სტუდენტური ჟურნალის – „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ – მეოთხე ნომერი ივნისში გამოვა

თარიღი: 2023-06-01 18:22:11

უკვე მეოთხე წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოდის ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი  „ფსიქოლოგია  და  განათლების  მეცნიერებები“,  რომელიც  2019 წელს  სტუდენტური  პროექტების  დაფინანსების ფარგლებში შეიქმნა და დღემდე აქტიურად  აგრძელებს  აკადემიურ საქმიანობას.  ჟურნალი განკუთვნილია სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის. უკვე გამოსულია 3 ნომერი, რომელშიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ნაშრომები ფსიქოლოგიის, განათლების მეცნიერებებისა და  ოკუპაციური თერაპიის  თემატიკაზე. ჟურნალის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია, რომ „მისი შექმნის მიზანი სტუდენტთა მეცნიერებით დაინტერესებაა, კერძოდ, იგი ხელს უწყობს აკადემიურ სივრცეში იდეების გაცვლასა და სამეცნიერო კომუნიკაციის სტიმულირებას, აგრეთვე ეხმარება სტუდენტებს – დააგროვონ ის აქტივობები, რომლებიც აუცილებელია ფაკულტეტზე არსებულ სხვადასხვა წამახალისებელ თუ სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებისთვის“.

ჟურნალი „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ იმით გამოირჩევა, რომ ის მთლიანად სტუდენტების მიერ მზადდება – როტაციის პრინციპით იცვლებიან მენეჯერები, მუშაობენ ასევე ტექნიკური რედაქტორის პოზიციაზე და პასუხს აგებენ საიტის გამართულად მუშაობაზე.

წელს ჟურნალის მენეჯერის ვაკანსიაზე მორიგი კონკურსი გამოცხადდა და გასაუბრების შედეგად შეირჩა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორი სტუდენტი: მესამეკურსელი თეკლა ჯაიანი და მეოთხეკურსელი ნინა შანგუა. მათთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო დატვირთვაა და ამიტომაც კონკურსის დასრულებისთანავე აქტიურად ჩაერთნენ საქმეში. „როგორც კი შედეგები გამოცხადდა,  გავეცანით ჟურნალის ფუნქციონირების სპეციფიკას და დავიწყეთ მუშაობა სამეცნიერო ნაშრომების მიღებასა და რეცენზირებაზე. ამ ჟურნალში სტუდენტები გზავნიან როგორც ინდივიდუალურად მომზადებული კვლევის შედეგებს, ასევე რომელიმე საგნის ფარგლებში ჩატარებულ კვლევას. წელს უპრეცედენტო რაოდენობა – 14 ნაშრომი მივიღეთ“, – გვითხრა ჟურნალის ერთ-ერთმა მენეჯერმა თეკლა ჯაიანმა.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ცდილობს სტუდენტები ადრეული პერიოდიდანვე ჩართოს კვლევის პროცესში და მიაჩვიოს ისინი სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების თანამედროვე მოთხოვნებს. კერძოდ, ჟურნალში „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“   სტატიების რეცენზირებასა და ექსპერტიზას უზრუნველყოფს თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური.

„ძირითადად სამი სფეროს ირგვლივ ვტრიალებთ, ესენია –  ფსიქოლოგია, განათლების მეცნიერებები და ოკუპაციური თერაპია. წარმოდგენილი ნაშრომებიც ამ თემებს ეხება.  როგორც წესი, სტატიამ გამოქვეყნებამდე რეცენზირება შესაბამისი სფეროს სპეციალისტებთან უნდა გაიაროს, ამიტომაც ვუკავშირდებით ჩვენი ფაკულტეტის ლექტორებს და, მათი თანხმობის შემთხვევაში, ანონიმურად ვატარებთ რეცენზირების პროცესს, შემდგომ ასევე ანონიმურად ვუგზავნით სტუდენტს შენიშვნებს და ასე ვიღებთ მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომებს.  საბოლოოდ  ყველაფერი იყრის თავს ჟურნალის რედაქტორთან,  ასოცირებულ პროფესორ სოფიო დოლიძესთან“, – აღნიშნა ჟურნალის მენეჯერმა ნინა შანგუამ.

ჟურნალ „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებების“ მეოთხე ნომერი ივნისში გამოვა. ახალი სასწავლო წლიდან კი მორიგ ნომერზე სტუდენტთა სხვა ჯგუფს მოუწევს მუშაობა.

Facebook
Twitter
LinkedIn