მარიამ ჭიკაძის აღმოჩენების სივრცე

თარიღი: 2023-05-21 13:19:45

 „საქართველო-აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების შედეგად საქართველოში  იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობებისა და  თბილისის ურბანულ სივრცეებთან ადაპტაცია-ინტეგრაციის  სირთულეები“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მე-2  კურსის სტუდენტმა მარიამ ჭიკაძემ ინტერდისციპლინურ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ორი ფაკულტეტის –  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების ეგიდით ჩატარდა.

,,ჩემთვის და ჩემი მეწყვილე სანდრო კაპანაძისთვის აღნიშნული თემატიკა მეტად მნიშვნელოვანია. ზოგადად, ყველა ის პრობლემა, რაც ქართულ-აფხაზურმა და ქართულ-ოსურმა კონფლიქტებმა მოუტანა საქართველოს, ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა. შესაბამისად, დავინტერესდით იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული პრობლემებით, რაც მეტად კომპლექსური აღმოჩნდა. თავდაპირველად, დავინტერესდით თემის აქტუალურობით, წავიკითხეთ უამრავი ინფორმაცია, რის საფუძველზეც მივხვდით, რომ აღნიშნული პრობლემები კვლავ დღის წესრიგში იდგა. შემდგომ ჩვენს ხელმძღვანელთან – ბატონ იოსებ სალუქვაძესთან ერთად დავიწყეთ კვლევისთვის მზადება. ამ პროცესში ყველაზე საინტერესო კვლევის ჩატარების პროცესი იყო, ვინაიდან ჩვენ გამოვიყენეთ როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები, შესაბამისად, მოგვიწია ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუების ჩატარება. სწორედ აქ მოვისმინეთ რესპონდენტთა გულრწფელი და, ამავდროულად, სევდიანი პასუხები რიგ საკითხებზე. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის დამუშავების პროცესი, ცხადია, დამღლელი, თუმცა ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან გავედით რეალურ, მნიშვნელოვან და არაერთგვაროვან მიგნებებზე“, – ამბობს მარიამ ჭიკაძე, რომლის თემის თანამომხსენებელიც სანდრო კაპანაძე იყო.

რა დასკვნამდე მივიდნენ მომხსენებლები, რომელთაც კონფერენციაზე კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარ-ჩვევები აშკარად გამოავლინეს. ,,ჩვენ მიერ შერჩეული თემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ცხადია, რამდენიმე მიგნებაზე გავედით და ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ. ვეცდები მოკლედ ჩამოგიყალიბოთ ძირითადი შედეგები, რაც გულისხმობს შემდეგს: საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს,  დემოკრატიის ხარისხზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე  დიდ გავლენას ახდენს  ნებისმიერი  სოციალური ჯგუფი, განსაკუთრებით კი დევნილები; გამოიკვეთა კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს დევნილთა მდგომარეობა საცხოვრებლის მიმართ არაერთგვაროვანია; საინტერესოა მათი ინტეგრაცია-ადაპტაციის საკითხი, რითაც დადასტურდა, რომ მათი დღევანდელი ურთიერთობები მკვიდრ მოსახლეობასთან პოზიტიური ხასიათისაა. თუმცა, ადაპტაციის პრობლემამ გავლენა მოახდინა ასაკობრივად უფრო მაღალ სეგმენტზე, ვიდრე ახალ თაობაზე; კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თბილისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების გამოცდილება, ინტეგრაციის თვალსაზრისით, არ უნდა შეფასდეს ერთიანი თალსაზრისით, რადგან ზოგიერთ ასპექტში, დევნილთა გამოცდილება საკმაოდ მსგავსია – პოზიტიური, ზოგიერთ შემთხვევაში კი – ურთიერთსაპირისპირო“, – აცხადებს მარიამ ჭიკაძე.

 (ბლიც-ინტერვიუ)

მარიამ ჭიკაძისთვის უნივერსიტეტი ახალი აღმოჩენების სივრცეა. როგორც ამბობს, აკადემიური ცოდნის მიღების გარდა მისთვის მეტად საგულისხმოა ურთიერთობები და პრაქტიკული გამოცდილება, რასაც მისი თსუ სთავაზობს. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლა სკოლის ასაკიდანვე გააზრებულად უნდოდა. მარიამ ჭიკაძეს იმედები გაუმართლდა და ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.

  • ხარ თუ არა დასაქმებული?

– დასაქმებული ვარ ნიუს კომპანიაში – „პრაიმ-ნიუსი“ – ჟურნალისტის პოზიციაზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სამსახური ჩემთვის ახალი და საინტერესო გამოცდილებაა ცხოვრებაში.

– ვინ არის შენი გამორჩეულად საყვარელი ლექტორი?

– საბედნიეროდ, უნივერსიტეტმა ბევრ უსაყვარლეს ლექტორს შემახვედრა. ძალიან რთულია ერთის გამოყოფა, თუმცა ჩემი მიმართულებიდან დავასახელებ ქეთევან მუხიგულს. მისი საგანი, ლექცია/სემინარები ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება იყო ამ უნივერსიტეტში.

 რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?

– უნივერსიტეტში, სამწუხაროდ, არაერთ პრობლემას ვაწყდებით სტუდენტები. ადამინისტრაციული საკითხების მოგვარება და რიგ კითხვებზე პასუხის მიღება, ალბათ, ის ერთ-ერთი საკითხია, რაც გვაწუხებს სტუდენტებს.

რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?

– მოხარული ვიქნები, თუ თსუ-ს პარტნიორ უნივერსიტეტთა რიცხვი გაიზრდება, სტუდენტებს კი მეტი გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობას შემოგვთავაზებს.

Facebook
Twitter
LinkedIn