პირველი ქართველი მეცნიერი, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

თარიღი: 2023-06-12 13:33:55

ვახტანგ მაისაია პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც  ნატოს წევრი ქვეყნის – პოლონეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – „განათლების ეროვნული კომისიის მედლით“ (It is my life) დაჯილდოვდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების – გლობალული პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, თსუ-ს ლექტორი  ვახტანგ მაისაია საქართველოში მოღვაწეობის პარალერულად, იოზეფ გულოხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის (ოსტროვეც-სვენტოკშისკი, პოლონეთი) პოსტ-სადოქტორო სასწავლო პროგრამის – „გეოსტრატეგია და გეოპოლიტიკის“ – ხელმძღვანელია, რომელიც  სამხედრო და უსაფრთხოების კვლევების განვითარებაზეა ორიენტირებული.

დაჯილდოების ცერემონიალი  პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა, სადაც ქართველ მეცნიერს ჯილდო სახელმწიფო მდივანმა ტომაშ რჟიმკოვსკიმ  თავად გადასცა.   პოლონეთის სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, ქართველი პროფესორი მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა.  

„ჩემთვის ეს ჯილდო მართლაც განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ  პოლონეთის ეროვნული სახალხო სამთავრობო კომისია ჯერ კიდევ  1773 წელს შეიქმნა, როდესაც პირველად გამოცხადდა პოლონეთის სახელმწიფოებრიობა და იმ დროიდან საქმიანობს…  ეს მედალი იმითაც არის   განსაკუთრებული,  რომ სხვა ქვეყნის მეცნიერებს და მკვლევრებს განსაკუთრებულ შემთხვევაში  აძლევენ და  არა მარტო პოლონეთში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში და  ეროვნული ჯილდოს შემდეგ უმაღლესია,  ამიტომ ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია“,  – ამბობს ვახტანგ მაისაია.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მეცნიერი პოლონეთში 2013 წლიდან  მოღვაწეობს.  იგი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე, ოსტროვეცის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის სრული პროფესორი, პოსტდოქტორანტურის პროგრამის გეოსტრატეგიის და გეოპლიტიკის ხელმძღვანელია. იგი, ასევე, რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო პროფესორიც არის, სადაც ლექციების კურსს კითხულობს. აღსანიშნავია ისიც, რომ უახლოეს პერიოდში პოლონეთში გამოიცა  მისი 240 გვერდიანი  მონოგრაფია პოლონურ ენაზე,  რომელიც ბირთვულ უსაფრთხოებასა და აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას ასახავს.

მეცნიერმა  ჩვენთან  საუბარში თსუ-ში კონფლიქტოლოგიის პროგრამის განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება: „თსუ-ში ამ პროგრამის დანერგვა და განვითარება პროფესორ გუგული მაღრაძის ინიციატივით განხორციელდა, რომელშიც თავიდანვე აქტიურად ვიყავი ჩართული. გაჩნდა იდეა, რომ  ჩვენთანაც დამკვიდრებულიყო საკვალიფიკაციო ჩარჩო პოლიტოლოგიაში. ამ მიზნით  პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში ერთ-ერთი აკადემიური მივლინების დროს  ოსტროვეცის და  უნივერსიტეტში კონსულტაციის მიზნით  შევხვდი კოლეგებს, რის საფუძველზეც  მოხდა ამ საკითხების დამუშავება“,  – აცხადებს ვახტანგ მაისაია. მისი ინფორმაციით, თსუ-ში მათი ინიციატივით დაინერგა  ამ მიმართულების ადეკვატური საგნები, როგორიც არის ჰიბრიდული ომის თეორია, ასევე სამხედრო სტრატეგია და გლობალიზაცია, ასევე ისწავლება  საქართველოს თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკა. „უნდა გითხრათ, რომ პირველად საქართველოში და, კერძოდ, თსუ-ში  ისწავლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921  წლების) თავდაცვისა და სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიის მიმართულებები, რაც სხვა უნივერსიტეტებში არ ხორციელდება, რაც სამწუხარო ფაქტია. მისასალმებელია, რომ   თსუ-ს ხელმძღვანელობამ ხელი შეუწყო ამ ექსპერიმენტის დანერგვას, რომელმაც გაამართლა. ამ კურსის ფარგლებში ლექციები ტარდება ოკუპაციის მუზეუმში,  ასევე გვაქვს საველე გასვლები ტაბახმელაში, თბილისისა და მცხეთის მიდამოებში, ასევე მემორანდუმი  გავაფორმეთ  სერჟანტთა სკოლასთან, სადაც ჩვენი სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან. თსუ-ში ასევე  დანერგილია კიბერუსაფრთხოებისა და კიბერთავდაცვითი კურსი, უსაფრთხოების კვლევების მეთოდოლოგია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.  ის გამოცდილება, რაც მივიღე ნატოს წევრ სახელმწიფოში, მინდა ქართველ სტუდენტებსაც გავუზიარო“, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ქართველი მეცნიერი 14–23 ივნისს მიემგზავრება უკრაინის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტების კონფერენციაზე, სადაც  ერთ-ერთი პანელის ხემძღვანელი იქნება. „ამ პროგრამის ფარგლებში  შემუშავდა  სიმულაციური სამხედრო წვრთნები, რომლის ერთ-ერთი ავტორი მეც  ვარ. ჩვენ სიმულაციურად   განვიხილავთ  – თუ  როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ნატოს ალიანსური ძალები რომ ჩართულიყვნენ“, – ამბობს ვახტანგ მაისაია, რომელიც მორიგი ჯილდოს მოლოდინშია – ,,პოლონეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს მიღების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ წვრთნებში შეტანილი წვლილიც იყო. უნივერსიტეტისა და პოლონეთის მთავრობის მადლობაც მივიღე ამ სიმულაციური თამაშების თანაავტორობისათვის  და  ამ პროგრამის განხორციელებისათვის, რისთვისაც  თავის დროზე ეროვნულ ჯილდოზეც ვიყავი წარდგენილი, თუმცა, ჯერ ეს საკითხი ისევ განიხილება. ეს კარგი პრეცენდენტია. პროცედურების გავლის შემდეგ, იმედია, ამ ჯილდოსაც დავიმსახურებ“.

Facebook
Twitter
LinkedIn