დიმიტრი შველიძის ახალი წიგნი გამოიცა
ახალი წიგნი „ნაშრომების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია“, რომელიც ახლახან თსუ-ს პროფესორის დიმიტრი შველიძის ავტორობით გამოიცა, ერთგვარ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს იმ კუთხით, რომ მეცნიერმა ტრადიციულ გზას ერთგვარად გადაუხვია და ვრცელი ბიბლიოგრაფიული ნაშრომი წარმოადგინა.
როგორც მეცნიერი წიგნის წინასიტყვაობაში აღნიშნავს, როდესაც მან კრებულის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო, ჯერ სხვა ავტორთა ბიბლიოგრაფიულ ნაშრომებს გაეცნო, სადაც, ტრადიციულად, მხოლოდ ავტორ-მეცნიერთა ნაშრომების მხოლოდ „მშრალი“ ჩამონათვალი იყო შეტანილი – მაგალითად: სათაური, წელი, გამოცემის ადგილი და სხვა.
დიმიტრი შველიძის აზრით, „ამგვარი ფორმა მეტ წარმოდგენას იძლევა მეცნიერის და საერთოდ – ავტორის ნაშრომთა შინაარსისა და მეცნიერული კვლევის შედეგების შესახებ, რადგან მასში ჩანს ამა თუ იმ ნაშრომის არა მარტო მცირე შინაარსი, არამედ კვლევის შედეგები და დასკვნები.
ანოტაცია მხოლოდ ტექსტის შინაარსს მოიაზრებს, ამიტომ შევეცადე წარმომედგინა ტექსტის თუ ნაშრომის სიახლის დასაბუთება და კვლევის შედეგი. ამიტომაც ვუწოდეთ ბიბლიოგრაფიას არა ანოტირებული, არამედ – ანალიტიკური“, – ამბობს დიმიტრი შველიძე.
როგორც წინასიტყვაობაში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა გერგაია განმარტავს: „ნებისმიერი სერიოზული მეცნიერის ბიოგრაფია არ არის მხოლოდ თარიღების, მოვლენების ქრონოლოგიური ჩამონათვალი. ის, პირველ რიგში, მცდელობაა – ბოლომდე გაიაზრო საკუთარი შეხედულებების ტრანსფორმაცია, ჩაწვდე იმ გარემოს, რომელმაც შენზე გავლენა მოახდინა და ასე უანგაროდ ,,კვებავდა” შენს აზროვნებას.
დიმიტრი შველიძე ის მეცნიერია, რომელმაც არაერთი მკვეთრი და განუმეორებელი ფერი შემოიტანა ქართულ ისტორიოგრაფიაში და ქართული საზოგადოებრივი აზროვნების პანთეონში თავისი კუთვნილი ადგილი ღირსეულად დაიმკვიდრა. მის ნაშრომებში ადვილად იკითხება აზრის, ლოგიკის, ემოციისა და ინიციატივის სიძლიერე. გამომდინარე აქედან, დიმიტრი შველიძისეული ტექსტების შეფასება მხოლოდ ერუდირებულ, მეცნიერულად შემზადებულ ელიტას ხელეწიფება. უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი ტექსტების არსებობა სამეცნიერო სივრცეში იმიტომაცაა აუცილებელი და, მათ შორის, მომგებიანიც, რომ ისინი არ არის მხოლოდ წარსულის კონტექსტში განხილული, არამედ დროშიც ემთხვევა არსებულ სინამდვილეს, ანუ ერთგვარ ინტელექტუალურ ,,კოჰაბიტაციაშია” მათთან და, ამდენად, მალევე ხდება მომხდარი მოვლენების ერთგვარი მემატიანე. ეს ტექსტები მუდმივად თანამედროვეა“, – აღნიშნავს პაატა გერგაია.
კრებულში შეტანილი მასალებიდან აღსანიშნავია რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციების მოხსენებები და თეზისები, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმების თეზისები, სხვადასხვა კრებულებში და სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, დისერტაციები, მონოგრაფიები, წიგნები თუ სახელმძღვანელოები, რეცენზიები, საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო კურსების სილაბუსები, საენციკლოპედიო სტატიები, საგაზეთო და სატელევიზიო ინტერვიუები, საიუბილეო სტატიები და სხვა. კრებულს თან ერთვის სახელთა საძიებელი.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიოგრაფიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის, ძველი საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომები. დიდი ადგილი ეთმობა თანამედროვე საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენებისა და მიმდინარე პროცესებისადმი მიძღვნილ სტატიებს, პუბლიკაციებს, ესეებსა და სხვა. როგორც წიგნის ავტორი ამბობს, მკითხველი ყველაფერს დეტალურად „ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიაში“ გაეცნობა.