აკადემიკოს ირაკლი იმედაძის ნამოღვაწარით ფსიქოლოგიის დარგში მთელი საქართველო ,,იკვებება“
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ კონკურსზე წარდგენილ კანდიდატთა შორის შერჩევის შედეგად აკადემიკოსად არჩეულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 4 წარმომადგენელი: ფსიქოლოგი, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი იმედაძე; თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ინფორმაციის დამუშავებისა და სტატისტიკური ანალიზის სპეციალისტი ელიზბარ ნადარაია; თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე შენგელაია და თსუ-ს პროფესორი, ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი თორნიკე ქადეიშვილი.
გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი“ თსუ-დან არჩეულ აკადემიკოსებს გაგაცნობთ. ამჯერად წარმოგიდგენთ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, აკადემიკოს ირაკლი იმედაძეს.
თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ფსიქოლოგიის ისტორიის უბადლო სპეციალისტი ირაკლი იმედაძე, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 2009 წლიდან იყო, დღეს უკვე აკადემიკოსის ტიტულს ატარებს. ,,საკმარისად კარგად ვიცნობ იქაურობას, ჩართული ვარ აკადემიის საქმიანობაში და მეც, ასე თუ ისე, მიცნობენ. რასაკვირველია, აკადემიის ნამდვილი წევრის ტიტული დიდი დაფასებაა“, – ამბობს ირაკლი იმედაძე.
ირაკლი იმედაძე 2006 წლიდან 2011 წლამდე დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ და თსუ-ში ინსტიტუტის ფაქტობრივი დახურვის შემდეგ მოვიდა. ,,ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობა თავიდანვე დაკავშირებული იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტთან, რომელშიც გავიარე ყველა საფეხური ასპირანტიდან მოყოლებული, ვიდრე ინსტიტუტის დირექტორობამდე. თსუ-ში მოვედი მას მერე, რაც, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ შაშკინისა და ილიას უნივერსიტეტის რექტორის გიგი თევზაძის მეცადინეობით, ეს უდიდესი ტრადიციებისა და საერთაშორისო ცნობადობის მქონე ინსტიტუტი 2011 წელს ჯერ მიუერთეს ილიას უნივერსიტეტს, ხოლო სამ თვეში დახურეს. ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორის თანამდებობაც დამატოვებინეს“, – აღნიშნავს პროფესორი, რომელიც თავს გადახდენილი დრამატული ისტორიების მიუხედავად აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ-ში ირაკლი იმედაძეს ორი საავტორო კურსი – ფსიქოლოგიის ისტორია და ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები მიჰყავს. იგი, ასევე, მონაწილეობს ფსიქოლოგიის საფუძვლების სწავლების პროგრამაში.
ირაკლი იმედაძე მედიას ყოველთვის გაურბოდა თავმდაბლობის თუ სხვა მიზეზთა გამო და დღემდე ჩრდილში რჩებოდა მისი ნამოღვაწარი, რომლითაც მის დარგში მთელი საქართველო ,,იკვებება“. გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი“ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს წარმოგიდგენთ და, მეტ-ნაკლებად, გაგაცნობთ მის აკადემიურ ღვაწლს.
- ძირითადად რამ განსაზღვრა თქვენთვის აკადემიკოსის ტიტულის მონიჭება?
- ფსიქოლოგიური მეცნიერება საქართველოში ყოველთვის საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა, რასაც განაპირობებდა დიმიტრი უზნაძის მიერ შექმნილი ძლიერი სამეცნიერო სკოლა. შესაბამისად, ფსიქოლოგია ყოველთვის სოლიდურად იყო წარმოდგენილი მეცნიერებათა აკადემიაში, დღიდან მისი დაარსებისა. თავად უზნაძე ერთ-ერთი იყო 16 დამფუძნებელ აკადემიკოს შორის. სხვადასხვა წლებში აკადემიის წევრები იყვნენ მისი სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლები: ანგია ბოჭორიშვილი, ალექსანდრე ფრანგიშვილი, რევაზ ნათაძე, შოთა ნადირაშვილი. პირველი ორი აკადემიის ვიცე-პრეზიდენტიც კი იყო, რაც, ასევე, მათი პერსონის გარდა, დარგის დაფასებასაც ნიშნავდა. ვფიქრობ, რომ ჩემს დაწინაურებაში წევრ-კორესპონდენტობიდან ნამდვილ წევრამდე იგივე ფაქტორებს უნდა ეთამაშა უმთავრესი როლი.
