ზუკა ჯიქიძე ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურებს ლექსად გვთავაზობს
ლექსებს ბავშვობიდან წერს და ეს პროცესი, როგორც თვითონ ამბობს, დიდ სიამოვნებას ანიჭებს. პატარაობიდანვე იცოდა, რომ ლიტერატურის სიყვარული მისთვის მხოლოდ ჰობი არ იყო და რომ მომავალ საქმიანობას ამ სიყვარულის გაღრმავებას, წერის ცხოვრების წესად ქცევას შეალევდა. ლიტერატურისადმი ინტერესი წამითაც არ განელებია და დღეს ზუკა ჯიქიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სტუდენტია.
„ძალიან რთულია 16-17 წლის ასაკში ადამიანმა სწორად აირჩიოს თავისი გზა, თუმცა ჩემ შემთხვევაში გადაწყვეტილება იოლად მივიღე, ვინაიდან პატარაობიდანვე მიზნად ვისახავდი ჩემი მწერლური ნიჭისათვის განვითარების შესაძლებლობა მიმეცა და, ამიტომაც, სწავლა იმ მიმართულებით გავაგრძელე, სადაც ყველაზე ახლოს ვიქნებოდი ლიტერატურასთან და მწერლობასთან, როგორც პროფესიასთან“, – ამბობს მომავალი ფილოლოგი, რომელიც ამაყია თავისი უნივერსიტეტითა და ფაკულტეტით.
საერთოდ, ფილოლოგის პროფესიით ნაკლებად ინტერესდებიან ბიჭები, ლიტერატურის მიმართულებაზე გოგონების რაოდენობა ყოველთვის სჭარბობს, მაგრამ თუ ბიჭი ირჩევს ამ მიმართულებას, ე.ი. ზუსტი მეცნიერებები მას ნაკლებად აინტერესებს, რადგან სიტყვათა ჯადოქრულ სამყაროში ხეტიალი შორსაა სწორხაზოვნების, ურყევი ლოგიკისა და სიზუსტისგან. აქ მთავარი უსასრულო ფიქრი, ძიება, ჭვრეტა, შეგძნებები, განცდები, ემოციები და ფსიქოლოგიზმია, რაც ადამიანს იდუმალის, შეუცნობლის, მისტიკურის კარებთან აყენებს ხშირად…
იყო დრო, ფილოლოგობა არაპრესტიჟული და არაკომერციული პროფესია იყო. ბევრს უთქვამს, რომ ძნელია ამ პროფესიით კარიერის გაკეთება, რომ არასერიოზული საქმეა მხატვრული ტექსტების სიყვარული, მათი ახსნა და სწავლება. მაგრამ ზუკა ასე არ ფიქრობს… „ანაზღაურებაზე იმდენი არ მიფიქრია, რამდენიც ცოდნაზე, რომელსაც ეს პროფესია მომცემდა. კარგ ფილოლოგს, ვფიქრობ, დიდი შესაძლებლობა აქვს ცოცხალი მეხსიერების სახით შემოინახოს ის სიმდიდრე, რაც მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად ერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, – ამბობს ზუკა და უხარია, რომ პროფესია – ფილოლოგიურს – დღეს ვერავინ უწოდებს არარეალიზებული ადამიანების თავშესაფარს, არასერიოზულს, უპერსპექტივოს. მართალია, ჩვენს განვითარებად ქვეყანაში, ისევე, როგორც სხვა პროფესიებში, ჯერჯერობით, ანაზღაურება შრომის შესაბამისი არ არის (არც კერძო და არც საბიუჯეტო სექტორში), მაგრამ მთავარი ისაა, რომ თუკი ფილოლოგს მუშაობა არ დაეზარება, სამუშაო ყოველთვის არის და საუკეთესო სპეციალისტებს სანთლით ეძებენ.
ასე ფიქრობს ზუკა, რომელიც ბავშვობიდან გატაცებულია პოეზიით, ლექსებს თვითონაც წერს, მაგრამ ცოტა ხნის წინ იდეა გაუჩნდა – პროზა ლექსად ექცია და პოეტური პროზის ოსტატის ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურები ლექსად შემოგვთავაზა. ალბათ, დიდი გამბედაობა სჭირდება იმას, რომ ასეთი დიდი მწერლის სულის ამოძახილი ლექსად აქციო და ზუსტად გადმოსცე ის სათქმელი, რაც მწერალს სურდა – რომ ეთქვა… ამაზე ზუკას პასუხი ასეთია: „ჩემი შემოქმედების ძირითადი ხაზი პოეზიაა. რა თქმა უნდა, ვწერ ლექსებს, თან საკმაოდ ადრეული ასაკიდან; მხიბლავს კონვენციური ლექსები და, ძირითადად, ჩემი პოეზია კონვენციურია. რაც შეეხება „ნიკო ლორთქიფანიძის ციკლს“, იგი ჩემს პოეზიაში 2022 წელს დაიბადა, მაშინ, როდესაც სიღრმისეულად გავეცანი ამ გენიალური ავტორის შემოქმედებას. ნიკოს მინიატურები, ჩემი აზრით, თავისთავში პოეზიასაც გულისხმობს, თუმცა ისინი ლექსის ფორმას არ ატარებენ…
ერთ-ერთი მინიატურის წაკითხვის შემდეგ ვიფიქრე – იგივე სიტყვებითა და შინაარსით შესაძლებელი იყო იგი კონვენციურ ლექსად გარდამექმნა, რითმულ რიტმულობა დამეცვა და სალექსო ფორმაში მომექცია, ამიტომ ამაზე მუშაობა დიდი ყურადღებითა და ენთუზიაზმით დავიწყე, რის შემდეგაც, მალევე, რამდენიმე ლექსიც დაიბადა…“- ამბობს ზუკა.
მისთვის პოეზია უდიდესი ხელოვნებაა – ნიჭი და უნარი იმისა, რომ მოკლედ გადმოსცეს ის, რასაც შესაძლოა დრო და სივრცე არ ეყოს სხვანაირად აღსაქმელად…
„ამასთანავე იგი საოცრად ესთეტიკურია და თავისი კანონზომიერებით შეუძლია მუსიკად იქცეს. ჩემი აზრით, პოეტის დანიშნულებაა ჰპოვოს მშვენიერება იქ, სადაც არ უნდა იყოს, ხოლო სიმახინჯე და სევდა იქ, სადაც სხვანი მშვენიერების ნაყოფს შეექცევიან… პოეზია ფილოსოფიაა – ადამიანურ ენაზე ამეტყველებული და უფრო გასაგები“, – ასე ფიქრობს ზუკა, ვისთვისაც ყველაზე დიდი მასწავლებელი საკუთარი თავია, რომელიც უნდა განავითარო. „თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ამის შესაძლებლობას იძლევა. მთავარია – გამოიყენებ მას თუ არა“… – ამბობს ზუკა, რომელმაც იცის, რომ მისი მომავალი ლიტერატურას, პოეზიას დაუკავშირდება. იგი ცოტა ხანში ლექსების კრებულის გამოცემასაც გეგმავს…