დავით ნასყიდაშვილი: „წარმატება საკუთარი თავის პოვნა და მიღებული ცოდნის რეალიზებაა“
მისი ცხოვრება დღეს ზღაპარს ჰგავს – ნამდვილ ზღაპარს, რადგან ბავშვობაში, როცა რედიარდ კიპლინგის „მაუგლი“ წაიკითხა, წარმოსახვაში მანაც გაირბინა ინდოეთის ჯუნგლები თავისი შერხანით, კაათი და ბაგირათი. მაშინ რას იფიქრებდა, რომ ვეფხვები გვერდით ჩაუვლიდნენ და, საქმეში გართული, მათ ვერც შეამჩნევდა… საქმე კი შრომის, სწავლისა თუ გულმოდგინეობის შედეგად სტუდენტობიდან მოსდევს – მისი ბიოგრაფიული ელემენტები საინტერესო დეტალებითაა დატვირთული.
დავით ნასყიდაშვილზე გიამბობთ… თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების დოქტორანტზე, რომელმაც საკმაოდ მცირე დროში მოასწრო მსოფლიოს წამყვან არქეოლოგებთან მუშაობა და სამეცნიერო ბიოგრაფიის შექმნა.
რა გზა გაიარა თსუ-დან ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტებამდე დავით ნასყიდაშვილმა და როგორ აღმოჩნდა ინდოეთის ზღაპრულ სამყაროში, ის თავად გვიამბობს:
არჩევანი
თბილისში დავიბადე და სკოლაც აქ დავამთავრე. წარმოშობით მესხეთიდან ვარ, ასპინძის რაიონიდან. ჩემი სოფელი ვარძიასთან ძალიან ახლოსაა. არქეოლოგიისადმი ინტერესი საიდან გამიჩნდა, ზუსტად არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ერთი რამ – ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ჰობი და პროფესია ერთმანეთს ემთხვევა და საბოლოოდ ისტორიული ძეგლებისადმი სიყვარულმაც დიდად განაპირობა ჩემი საქმიანობა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წელს ჩავაბარე. აქვე გავიარე მაგისტრატურა და ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით ესპანეთში – კადისის უნივერსიტეტშიც ვისწავლე. შემდეგ ჩამოვედი და დავიწყე მუშაობა ლაბორანტის და პროფესორ-ასისტენტის თანამდებობაზე. ამავე პერიოდში ვთანამშრომლობდი და საერთო პროექტები მქონდა ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებთან.
არქეოლოგიურ გათხრებზე ვიმუშავე არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც – ედინბურგის უნივერსიტეტთან ერთად ვმუშაობდი საქართველოში, ირანსა და ომანში. ამის შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთობლივ პროექტში ჩავერთე აზერბაიჯანში, მეტროპოლიტენის მუზეუმთან ერთად კი – თურქმენეთში. ამჯერად იუნესკოს მიმდინარე გრანტი მაქვს კემბრიჯის უნივერსიტეტთან ერთად პროექტზე, რომელიც აბრეშუმის გზას უკავშირდება – ამ გრანტის ფარგლებში, ჩემს საცოლესთან ერთად, სამხრეთ ყაზახეთსა და უზბეკეთში ვაწარმოებ გათხრებს. ამასთანავე, დიდხანს, წინა წლამდე, კვიპროსზე ვიმუშავე თსუ-ს პროექტში, რომელსაც პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობდა.
ცოტა გული მწყდება, რომ, რომელმა რეგიონმაც გამიღვივა არქეოლოგობის სურვილი (ვარძიამ, თმოგვის ციხის სიყვარულმა…), იქ არ ვმუშაობ. ამიტომ ყოველთვის ვფიქრობ, თუ იქნება მომავალში შესაძლებელი, აქ უნდა დავბრუნდე საერთაშორისო გამოცდილებით და ვიმუშაო.
დარიალის ციხის მითოსური ანარეკლი და ისტორიული შესაბამისობა
საქართველოში, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო შთამბეჭდავი ძეგლი, რომელზეც მიმუშავია, იყო გრაკლიანი გორა. ასევე მიმუშავია დარიალის ციხეზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული წერტილია საქართველოს ხეობაში. ესაა ციხე-სიმაგრე, რომელიც ამ ვიწრო ხეობას კეტავს და იმდენად ლეგენდარული ციხე იყო, რომ მას სხვადასხვა რომაელი, ბერძენი, არაბი ავტორი მიმოიხილავს და კასპიის კარსაც უწოდებს. ის, გარკვეულწილად, ყურანშიც არის არეკლილი – დაწერილია: თუ გოგ-მაგოგი (არაბულად აჯუჯ-მაჯუჯი) კასპიის კარს გადმოლახავს, მაშინ იწყება აპოკალიფსი მსოფლიოში. ეს ყველაფერი ამ ციხის მითოსური ანარეკლია, თუმცა ის ისტორიულადაც უმნიშვნელოვანესი წერტილი იყო ქართველებისთვის – აქ აკავებდნენ ჰუნებს, ხაზარებს და ყველა სხვა სტეპურ-მონღოლურ ცივილიზაციას, რომლებიც ჩრდილოეთიდან მოდიოდა. ეს ქართულ ფოლკლორსა და ისტორიაშიც ჩანს.
