თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტში საქართველოში ნალექის ეროზიული პოტენციალის მოდელირებასა და რუკის შექმნაზე მუშაობენ
საქართველოში ნიადაგების ზედა ფენის ჩამორეცხვაზე მოქმედი ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალის (R ფაქტორის) კვლევა დაიწყო. R ფაქტორი ნიადაგების გადარეცხვის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ნიადაგის ეროზია და მასთან გამკლავება კი თანამედროვე საზოგადოების უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. საკითხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი სერთაშორისო კოლაბორაციის ფარგლებში იკვლევს. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით 2022-2025 წლებში განხორციელდება. გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრები ნანა ბოლაშვილი, მარიამ ციცაგი და ზაზა გულაშვილი აახენის უნივერსიტეტის პროფესორთან მაიკლ ლეუხნერთან (Michael Leuchner) ერთად იმუშავებენ.
„ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალი (R ფაქტორი) ერთ-ერთია ნიადაგის ეროზიაზე მოქმედი ფაქტორებიდან. მისი განსაზღვრა მნიშვნელოვანია კონკრეტული გეოგრაფიული გარემოსთვის არა მხოლოდ ნიადაგის ეროზიის, არამედ ჩამონადენის შეფასებისასაც, კლიმატის ცვლილების სამომავლო ზეგავლენის განსაზღვრისთვის და სხვ. წინამდებარე კვლევის მიზანია შევაფასოთ R ფაქტორი საქართველოს ტერიტორიაზე 1930-2020 წწ საკვლევი პერიოდისათვის; მოვახდინოთ მოდელების კალიბრაცია და განვსაზღვროთ საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატის ცალკეული ტიპისათვის რომელი მოდელი იქნება მისაღები R ფაქტორის ნალექების დღიურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოსათვლელად; შევადაროთ მეტეოროლოგიური სადგურების და რადარის მონაცემების გამოყენებით მიღებული R ფაქტორი; განვსაზღვროთ საკვლევი პერიოდის განმავლობაში როგორ იცვლებოდა R ფაქტორი სივრცესა და დროში; მიღებული შედეგების მიხედვით შევადგინოთ იზოეროდენტების ციფრული რუკა და მოვამზადოთ ვებ პორტალი R ფაქტორის სხვადასხვა ინტერვალის მონაცემების საშუალებით გამოსათვლელად. პროექტის შედეგები მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც, სადაც საქართველოს კლიმატური ტიპების მსგავსი პირობებია. პროექტის ფარგლებში მომზადებული იზოეროდენტების რუკა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იქნება. პროექტის მთავარ ღირსებად ჩაითვლება მონოგრაფია ქართულ ენაზე, სადაც ძალიან ბევრი ცნება და ტერმინი პირველად გაჟღერდება ქართულად“, – განმარტავს მარიამ ციცაგი.
პროექტი მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის პოპულარიზაციას და სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვლევითი სფეროს გაცნობასაც ითვალისწინებს. ამ მიზნით, 1 ივნისს, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მაიკლ ლეუხნერმა აახენის უნივერსიტეტში უცხოელი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის გამიზნული პროგრამებისა და კვლევითი შესაძლებლობების პრეზენტაცია გამართა.
„ნიადაგის მდგომარეობაზეა დამოკიდებული სოფლის მეურნეოების, მიწათმოქმედების განვითარება, ტყის მდგომარეობა… შესაბამისად, ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალის (R ფაქტორი) კვლევა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მიზანია შევისწავლოთ, შევაფასოთ, დავაზუსტოთ – საქართველოში სად როგორი მდგომარეობაა და, აქედან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ.
ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია კვლევითი საქმიანობის შესახებ და იცოდნენ, თუ როგორ შეუძლიათ განვითარდნენ ამ მიმართულებით. მე მათ ის შესაძლებლობები გავაცანი, რასაც მათ ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს. თსუ-სა და აახენის უნივერსიტეტის კოლაბორაციის კარგი მაგალითია მარიამ ციცაგის გამოცდილება, რომელმაც პოსტ დოქტორანტურის საფეხური ჩვენს უნივერსიტეტში გაიარა და დღემდე აქტიურად ვთანამშრომლობთ“, – აღნიშნა მაიკლ ლეუხნერმა.
გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი, პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსთანაც თანამშრომლობს, რომლის შედეგადაც მათ წვდომა აქვთ საქართველოში ბოლო 100 წლის განმავლობაში მოქმედ ყველა მეტეოროლოგიური სადგურისა და მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებთან.