ტექსტი და ინტერპრეტაცია

თარიღი: 2023-05-31 19:11:56

პროფესორ თემურ კობახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტმა 25 მაისს გამართა პროფესორ თემურ კობახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

ქართულ სალიტერატურო სივრცეში თემურ კობახიძის სახელი, როგორც ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის მეტრისა, კარგა ხანია დამკვიდრებულია. მისი მონოგრაფიები, სტატიები, საჯარო ლექციები მოწმობდა მის მაღალ პროფესიონალიზმსა და უდიდეს პიროვნულ მომხიბვლელობას, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა, როგორც მის კოლეგებზე, ისე სტუდენტებზე. ასეთივე წარუშლელი ტკივილის კვალი დატოვა მისმა გარდაცვალებამ 2022 წლის აპრილში და ეს ღონისძიება სწორედ მისი აკადემიური მემკვიდრეობის შეფასების, დაფასებისა და თანამედროვე ლიტერატურულ კვლევებზე უწყვეტი ზეგავლენის დასტური იყო.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა გელაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა პროფესორ თემურ კობახიძის ღვაწლზე. 

თემურ კობახიძის მთელი ცხოვრების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესად აღიარებული ავტორი ტომას ელიოტი იყო (სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ საბჭოთა სინამდვილეში, 70-იან წლებში), სტუდენტურ კონფერენციებზე წაკითხული პირველი მოხსენებებით დაწყებული და ვრცელი მონოგრაფიით დამთავრებული, რომელიც 2015 წელს დაისტამბა („ტომას ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა“).

სიმპოზიუმის თემა – ,,ტექსტი და ინტერპრეტაცია’’ – ერთგვარი გამოძახილია იმ კვლევებისა, რომელიც პროფესორ თემურ კობახიძის სახელს უკავშირდება. ესაა  გაგრძელება იმ ძიებების, რომელიც  80-იან წლებში დასტამბული წიგნით დაიწყო  – ,,პოეტური ხატის მემკვიდრეობითობა’’ (თემურ კობახიძე, ზურაბ ქარუმიძე და პაატა შევარდნაძე), რომელიც ერთ-ერთი პირველი წიგნია საბჭოთა სინამდვილეში. ნაშრომი სრულიად ახლებურად უდგებოდა მხატვრულ ტექსტს და მთავარ აქცენტს აკეთებდა მისი მხატვრული ქსოვილის ანალიზზე, ინტერპრეტაციაზე…

მანანა გელაშვილმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კონფერენციის ჩატარებასთან ერთად საფუძველი ჩაეყარა ახალ ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალს სათაურით ,,ტექსტი და ინტერპრეტაცია”, რომლის პირველი ნომერი პროფესორ თემურ კობახიძის ხსოვნას მიეძღვნება.

ქალბატონმა მანანამ მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარულ ფაკულტეტს და განსაკუთრებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ეკატერინე ნავროზაშვილს დახმარებისა და თანადგომისათვის.

კონფერენციაზე სიტყვებითა და მოგონებებით გამოვიდნენ პროფესორი პაატა ჩხეიძე (ილიას უნივერსიტეტი), პროფესორი ირაკლი ცხვედიანი (აწსუ) და ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბრეგაძე (თსუ).

თემურ კობახიძის საკვლევი არეალი საკმაოდ ფართე იყო: ტომას ელიოტი, ჯეიმზ ჯოისი, ეზრა პაუნდი, უილიამ ფოლკნერი, ჯოზეფ კონრადი … ეს  არასრული სიაა იმ ავტორთა, რომელთა შემოქმედებაც თემურ კობახიძის კვლევის საგანი იყო. აქედან გამომდინარე, მისადმი მიძღვნილი კონფერენციის თემატიკაც მრავალფეროვანი და ინტერდისციპლინარული იყო.

კონფერენციამ უმასპინძლა 30-ზე მეტ მომხსენებელს საქართველოს უნივერისტეტებიდან და სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტიდან. ოთხ სხდომაზე (თავმჯდომარეები: პროფ. მანანა გელაშვილი, პროფ. ირაკლი ცხვედიანი, ასოც. პროფ. კონსტანტინე ბრეგაძე, ასოც. პროფ. დავით მაზიაშვილი) მონაწილეებმა და სტუმრებმა მოუსმინეს მოხსენებებს ტექსტის ინტერპრეტაციაზე ლიტერატურათმცოდნეობაში, სხვა მწერალთა ნაწარმოებებში, ხელოვნების სხვადასხვა დარგში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.) და თარგმანში.

როგორც უკვე აღინიშნა, თემურ კობახიძის უპირველესი და მისი მთელი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი ტომას ელიოტი იყო, ამიტომ ბუნებრივია, რომ მან ეს სიყვარული და დაინტერესება ახალ თაობასაც გადასდო. კონფერენციაზე არა ერთი მოხსენება ეხებოდა ტომას ელიოტის თეორიული და პოეტური შემოქმედების თანამედროვე ინტერპრეტაციას და მისი ურთულესი პოეტური ქმნილებების ანალიზს ვრცელ ფონზე, ეპოქის საერთო ესთეტიკის ჭრილში.

კონფერენციის შეჯამებისას ერთხმად აღინიშნა, რომ ყველაზე მისასალმებელი კონფერენციაში ახალგაზრდების ჩართულობა იყო, ახალგაზრდა დოქტორების (ქეთევან გრძელიძე, ილია პაჭკორია, თამარ გელაშვილი, ლილიანა გოგიჩაიშვილი) და დოქტორანტების  (ლიზი ძაგნიძე, სოფიკო გელიაშვილი, ქეთევან ჯმუხაძე,  მარია რაზმაძე, თათია სიბაშვილი, ლია გელეიშვილი, ნათია მარგიანი, თინათინ ფხალაძე, ედუარდ ციკოლია) სახით.

ახალგაზრდა მეცნიერების  სიმრავლე და წარმოდგენილი მოხსენებების მაღალი აკადემიური ხარისხი გვარწმუნებს ახალგაზრდების დაინტერესებაში ინგლისური და ამერიკული ლიტერატურით, რაშიც დიდი წვლილი პროფესორ თემურ კობახიძეს მიუძღვის.

Facebook
Twitter
LinkedIn