სამეცნიერო კონფერენცია – „თანამედროვეობის მორალური გამოწვევები“

თარიღი: 2023-06-20 18:18:10

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტთა მეექვსე ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია  „თანამედროვეობის მორალური გამოწვევები“ გაიმართა,  რომელიც  ორგანიზებული იყო თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტისა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ. კონფერენცია  თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიური აზროვნების კულტურასა და ფილოსოფიის სწავლებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ფილოსოფიის სწავლება და ფილოსოფიურ პრობლემათა კვლევა, კლასიკური ფორმით – თარგმნა, კვლევა და სწავლება, როგორც ერთიანი პროცესი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთანავე იღებს სათავეს. ჩვენი მიზანია – შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ და განვავითაროთ  ქართული ფილოსოფიური სამეცნიერო სკოლის ტრადიციები და ფილოსოფიური აზროვნების კულტურა, განვახორციელოთ  სწავლება და კვლევა, როგორც საკუთრივ დასავლური ფილოსოფიური, ისე ქართული ფილოსოფიური აზრის მიმართულებით“, – განაცხადა  თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა  ჯაბა სამუშიამ, რომელმაც კონფერენციაზე თსუ-ში  ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს შალვა ნუცუბის ბიუსტის დადგმა დააანონსა და  კონფრენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვა  სამეცნიერო  გზაზე.    

ჩვენ ღირებულებათა გადაფასების ეპოქაში  ვცხოვრობთ. იმსხვრება ძველი და მის ადგილს თანდათან იკავებს ახალი. ეს არის ღირებულებათა გადაფასების პროცესი, რომლის შედეგად მიმდინარეობს  ძველი ეპოქის  გამომხატველი ღირებულებების შეცვლა ახალი ეპოქის შესატყვისი იდეალებით. ეს ის პროცესია, რომელსაც  მოითხოვს საზოგადოებრივი პროგრესი. მეცნიერთა დიდი ნაწილი  მას „დე-მორალიზაციის“ პერიოდსაც კი უწოდებს, თუმცა  ბოლო პერიოდში  გამოიკვეთა  ზნეობრივი ფილოსოფიის ერთ-ერთი სფერო, რომელიც იკვლევს ეთიკური წარმოდგენების გენეზისსა და მნიშვნელობას.  გაიზარდა ინტერესი მორალის პრობლემების კვლევის მიმართაც. ამ თემით დაინტერესდნენ სტუდენტებიც, რომლებმაც კონფერენციაზე საინტერესო და  მრავალფეროვანი თემები წარმოადგინეს:  `ზნეობრივი პრინციპები და ისტორიის რეფლექსიაგამოწვევები მომავლის განათლების ფილოსოფიისათვის~ (მარი სილაგაძე, თსუ-ს ფილოსოფიის მაგისტრი; სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოც. პროფ. ანასტასია ზაქარიაძე);  `სახელმწიფოს რაციონალურეთიკური წარმოშობა გეორგ ვილჰელმ ჰეგელის ,,გონის ფილოსოფიაში (საბა ბულისკერია, ფილოსოფიის მაგისტრანტი, სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოც. პროფ. ირაკლი ბრაჭული); `ბუნება, მორალი და ადამიანის უფლებები ბარუხ/ბენედიქტ სპინოზას ფილოსოფიის მიხედვით~ (ია იაძე, თსუ-ს ფილოსოფიის ბაკალავრიატი, სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფ. დემურ ჯალაღონია);  `მორალური ენა თანამედროვეობის გამოწვევების წინაშე (სიტყვაზანგიცოცხალ მეტყველებაში)~ (ირაკლი მახათაძე, თსუ-ს ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატი, სამეცნიერო ხელმძღვანელი – ფილ. დოქტ. ნინო ბაგრატიონ-დავითაშვილი);  პატარა პრინცისიცოცხლის საზრისის ძიებაში~ (ლუდმილა გელაძე, თსუ-ს ფილოსოფიის ბაკალავრიატი, სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოც. პროფ. ანასტასია ზაქარიაძე, ფილოს. დოქტ. დალი გულიაშვილი);  `აპოლონის კულტიფილოსოფიურზნეობრივი პორტრეტი~ (ელენე ლეკვეიშვილი, თსუ-ს ფილოსოფიის ბაკალავრიატი, სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფ. ლელა ალექსიძე);  `მარტოობის ფენომენი (გადამეტებული სოციალიზაციის არაეთიკური გამოვლინებები)~ (მიხეილ ჩხუტიაშვილი, თსუ-ს ფილოსოფიის ბაკალავრიატი,  სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოც. პროფ. ანასტასია ზაქარიაძე); `ანტინატალიზმი~ (დავით ვადაჭკორია, თსუ-ს ფილოსოფიის ბაკალავრიატი, სამეცნიერო ხელმძღვანელი – ასოც. პროფ. მამია სურმავა) და სხვა.

„სტუდენტთა  სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების იდეა, 6 წლის წინ, ეთიკის სალექციო კურსის დასრულებისთანავე დაიბადა. „თანამედროვეობის მორალური გამოწვევები“ – ასე ჰქვია  კონფერენციას. თემამ იმთავითვე გამოიწვია ინტერესი არა მხოლოდ ფილოსოფიის სტუდენტთა მხრიდან, არამედ სხვა  სპეციალობის  სტუდენტების მხრიდანაც.

კონფერენციის მიზანია  წაახალისოს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობა, ხელი შეუწყოს მოტივირებულ სტუდენტთა  სამეცნიერო მუშაობაში ჩართვას; მათი ანალიტიკური აზროვნების, კვლევითი და  აკადემიური კომუნიკაციის უნარების განვითარებას; ფილოსოფიის, თეოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ახალი თეორიული ცოდნის ფორმირებას; მაღალი ხარისხის  სამეცნიერო კვლევებისთვის სტუდენტთა უნარების მომზადებას. სტუდენტთა უმრავლესობისათვის  ჩვენს კონფერენციაში მონაწილეობა  იქცევა პირველ სამეცნიერო გამოცდილებად“, – აღნიშნა თსუ-ს  ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა  დემურ ჯალაღონიამ.  

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები  დაიბეჭდება  სტუდენტთა  ელექტრონულ ჟურნალში „ზნენი“. მომხსენებელთა  შორის, ტრადიციულად, არა მხოლოდ ფილოსოფიის პროგრამის ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეხვდებოდით,  არამედ   თსუ-ს სხვა სამეცნიერო ინსტიტუტებისა და ფაკულტეტის,   ასევე, სხვა უნივერსიტეტის  სტუდენტებსაც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ბრაჭული, თსუ-ს პროფესორები: დემურ ჯალაღონია და  ანასტასია ზაქარიაძე, მოწვეული სტუმრები და  სტუდენტები. 

Facebook
Twitter
LinkedIn