ლაშა მაჩაბელს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები აღელვებს

თარიღი: 2023-06-12 12:46:10

„რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების საფრთხეები გრძელვადიან პერსპექტივაში და მისი განხილვა ეროვნული უსაფრთხოების  დისკურსში“ – ამ სახელწოდებით მოამზადა მოხსენება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა ლაშა მაჩაბელმა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გამართული სტუდენტთა IX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციისთვის წარსადგენად.  საკითხი მან სტუდენტ სანდრო კაპანაძესთან ერთად იკვლია, რის შედეგადაც ძალზედ დამაფიქრებელ მიგნებებზე გავიდნენ.

,,რუსეთ-უკრაინის ომმა დაგვანახა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა და მაშინ, როდესაც რუსეთი ამ წლის იანვარში ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად მოგვევლინა,   ჩემ თავთან დავსვი  მსგავსი კითხვა, რომ თუ რუსეთის ფედერაციასთან არსებული ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ასეთი ტემპით გაგრძელდება ან სულაც გაიზრდება, რა საფრთხეების წინაშე დავდგებით  მომავალში? მოგეხსენებათ, რუსეთს ისტორიულად სჩვევია ეკონომიკური და ენერგო სექტორების საგარეო პოლიტიკის ბერკეტებად გამოყენება. მაშასადამე, მოსალოდნელია მისგან წამოსული პოლიტიკური ზეწოლის ზრდაც, რაც უშუალოდ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. მე და ჩემმა თანამომხსენებელმა მიზნად დავისახეთ დაგვედგინა, თუ  რა საფრთხეების შემცველია  საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ფედერაციაზე  დამოკიდებულება  და, შესაბამისად, როგორ აისახება ეს საკითხი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. შევხვდით ჩვენი მოხსენების ხელმძღვანელს – ბატონ კონსტანტინე შუბითიძეს და მასთან ერთად განვიხილეთ მოცემული საკვლევი თემა“, – ამბობს ლაშა მაჩაბელი.

მრავლისმომცველი ინფორმაციის შესწავლისა და კონტენტ-ანალიზის საფუძველზე სტუდენტებმა იმ დასკვნის შესახებ ისაუბრეს, რომელიც კვლევის შედეგად ფორმირდა. 

,,ჩემი თემიდან გამომდინარე, მე და ჩემი მეწყვილე გავედით რამდენიმე მნიშვნელოვან და დამაფიქრებელ მიგნებაზე. დავიწყოთ იმით, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების ალტერნატივად უკონკურენტოდ უნდა განვიხილოთ ეკონომიკური დივერსიფიკაცია. რუსეთის ფედერაციაზე ეკონომიკური დამოკიდებულება გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკურ ზეწოლას გაზრდის, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას შეეხება. სამწუხაროდ, საქართველო რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მხრივ იგივე გზას ადგას, რომელ გზასაც პრორუსული ქვეყნები – სომხეთი და ბელორუსია ადგანან. ასე რომ, მოკლევადიანი ეკონომიკური დადებითი ეფექტი არის ძალიან მყიფე და არასწორი გზა ეკონომიკური სარგებლის მისაღებად.

ასევე, გამოიკვეთა რეკომენდაციებიც: სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. მართალია, რომ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ ურთიერთობებს ვერ გავწყვეტთ, თუმცა არ უნდა გავზარდოთ“, – აღნიშნავს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი ლაშა მაჩაბელი. 

                                                                 ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • ზოგადად, ჩემს მიმართულებას ხალხის დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე ჩაბარება მომავალში დასაქმების პერსპექტივას ამცირებს. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდანვე მსურდა ამ პროფესიასთან ჩემი ცხოვრების დაკავშირება. ის სფეროები, როგორიცაა უცხო ენები, პოლიტიკა, ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ისტორია თუ გეოგრაფია, ჩემი ინტერესის სფეროებსაც წარმოადგენს, ამიტომ ჩემი და ჩემი მიმართულების თავისებურებანი თანხვედრაშია. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება ზედმეტად ვიწრო დისციპლინად განიხილება,  მე ამ მოსაზრებას არ ვემხრობი და ვფიქრობ,  რომ ის საკმაოდ ფართო სფეროა, რომელიც სტუდენტს კვალიფიციურ ცოდნას აძლევს.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • საკმაოდ ღრმა ცოდნის მომცემია უნივერსიტეტი. ზოგადად, მოლოდინები მქონდა, რომ ადგილი, სადაც იცნობ ახალ ადამიანებს და ყოველდღე ახალ რამეს სწავლობ, მომცემდა იმ ცოდნას, რომელიც, რა თქმა უნდა, დამეხმარებოდა  პროფესიულ საქმიანობაში. შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინები გამართლდა და კმაყოფილი ვარ იმ მრავლისმომცველი ცოდნით, რომელიც აქ სწავლით შევიძინე. ვფიქრობ, ის საშუალება, რომ სტუდენტს შეუძლია საკუთარი ინტერესებისა და პროფესიის გათვალისწინებით აირჩიოს სალექციო კურსები, ეს დიდად მოქმედებს სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასა და იმ ცოდნაზე, რომელიც ჩვენ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გვრჩება.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტს ბევრი პრობლემა აქვს. მაგალითისათვის, ჩემი ფაკულტეტისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ცალკე შენობის არ ქონა, მაგრამ, ვიმედოვნებ – ეს პრობლემა მომავალში აღმოიფხვრება. ასევე, მოსაწესრიგებელია LMS და ი-ლერნინგ პლატფორმები, რომლებიც საგნების არჩევის დროს მწყობრიდან გამოდიან. მნიშვნელოვანია კაფეტერიის პრობლემაც, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია და იმედი მაქვს, რომ სტუდენტებს აღარ მოგვიწევს ალტერნატიულ ადგილებში საკვების ძებნა. როგორც ვიცი, მოცემული პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა დაწყებულია და ველი კარგ შედეგებს…
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • როცა ქვეყნის პირველი უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ, ალბათ, განსაკუთრებული შეგრძნებაა. მიუხედავად უამრავი უთანხმოებისა, თსუ მაინც მიყვარს და ვფიქრობ, ის ღირსეულად უნდა ატარებდეს რეგიონის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის ტიტულს. მან არ უნდა დაივიწყოს იმ ბუმბერაზი პიროვნებების ღვაწლი, როგორიც ივანე ჯავახიშვილი და პეტრე მელიქიშვილია და სულ აღმასვლის გზას უნდა ადგეს. სულ მახსენდება ჩემი მშობლების თაობის გამოთქმა სტუდენტობასთან დაკავშირებით:  ,,აი, სტუდენტობა ჩვენ გვქონდა, თუ გვქონდა“. მსურს მეც ისეთი სტუდენტობა მქონდეს, რომელიც ასოცირდება ურთიერთობასა და გაგებასთან.
Facebook
Twitter
LinkedIn