სწორედ ამ ხეობაზე ვმუშაობდით ERC-ის (European Research Council) გრანტით. მაშინ თსუ პარტნიორობდა ედინბურგის უნივერსიტეტთან. სხვადასხვა პარტნიორი გვყავდა გერმანიიდან და საფრანგეთიდანაც, მაგალითად, ლუვრიდან (მათთან ერთად განვახორციელეთ საკმაოდ ფართომასშტაბიანი, რამდენიმე მილიონიანი პროექტი, რომელსაც „ირანი და მისი სამეზობლო“ ერქვა და ვიკვლიეთ სასანური დინასტიის საზღვრები). ბევრ მეცნიერს უთქვამს და მეც ვიზიარებ, რომ საქართველომ სახელი „Georgia” ალბათ ირანელებისგან მიიღო და არა ევროპელებისგან/ბერძნებისგან. ამდენად, ეს სასაზღვრო რეგიონი ნებისმიერი იმპერიისათვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ვინაიდან მათი საზღვრების უსაფრთხოება სწორედ კავკასიონის კედელზე გადიოდა.
ამ გათხრების შედეგად ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გამოვლინდა. იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ ჩვენი ინტერესი არ იყო რაღაც კონკრეტული არტეფაქტის პოვნა, ჩვენ უნდა გვეპოვა ამ ყველაფრის შესაბამისობა ისტორიულ წყაროებთან.
ჩვენ დავათარიღეთ ამ ციხის კედლები – ისინი მე-4 საუკუნის მიწურულს ან მე-5 საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აშენებული. სავარაუდოდ, ეს ემთხვევა ჰუნების კამპანიას სამხრეთით 395 წელს, როდესაც მათ სათარეშო ლაშქრობა მოაწყვეს მახლობელ აღმოსავლეთში და მთლიანად გაანადგურეს ის. ამის შემდეგ სასანური ირანის იმპერიაში გადაწყვიტეს, მომხდარიყო ამ კედლების გამაგრება/აშენება. ამავე კედლებზე ასახულია არაბული ხალიფატის კვალი, როდესაც მუსლიმი ჯარისკაცები ჩადგნენ საკონტროლოდ. ამის მერე უკვე ჩანს, როგორ ხდება ქართველების მიერ ციხის ხელახლა დაბრუნება.
ამ მნიშვნელოვან ქართულ არქეოლოგიურ ძეგლებზე სამეცნიერო კვლევა დაგვირგვინდა ინგლისურ ენაზე შესრულებული ორტომიანი ნაშრომით. წიგნს დართული აქვს უამრავი ილუსტრაცია და მნიშვნელოვანი შედეგების ქართული თარგმანები. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით შესრულებული ერთობლივი, ინტერდისციპლინური ნამუშევარი. დათარიღებები გაკეთებულია ოქსფორდში, პოზნანსა და გლაზგოში, სხვადასხვა პალეოზოოლოგიური კვლევა კი ლუვრის ლაბორატორიაშია გაკეთებული. ანუ, მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციები იყვნენ ჩართულნი ამ კვლევაში. აქედან არა მარტო მე, არამედ სხვა ქართველ არქეოლოგებსაც – დავით გაგოშიძეს, ანა გაბუნიას, კობა კობერიძეს, ლანა ჩოლოღაურს გაგვეხსნა გზა.
საქართველოში ამ პროექტის დასრულების შემდეგ სხვა პროექტებზე გადავერთე, რასაც მოჰყვა ყაზახეთის ექსპედიცია და ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმება. შედეგად, 2026 წლამდე გენტის უნივერსიტეტში ვიმუშავებ.
