პროფესორ ელიზბარ ნადარაიასთვის აკადემიკოსად არჩევა არ არის ახალი გამოწვევა

თარიღი: 2023-06-13 20:26:32

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის გამგე, პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ელიზბარ ნადარაია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აირჩია აკადემიის ნამდვილ წევრად სპეციალობით: ინფორმაციის დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი. ,,ეს არ იყო ჩემთვის ახალი გამოწვევა, ვინაიდან მე გახლდით აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 2001 წლიდან. ახალ სტატუსს ჩემთვის არაფერი შეუცვლია – როგორც ვმუშაობდი აქამდე, ასევე ვაგრძელებ მუშაობას“, – ამბობს ბატონი ელიზბარ ნადარაია.

აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება განაპირობა ელიზბარ ნადარაიას მიერ განვლილმა სამეცნიერო გზამ და მათემატიკურ სტატისტიკაში მის მიერ მიღებულმა ფუნდამენტურმა შედეგებმა.

,,მე ვარ უამრავი სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ უცხოურ ჟურნალებში, ვარ მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონფერენციის მონაწილე. ჩემ მიერ მიღებული ფუნდამენტური შედეგები მათემატიკურ სტატისტიკაში ფართოდ გამოიყენება და დღემდე ეძღვნება უამრავი სტატია, რასაც მოწმობს ჩემი ციტირების ინდექსი, რაც შეადგენს რამოდენიმე ათასს“, – აღნიშნა ბატონმა ელიზბარმა, რომელიც თავის სამომავლო გეგმებსაც გვაცნობს.

,,ჩემი სამომავლო გეგმები არ იცვლება, ის ისევ უკავშირდება ჩემს უნივერსიტეტს, ჩემს საყვარელ საქმეს, სამეცნიერო მუშაობას მათემატიკურ სტატისტიკაში. კერძოდ, ვაგრძელებ ალბათური განაწილების ფუნქციონალური მახასიათებლების  არაპარამეტრულ შეფასებათა თეორიის ზოგიერთი ამოცანის კვლევას. ჩემი ცხოვრების მანძილზე არცერთი დღე და წუთი არ ყოფილა, რომ არ მეფიქრა მეცნიერებაზე, პრობლემაზე და მის გადაწყვეტაზე. ასეა დღესაც, დასახული მაქვს უამრავი, ჯერ კიდევ ამოუხსნელი პრობლემის გადაწყვეტა. ასევე, ვაგრძელებ ურთიერთობას სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან, ვაგრძელებ აკადემიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვკითხულობ ლექციებს ალბათობის თეორიაში და მათემატიკურ სტატისტიკაში“, – ამბობს ელიზბარ ნადარაია.

Facebook
Twitter
LinkedIn