პროფესიას და პოეზიას უკავშირდება. „ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია, თუ საჭირო სიყვარული და მონდომება გაგაჩნია. იმისთვის, რომ  იყო საინტერესო მწერალი და ადამიანი, უნდა ოცნებობდე და გჯეროდეს რაიმე დიადის შექმნაზე… ამიტომ გავაგრძელებ ამ კუთხით განვითარებას“,  – ამბობს გიორგი გიგაევი.

Facebook
Twitter
LinkedIn