ყარაყუმისა და ყიზილყუმის უდაბნოებში
სამხრეთ ყაზახეთში, შიმკენტის რეგიონში ვიმუშავე ძალიან მნიშვნელოვან ქალაქზე – ოტრარზე, რომელიც ძველ არაბულ რუკებზე სარაბის სახელითაც შეიძლება შეგვხვდეს. ეს ციხე-ქალაქი მთლიანად ალიზ-აგურისგან არის ნაშენები, რომელიც ახლა დიდ მთად არის გადაქცეული. ჩვენ ამ ქალაქის ურბანიზაციას ვიკვლევთ, მაგრამ მე უკვე სხვა ინტერესიც გამიჩნდა. აქ არის კერამიკის ან აგურის გამოსაწვავი ღუმელების უზარმაზარი, 5-ჰექტრიანი ზონა. ჩვენ გვყავს ერთი საამაყო ქართველი მეცნიერი, რომელიც მექსიკასა და კანადაში მოღვაწეობს – ავთო გოგიჩაიშვილი. იგი ახლა საქართველოშია და გრაკლიანზეც მუშაობს ბატონ ვახტანგ ლიჩელთან ერთად. ავთო გოგიჩაიშვილი ღუმელების თანამედროვე დათარიღების ტექნოლოგიებითაა დაკავებული და ძალიან მნიშვნელოვან კვლევებში იღებს მონაწილეობას. ჩემი ინტერესია ოტრარის ღუმელების ინდუსტრიული ზონა შევისწავლო, ნიმუშები მოვაგროვო ავთო გოგიჩაიშვილისთვის და ცენტრალური აზიის დათარიღების ურბანული ლექსიკონი შევადგინოთ.
„მაუგლის“ „ნაკვალევზე“
ამჟამად ინდოეთში ნილგირის არქეოლოგიურ პროექტზე ვმუშაობ. ეს ჩემთვის ნამდვილად უცნობი რეგიონია. ნილგირის მთიანეთი მდებარეობს თამილ ნანდუს პროვინციაში, უკიდურეს სამხრეთ ინდოეთში. ამ პროვინციას სულ 78 მილიონი მოსახლე ჰყავს, ნილგირის მთიანეთს კი – 700 000. ამ მთიანეთში ცხოვრობს 18 განსხვავებული ტომი, რომლებიც 18 განსხვავებულ ენაზე საუბრობენ. ამ ტომების ადამიანთა რიცხვი 500-დან 3000-მდე მერყეობს, ანუ ეს ენები გაქრობის საფრთხის ქვეშაა, ვინაიდან სკოლებშიც მხოლოდ თამილურ ენებს ასწავლიან.
პროექტი ეხება არქეოლოგიური ძეგლების აღწერას, ფიქსაციას, მათი რუკის შედგენას. ნილგირის მთიანეთი, როგორც ბიომრავალფეროვნების ტერიტორია, შესულია იუნესკოს დაცული ტერიტორიების სიაში. იქ პლასტმასის შეტანაც კი აკრძალულია, პოლიცია ამას მკაცრად აკონტროლებს. რა თქმა უნდა, ცხოველების მოკვლაც აკრძალულია. ამ მთიანეთში მრავალი არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს, რომლებიც შესწავლილი იქნა ბრიტანელი კოლონიზატორების მიერ მე-19/მე-20 საუკუნეში. ამ პერიოდში აქტიურად ხდებოდა სამარხების გათხრები, რომლებიც ძალიან მოგვაგონებს ქართულ ყორღანებს. ცხადია, გათხრების უმრავლესობა მე-19 საუკუნეშია ჩატარებული, განსხვავებულია მეთოდოლოგია, არეულია თარიღები. ამ არქეოლოგიური მასალის უმრავლესობა ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.
ჩემი მიზანია ბრიტანელების მიერ შექმნილი ძველი რუკების გეორეფერენსირება, რათა ვიპოვო ადგილები და მოვახდინო იმ ძეგლების ლოკალიზაცია, საიდანაც მასალებია წამოღებული. ასევე, ვნახო ახალი ძეგლები, თუ არის ამის შესაძლებლობა, ვინაიდან მთიანეთში გაუვალი ტყეებია – 10-15 კაცი ვიბრძვით ხოლმე, რომ ჯუნგლებში გავიაროთ.
ცალკე უნდა გამოიყოს რეგიონის ფლორა და ფაუნა. ამ ოთხ თვეში ტყეში სიარულით უამრავი ცხოველი ვნახე, რომლებიც აქამდე არც კი შემხვედრია. მათ შორის, რეალურად ორი ცხოველია ძალიან საშიში და უნდა ეცადო, რომ 30-40-მეტრიანი დისტანცია შეინარჩუნო. ესენია – სპილო და ბიზონი. რაც შეეხება ვეფხვს, ის ნაკლებადაა საშიში, ვინაიდან თავადაც იცის, რომ შენ საფრთხე ხარ. მასთან შეხვედრისას რეინჯერების პირველი რეკომენდაციაა, რომ არ უნდა დაჯდე, რათა ვეფხვმა შენი ზომა და მასშტაბი აღიქვას. აუცილებლად უნდა აჩვენო, რომ ადამიანი ხარ – ხელები უნდა გაშალო. საშიშია წითელი მგელიც, თუ ჯგუფთან ერთადაა.