- თქვენ ფსიქოლოგიური ისტორიის სპეციალისტი ბრძანდებით – რამდენად არიან სტუდენტები დაინტერესებულნი ფსიქოლოგიის ისტორიით? განსაკუთრებით რა საკითხები აინტერესებთ?
- ფსიქოლოგიის ისტორიის ჯგუფები ყოველ წელს გადავსებულია. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე კონკრეტული თემა ყველაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს – თემატური ინტერესი, როგორც წესი, ინდივიდუალური ხასიათისაა. ეტყობა მაინც არის იმის გაგება, რომ ძველი მოაზროვნეების შეხედულებები სულიერი სამყაროს შესახებ თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისითაც იმსახურებენ ყურადღებას. საზოგადოდ კი, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტების საკმაო ნაწილი უფრო ჰუმანიტარულ-ისტორიული მსოფლხედველობის მატარებელია და მათ ხიბლავთ იმის მოსმენა – თუ რა სოციალურ-კულტურულ ნიადაგზე ჩნდებოდა და რა ლოგიკით ვითარდებოდა ფსიქოლოგიური შეხედულებები.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი მონაწილეობით გამოცემული წიგნებით სწავლობენ ახალგაზრდები. გაგვაცანით თქვენი აკადემიური შემოქმედება…
- ამჟამად გამოქვეყნებულია 13 ჩემი მონოგრაფია და სახელმძღვანელო; კიდევ 3 წიგნი გამზადებულია და ელოდება გამოცემას. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, მე ვცდილობდი მაქსიმალურად მიმეახლოვებინა ისინი მსოფლიო სტანდარტებს. ამის საჭიროება გაჩნდა მაშინვე, როგორც კი დამოუკიდებლობის გზას დავადექით, ვინაიდან საბჭოთა დროინდელი სახელმძღვანელოები მაინც იდეოლოგიზირებული იყო. მსოფლიო სტანდარტი ნიშნავს, რომ მასში უნდა აისახოს ახალი მონაცემები (აქამდე არსებული სახელმძღვანელოები მოძველდა ამ მხრივ) და, რაც მთავარია, იგი მკითხველს შეუქმნის პირველად წარმოდგენას მთელს ფსიქოლოგიაზე. ე.ი. ზოგადი ფსიქოლოგიის თემატიკასთან ერთად მან უნდა მოიცვას სოციალური, კლინიკური, განვითარების და დიფერენციალური ფსიქოლოგიის ელემენტები. ასეთი სახელმძღვანელოს შექმნის პირობა დავდე საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის არჩევნებისას და შევუდექი მუშაობას თანაავტორებთან ერთად. პირველი ვერსია – „ფსიქოლოგიის შესავალი“ – გამოიცა 2001 წელს, მეორე მნიშვნელოვნად შევსებული და გადაკეთებული – „ფსიქოლოგიის საფუძვლები“ – 2005-ში, შემდეგი – 2011 წელს. მოთხოვნა იყო არაჩვეულებრივად დიდი, ვინაიდან ამ წიგნებით მიმდინარეობს სწავლება მთელს საქართველოში; 2019 წელს გამოიცა ბოლო ვარიანტი, რომლის სახელწოდებაა „ფსიქოლოგია“, რომელშიც გათვალისწინებულია ყველაფერი – ახალი მონაცემებიც და სწავლების გამოცდილებაც.
ჩემი კვლევა ფსიქოლოგიის ისტორიაში თავიდანვე ორი მიმართულებით წარიმართა: ქართული ფსიქოლოგიის ისტორიის შესწავლა და მსოფლიო ფსიქოლოგიის ისტორიის ანალიზი განწყობის თეორიის პოზიციიდან. ჩანაფიქრი მდგომარეობდა იმაში, რომ მოგვეცვა ფსიქოლოგიური აზროვნების ყველა ძირითადი ნიმუში უძველესი დროიდან დღევანდლამდე. ასეთი ამოცანა ჩვენში არავის დაუსახავს, შესაძლოა იმიტომ, რომ მისი განხორციელება უზარმაზარი სამუშაოს შესრულებას მოითხოვს. წიგნი „ფსიქოლოგიის ისტორია“ (2008) თხუთმეტ წელიწადზე მეტ ხანს იწერებოდა. მან შესამჩნევი ინტერესი გამოწვია არა მხოლოდ ფსიქოლოგებში, არამედ სოციალურ-ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლებშიც. ამიტომ გადამუშავებული და შევსებული სახით კიდევ ორჯერ გამოიცა.
