კონფერენცია პროფესორ იუზა ევგენიძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია – ,,ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები”, რომელიც პროფესორ იუზა ევგენიძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციის გახსნას თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: ასოცირებული პროფესორები – ლადო მინაშვილი, თამარ შარაბიძე, ეკა ვარდოშვილი, ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი ლევან ბებურიშვილი, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მონაწილეებს პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი მიესალმა, რომელმაც პროფესორ იუზა ევგენიძის ღვაწლსა და სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა: ,,ამ იუბილეს მიეძღვნა საინტერესო კონფერენცია, რომელშიც 20-მდე მომხსენებელი მონაწილეობდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, რომელიც ეხება იუზა ევგენიძის სამეცნიერო კვლევებს ქართული ლიტერატურის ისტორიაში. კონფერენცია ორ ეტაპად გაიმართა – სტუდენტური და სამეცნიერო.
თსუ-ს ემერიტუსი პროფესორი იუზა ევგენიძე გამორჩეული მეცნიერი იყო, მრავალი თაობის აღმზრდელი და მოამაგე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ თაობათა კავშირი უნივერსიტეტში გაგრძელდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ თარიღის აღნიშვნა. ბატონი იუზას საუნივერსიტეტო მოღვაწეობა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ იგი მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ლიტერატურას იკვლევდა. ძნელად წარმომიდგენია დღეს მკვლევარი, რომელიც ამ პერიოდს სწავლობს და გვერდი აუაროს მის ნაშრომებს, რომლებსაც აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს. ეს კონფერენცია იძლევა იმის მაგალითს, რასაც ბატონი იუზა გვასწავლიდა – მკაცრ აკადემიზმს, სანდოობას, პრობლემის ხედვის საინტერესო კუთხეს. ის ვაჟას „კაი ყმა“ იყო, რომელიც თსუ-ს სამეცნიერო სივრცეს ნამდვილად დააკლდება…“ – განაცხადა პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა.
კონფერენციას თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლადო მინაშვილი უძღვებოდა, რომელმაც იუზა ევგენიძის მონოგრაფიაზე – ,,ქართული სიტყვის მეუფე” ისაუბრა და დიდი მეცნიერის საქმიანობის, მოღვაწეობის, ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები გაიხსენა. მისი თქმით: „საზოგადოდ, ახალგაზრდებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დიდი მეცნიერების, მკვლევრების ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენციების გამართვას, რომლებსაც გარკვეული ღვაწლი მიუძღვით ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლასა და ანალიზში. ამ გზაზე იუზა ევგენიძე ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარია. ის ცნობილი მეცნიერის, გრიგოლ კიკნაძის გამორჩეული მოსწავლე იყო. მას შესანიშნავი ნაშრომები აქვს გრიგოლ ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას და ლიტერატურული მიმართულებების შესახებ, რომელსაც ყოველთვის ვუზიარებთ ჩვენს სტუდენტებს და მოვუწოდებთ მათ – გაეცნონ დიდი მეცნიერის კვლევებს. სულ მალე გამოქვეყნდება ბატონი იუზას რამდენიმე ნაშრომი, რომელიც მოწმობს, რომ მისი საქმიანობა დღესაც აქტუალური და ამოუწურავია“, – განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა ლადო მინაშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა. კონფერენციის მონაწილეებმა ლიტერატურულ თემებზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს: „ორი ათასწლეულის მიჯნის ქართული სალიტერატურო ცხოვრება: ფორმაციათა ცვლილების სირთულეები (მომხსენებელი: ნანა გაფრინდაშვილი); „საქმით განმტკიცებული ხსოვნა“ (იუზა ევგენიძე – აკაკის კაბინეტის ხელმძღვანელი) (მომხსენებელი: ნანა ფრუიძე, საქართველოს უნივერსიტეტი); „პროფესორი იუზა ევგენიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ (მომხსენებელი: თემურ ჯაგოდნიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); „იუზა ევგენიძე – ქართული რომანტიზმის მკვლევარი„ (მომხსენებელი: ლევან ბებურიშვილი, თსუ); „მე-19 საუკუნის ერთი ლექსის ორი პოეტური ქართული თარგმანის თავისებურებანი“ (მომხსენებელი: ეკატერინე ნავროზაშვილი, ნანა გონჯილაშვილი, თსუ) „ინტერტექსტუალობის თეორია ლიტერატურულ ურთიერთობათა კვლევებში: მირზა გელოვანის „გადმოხვეწილებს“ და პავლო ტიჩინას „ქარი უკრაინიდან“ (მომხსენებელი: ივანე მჭედელაძე, თსუ); „ოთარ ჭილაძის ლექსების უკრაინული თარგმანების ისტორიისა და ანალიზისათვის“ (სოფიო ჩხატარაშვილი, თსუ); „ოლივერ უორდროპი ახალი ქართული ლიტერატურის შესახებ“ ეკა ვარდოშვილი, თსუ) და სხვ.
პროფესორ იუზა ევგენიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ორგანიზებული იყო თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ.