სტუდენტი ჰუმანიტარების სამეცნიერო კონფერენციის აქტუალური საკითხები
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორ იუზა ევგენიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები“ – გაიმართა. კონფერენციაზე 7 მოხსენება მოისმინეს. სტუდენტებმა სხვადასხვა ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებში მათ მიერ შერჩეული აქტუალური თემატიკის კვლევის შედეგები წარმოადგინეს, ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის პარალელები გაავლეს და, ასევე, კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში ქართული ლიტერატურული აზროვნების თავისებურებები იკვლიეს. აღნიშნულ კონტექსტში თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა ნინი ქველიაშვილმა საქართველოში ევროპული კულტურის თარგმანის მეშვეობით შემოსვლის საწყისები შეისწავლა. მოხსენების – „თარგმანის პრობლემა XIX საუკუნის 50-60-იანი წლების ქართულ ლიტერატურულ აზროვნებაში“ – ფარგლებში სტუდენტმა ქართულ ენაზე სათარგმნი ევროპული ლიტერატურის გარშემო მიმდინარე პოლემიკა გააანალიზა.
„მე-19 საუკუნეში ლიტერატურულ აზროვნებაში თარგმანის პრობლემის აქტუალიზებას ვხვდებით. ქართველი მწერლები შესანიშნავად აცნობიერებდნენ, რომ ლიტერატურის პროგრესი განუხრელად იყო დაკავშირებული მსოფლიო კლასიკური მწერლობის ნიმუშების თარგმნასთან. მეცხრამეტე საუკუნის 50-იანი წლებიდან უკვე არაერთი კრიტიკოსი გამოთქვამს მოსაზრებას სათარგმნი მასალის შერჩევისა თუ მთარგმნელობითი პრინციპების შესახებ. ნაშრომში შევეცადე – წარმომეჩინა ძირითადი შეხედულებები, რაც აღნიშნული საკითხის ირგვლივ 50-60-იანი წლების ქართულ კრიტიკაში გამოითქვა. კვლევა ვაწარმოე ნიკო ბერძენიშვილის, ილია ჭავჭავაძის, მიხეილ თუმანიშვილის, სარდიონ ალექსი მესხიშვილისა და სხვა მე-19 საუკუნის გამორჩეულ მწერალთა შეხედულების შეჯერების საფუძველზე“, – აღნიშნა ნინი ქველიაშვილმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებს შორის იყო ნინო გიორგაძის „აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონთან“ მიმართების საკითხი, მარიამ ლომსაძის „მთის თემა ალექსანდრე ყაზბეგის ლირიკაში“, მარიამ ყარმაზანაშვილის „გუთნისდედის სახე მე-19 საუკუნის ქართულ პოეზიაში“, ნუნუკა კიკნაველიძის „პატრიოტული მოტივის განსახიერების თავისებურება ვახტანგ ორბელიანის ლირიკაში“, გვანცა გოგიჩაიშვილის „ფილიპე ერნის შინაგანი სამყარო ილია ჭავჭავაძის თარგმანის „უბინაო კაცი ნიუ ორკში“ მიხედვით“, ნინო შიომღვდლიშვილის „სოფოკლეს „ანტიგონე“ და ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ – ლიტერატურული პარალელები“.
„სტუდენტები წარმოდგენილ მოხსენებებზე მუშაობისას და, ზოგადად, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ხშირად ხელმძღვანელობენ პროფესორ იუზა ევგენიძის კვლევებით. კონფერენცია მისი სახელის უკვდავყოფას ეძღვნება და, ამასთანავე, მას უმნიშვნელოვანესი დატვირთვაც აქვს – სტუდენტები ეუფლებიან კვლევის, საჯაროდ გამოსვლის, დისკუსიისა და აკადემიურ სივრცეში ქცევის წესებს“, – აღნიშნა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა, რამდენიმე სტუდენტის ნაშრომების სამეცნიერო ხელმძღვანელმა ლევან ბებურიშვილმა.
პროფესორ იუზა ევგენიძის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობა 40 წელზე მეტს ითვლის. მისი საკვლევი თემატიკა ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისა და ქართული რომანტიზმის საკითხებს მოიცავდა, არის არა ერთი ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის: „ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ისტორიისათვის“, „ქართული რომანტიზმის საკითხები“, „გრიგოლ ორბელიანი“, „ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია“ და ა.შ.
„ჩვენს ფაკულტეტს ღირსეული ტრადიცია აქვს – ატაროს ხსოვნა იმ პროფესორებისა, რომლებმაც უნივერსიტეტში იღვაწეს და შექმნეს ღირებული სამეცნიერო პროდუქცია, მათ შორის, ერთ-ერთია იუზა ევგენიძე, შესანიშნავი მკვლევარი, მეცნიერი, პედაგოგი, სახელგანთქმული ლიტერატურათმცოდნის – გრიგოლ კიკნაძის მოწაფე და მისი ტრადიციების ერთგული. იუზა ევგენიძის შრომებს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს, ყოველთვის ვუსახელებთ სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას.
ხვალ გაიმართება იუზა ევგენიძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მოხსენებებს უშუალოდ პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ“, – აღნიშნა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ლადო მინაშვილმა. იუზა ევგენიძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია 23 მაისს არის ჩანიშნული. სამეცნიერო ღონისძიებაზე მოხსენებებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურასთან ერთად, საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალიც წარადგენს.