ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი ბოლო ათი წლის განმავლობაში აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში. 2012 წლიდან დღემდე მისი კოორდინატორობით და თანა-კოორდინატორობით სამი პროექტი უნივერსიტეტის და, ზოგადად, ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის ნიშანდობლივი და წარმატებული შედეგებით დასრულდა. კონკრეტულად, ქართველ, ისრაელელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განხორციელდა ტემპუსის გრანტი (პროექტი DOIT: „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის“ (15.10./2012 – 15.08.2015). გრანტის ფარგლებში მომზადდა ოთხი სილაბუსი: „ბავშვთა უფლებები განათლებაში და განათლებისთვის“; „ინტერკულტურული განათლება – პედაგოგიური მიდგომები“; „იდენტობის ფორმირება მულტიკულტურულ გარემოში“ და „მრავალეთნიკური და მრავალკულტურული საქართველო“. საგნები დღესაც იკითხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების ცენტრში, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი იყო.
ასეთივე შედეგებით დასრულდა კიდევ ორი პროექტი: ERASMUS+ გრანტი, პროექტი CURE: „კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ (15.10.16 – 31.04. 2020) და ERASMUS+ გრანტი, პროექტი ASSET: „შეფასების ინსტრუმენტები ახალი სასწავლო გარემოსთვის უმაღლეს სასწავლებლებში“ (5.10. 2017 – 15.10.2020).
ყველა პროექტს მოჰყვა კულიკულუმების განახლება, შემუშავდა ახალი სილაბუსები, ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების ცენტრები, დატრენინგდნენ პროფესორები, ტრენინგებში ჩაერთნენ მოქმედი სკოლის მასწავლებლები. ამან გამოიწვია ერთგვარი დომინოს ეფექტი და ტრენინგებში მიღებული ცოდნა სხვა სასწავლებლებშიც გავრცელდა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორ იზაბელა პეტრიაშვილის კოორდინატორობით განხორციელებული პროექტების შედეგად, უნივერსიტეტმა ევროკავშირისგან მიიღო დაახლოებით 800 000 ლარის დაფინანსება, მათ შორის, შესყიდულ იქნა, დაახლოებით, 230 000 ლარის კომპიუტერული ტექნიკა, სმარტბორდები, პროექტორები, ლეპტოპები, აიპადები, მობილური ლაბორატორია (მოძრავი ურიკა 30 iPad-ით), კომპიუტერული პროგრამები, წიგნები.
2021 წლიდან, იზაბელა პეტრიაშვილის თანაკოორდინატორობით, კიდევ ერთი პროექტი („ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“) მიმდინარეობს. რას ითვალისწინებს პროექტი, რა სიკეთეს მოუტანს იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და კონკრეტულად ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს, მეცნიერ-მკვლევარი თავად გვესაუბრება:
– ქალბატონო იზაბელა, თქვენი ბოლო პროექტი, რომლის განხორციელებაც 2021 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება, თითქოს პირდაპირ მოერგო ბოლო პერიოდის სასწავლო გარემოს, რადგან შეეხება ტექნოლოგიებით გაძლიერებულ სწავლებას. პანდემიის შემდგომ პერიოდში ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, რადგან მსოფლიოს ბევრ წამყვან უნივერსიტეტში შენარჩუნდა ონლაინ სასწავლო კურსები. კონკრეტულად რა შედეგებს მოიტანს თქვენი პროექტი და რა სიახლეებს დანერგავთ სწავლებაში?
– უნდა გითხრათ, რომ, როდესაც ამ პროექტს ვამზადებდით და წარვადგინეთ დაფინანსებისთვის, მაშინ კოვიდის ხსენება არ იყო. პანდემიის შემდეგ კი ტექნოლოგიების ცოდნის ისეთი საჭიროებების წინაშე აღმოვჩნდით მასწავლებელიც და სტუდენტიც, რომ ეს ნამდვილად სწორი პროექტი იყო და ალბათ კომისიამაც ამ ლოგიკით იხელმძღვანელა.
EU Erasmus+ ის პროექტი DITECH:„ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ – ასე ჰქვია ბოლო პროექტს, რომელიც საკმაოდ დატვირთულია აქტივობებით, 2021 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. პროექტის ინიციატორი და თანაკოორდინატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გახლავართ მე, მას კიდევ ჰყავს თანაკოორდინატორი – პროფესორი სირიე ვირკუსი (ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი).
ტალინის უნივერსიტეტთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ეს საკითხი – ტექნოლოგიების გამოყენება მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში – განსაკუთრებით მაინტერესებდა და როდესაც, წინა პროექტის ფარგლებში, თსუ-ში კოლეგები ვორქშოპების ჩასატარებლად ჩამოვიდნენ, გადავწყვიტეთ პროექტის დაწერა. მასში მონაწილეობს საქართველოდან შვიდი სახელმწიფო უნივერსიტეტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ჩართულია ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია).
პროექტის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უნივერსიტეტებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით.
პროექტის სამიზნე აუდიტორიაა როგორც სტუდენტები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები. სანამ პროექტი დაიწერებოდა, ჩვენ ჩავატარეთ საჭიროებების კვლევა და მივხვდით, რომ ამ სფეროში ორივე სეგმენტს უჭირს. ამიტომაც შევიმუშავეთ ორი კურსი – საბაკალავრო („ციფრული სასწავლო ინსტრუმენტების გამოყენების საფუძვლები ახალ სასწავლო გარემოში“) და სამაგისტრო („საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლასა და სწავლებაში“). ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაგვეხმარნენ.
ასევე შევიმუშავეთ ორი ტრენინგ-მოდული, ერთი კონკრეტულად მიმართულია უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისთვის, მეორე კი – ონლაინ ინსტრუქტორებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ასწავლონ – როგორ შექმნან ონლაინ კურსები, როგორ წარუძღვნენ მას და რა ინსტრუმენტები გამოიყენონ სწავლებაში. ამ მოდულებზე ტრენერები გადამზადდნენ ტალინსა და კაუნასში. შემდეგ კი აქ, ადგილზე, შვიდივე უმაღლეს სასწავლებელში ჩავატარეთ ტრენინგები, შევქმენით რიდერები და ვთარგმნეთ მასალები.
– პროექტის განხორციელების რა ეტაპზე ხართ ამჯერად?
– ამჟამად პროექტის მესამე წლის აქტივობები მიმდინარეობს. წელს, 19-22 აპრილს, კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯში ჩატარდა კონსორციუმის მესამე შეხვედრა, რომელზეც შეჯამდა ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო განვითარების, ხარისხის მართვის, დისემინაციისა და ექსპლუატაციის და პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით.
უკვე ფუნქციონირებს ვებ-გვერდი (https://www.ditech-erasmus.eu/), სასწავლო სილაბუსებმა შვიდივე უნივერსიტეტში გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაცია, დასრულდა ვებ-გვერდის პილოტირების პირველი ეტაპი და გადავედით მეორე ეტაპზე.
ასევე: ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით მომზადდა და ქართულ ენაზე ითარგმნა საკითხავი მასალები/რიდერები ახალი სასწავლო კურსებისთვის;
პროექტის შედეგების დისემინაციის ფარგლებში პროექტის მონაწილეები მუდმივად მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებსა და ვებინარებში; ქვეყნდება პუბლიკაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
ამავე პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის 2 ნომერი: https://ka.ditech-erasmus.eu/results
პროექტი, როგორც ვთქვით, 2024 წელს დასრულდება და მის ფარგლებში ჩვენს ფაკულტეტს და მიმართულებას კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს შევძენთ.