მანამდე გამოვიდა წიგნი „XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები“ (2004), რომელიც აღინიშნა უზნაძის სახელობის პრემიით.
ამ ნაშრომების ძირითადი თავისებურება ისაა, რომ ანალიზი და შეფასება გარკვეული კონცეფციის, კერძოდ, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის პოზიციიდან მიმდინარეობს. ამავე სულისკვეთებითაა შექმნილი თსუ-ს მიერ შარშან გამოცემული კაპიტალური მონოგრაფია – „თანამედროვე ფსიქოლოგია: ძირითადი მიმდინარეობები და განვითარების პერსპექტივები“, რომელშიც ტრადიციულ კონცეფციებთან ერთად კრიტიკულად გაანალიზებულია ფსიქოლოგიური აზრის სრულიად ახალი ნიმუშები; ამავე დროს, მოცემულია ფსიქოლოგიური მეცნიერების საკვანძო მეთოდოლოგიური პრობლემების ანალიზიც, როგორებიცაა, თავისუფლება-დეტერმინიზმი, ფსიქოფიზიკური და ფსიქოგენეტიკური პრობლემა, ფსიქიკის მოდელირების პრობლემა (ხელოვნური ინტელექტი) და სხვა. აქ და ისტორიის მონოგრაფიებში განხილულია საკუთრივ უზნაძის სკოლის მონაპოვარიც, ისევე, როგორც ქართული ფსიქოლოგიური აზრის უფრო ადრინდელი ნიმუშები, მოყოლებული სულხან-საბადან (ანტონი, იოანე ბაგრატიონი, გაბრიელ ქიქოძე, სოლომონ დოდაშვილი და სხვა).
რაც შეეხება განწყობის ფსიქოლოგიისა და ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ისტორიას, მასთან მიბრუნება მუდმივად მიწევდა და მიწევს. მაგალითად, 2021 წელს გამოვიდა წიგნი – „დისკუსიები განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის გარშემო“, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი სკოლის ფუნქციონირების ყველაზე დრამატული მოვლენები. საუბარია განწყობის ფსიქოლოგიის გარშემო წარმართულ უმწვავეს დისკუსიებზე, როცა სკოლის არსებობა საბჭოთა იდეოლოგიის სასწორზე იდო და რომელთა შესახებ ჩვენი ფსიქოლოგების უმეტესობამ მხოლოდ ლეგენდების სახით იცის…
ჩემი თეორიული და მეთოდოლოგიური კვლევების ნაწილი განზოგადებულია 3 მონოგრაფიაში: „ქცევის კატეგორია და განწყობის თეორია“ (1991); „გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში“ (2013); „განწყობის ონტოლოგიური ბუნება – ისტორიული და მეთოდოლოგიური ანალიზი“ (2019). გამოსაცემად გამზადებული მონოგრაფიებიც, უპირატესად, განწყობის თეორიის სრულყოფისა და შემდგომი განვითარების მიზანდასახულობით არის შექმნილი.
- რა სამომავლო გეგმები გაქვთ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორს და უკვე აკადემიკოსს?
- მომავალ წლებში ჩემი კვლევა უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება, ზოგადად, ფსიქოლოგიის და, კერძოდ, განწყობის თეორიის მეთოდოლოგიის პრობლემატიკაზე. ვაპირებ ამ მიმართულებით კაპიტალური მონოგრაფიის შექმნას. პარალელურად მოვამზადებ სასწავლო კურსს ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიაში, რომლის საჭიროება ობიექტურად არსებობს. მზად ვარ გამოვიყენო ჩემი ახალი სტატუსი და ჩავება ყველა სასარგებლო წამოწყებაში, რაც სარგებლობას მოუტანს ფსიქოლოგიური მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. მოვახმარ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას უნივერსიტეტის ენციკლოპედიის შექმნის საშურ საქმეს.