აქვე საინტერესო გადახვევა მინდა გავაკეთო: იმ ტომებიდან, სადაც ვცხოვრობდი, ერთ-ერთი არის ბადაგას ტომი. აქედანაა წარმოშობით ძალიან ცნობილი მსახიობი – საი პალავი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა და ქართულად საუბრობს. მისი მამაც გავიცანი. ბადაგას ტომში სულ 3000 კაცია და ამ მსახიობის სახელი და საქართველო იქ ყველამ იცის.
ინდოეთში პროექტი მთავრდება 2026 წლის ბოლოს. საბოლოოდ ჯგუფური ნაშრომები, სტატიები დაიბეჭდება, გამოვა 2-3-თავიანი წიგნი. მე, ალბათ, რამდენიმე ნაწილს გადავაგზავნი. რადგან ამ ძეგლის სააღრიცხვო მონაცემებსაც ვაწარმოებთ, ეს მონაცემებიც დაერთვება იუნესკოს ბიომრავალფეროვნებას. ასახული იქნება მისი კულტურული მემკვიდრეობა და ლანდშაფტური ცვლილებებიც, ვინაიდან მე-19/მე-20 საუკუნის რუკები აშკარად შეცვლილია და მსურს, ესეც იყოს დაფიქსირებული.
ამ პროექტში ჩემთან ერთად არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: ექსპერიმენტული არქეოლოგიის სპეციალისტები, ლინგვისტები, მეტალურგები. პროექტში 4 უცხოელი ვართ ჩართული, ჩვენთან ერთად კი 12-13 ინდოელი სპეციალისტი მუშაობს. კვლევა იმდენად კომპლექსურია, რომ ახლაც შიში მაქვს – შევძლებ თუ არა, რომ ამ საქმიანობის ჩემი ნაწილი დავასრულო.
ახლა ორი თვით ბრიტანეთში ვაპირებ წასვლას, რადგან ბრიტანეთის მუზეუმში ის კოლექციები აღვრიცხო, რომლებიც ამ რეგიონიდანაა მოხვედრილი. ასევე, უნდა შევისწავლო კემბრიჯში დაცული რუკების დიდი კოლექცია. ჩემი საცოლეც კემბრიჯის უნივერსიტეტში მუშაობს, ჩემზე ხარისხითაც და მეცნიერულადაც წინ არის. იგი შოტლანდიელია და ვარძიის გათხრებზე გავიცანი.
თსუ და არქეოლოგიის ხიბლი
სადოქტოროს ვიცავ თსუ-ში ქალაქ ფაზისის ლოკალიზაციასთან დაკავშირებით. თემის სათაური, რომელიც საბჭომ უკვე დაადასტურა, არის – „ფაზისის ქვეყანა: დისპერსიული ურბანიზაცია ანტიკურობიდან გვიან შუასაუკუნეებამდე“. ძალიან მინდა, რომ დისერტაცია სექტემბრამდე დავიცვა.
ჩემი აზრით, რაც ჩამოვთვალე და რა წარმატებაც მქონია, ყველაფერი თსუ-დან მოდის. მე ვიყავი პირველი თაობა ვარძიის კონფერენციისა, რომელიც მეთხუთმეტედ ტარდება. ამ გადმოსახედიდან თითქოს მრცხვენია კიდეც იმის, რაც მაშინ წავიკითხე, ვინაიდან მას შემდეგ ბევრად გავიზარდე. სტუდენტებს, რომლებიც პირველ, მეორე, მესამე კურსზე არიან, დღეს ბევრად უკეთესი ნაშრომები გააქვთ კონფერენციებზე. ალბათ ყველაფერი, გარკვეულწილად, მაინც გამართლებაზე არის – როდის სად მოხვდები, თუმცა, შრომა ბევრს ნიშნავს.
ჩვენთან 25 სტუდენტი სწავლობს, არქეოლოგიაზე. 25-ვე არქეოლოგი ვერ გამოვა, რა თქმა უნდა. ასევეა ოქსფორდშიც. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათ ვასწავლოთ და მივცეთ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრებაშიც გამოადგებათ – ანალიტიკური აზროვნება, ტექნოლოგიური ცოდნა და ა.შ. მაგალითად, აქ ისეთი ტექნოლოგიური ცოდნა შევიძინე – არქიტექტურული ნახაზების შედგენა და გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები, რომ, მგონია, არქეოლოგიაში თუ არა, ამ მხრივ მაინც ვიმუშავებ. ამიტომაც, სტუდენტებმა წარუმატებლობად არ უნდა მიიჩნიონ – თუ არქეოლოგები ვერ გამოვლენ… წარმატება საკუთარი თავის პოვნა და მიღებული ცოდნის რეალიზებაა.