მაგდა სარჯველაძის ახალი სამოქმედო გეგმა

თარიღი: 2023-05-20 23:16:43

,,უმაღლეს განათლებაში მუსლიმი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისა და ინკულტურაციის მცდელობების კვლევა თბილისის 4  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება თსუ-ს  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტმა მაგდა სარჯველაძემ ინტერდისციპლინურ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ორი ფაკულტეტის –  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების ეგიდით ჩატარდა.

,,მე და ჩემმა მეწყვილემ – არჩილ წივილაშვილმა პირველი კურსის მეორე სემესტრიდან ერთად დავიწყეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება რამდენიმე მიზეზის გამო: 1) გვსურდა ჩვენი, როგორც სტუდენტის, სტატუსის მეტად გააქტიურება; 2) გვსურდა – გვეკვლია და, ამავე დროს, სამეცნიერო საზოგადოებისთვის ფართოდ გაგვეცნო ჩვენთვის საინტერესო საკითხები. 3) ჩემი სპეციალობა მოითხოვს კიდეც კვლევებში სერიოზულ პრაქტიკასა და გამოცდილებას, ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ მხრივ სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება“, – ასე ხსნის ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილს მაგდა სარჯველაძე, რომლის თემის თანამომხსენებელიც თსუ-ს სტუდენტი არჩილ წივილაშვილი იყო. როგორც მაგდა ამბობს, მათი კვლევის ძირითადი დასკვნა გახლდათ ის, რომ ,,რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენელ სტუდენტსა და აკადემიურ პერსონალს შორის გაუცხოება მზარდია და ეს პრობლემა, ძირითადად, საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობისა და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული მოქმედი სტერეოტიპების ბრალია“.

ფიქრები მომავალზე

გარდა იმისა, რომ მაგდა სარჯველაძე სწავლის პროცესში კვლევებით დიდად არის დაინტერესებული, ამავე დროს, ცეკვავს. ცეკვა მისთვის მხოლოდ ჰობია, რადგან რეალურად სოციოლოგიას მიიჩნევს მის რჩეულ პროფესიად.  

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩემი მოხვედრა არ ყოფილა დიდი ხნის ოცნება, ვინაიდან არასდროს მქონდა გაწერილი და სწორად ფორმულირებული ცხოვრებისეული ,,სამოქმედო გეგმა”, თუმცა ჩემი აქ მოხვედრა, დიდწილად, განაპირობა საკითხებმა, რომლებიც მუდამ მაინტერესებდა, საკითხებში კი საზოგადოებასა და მის ფორმირებას ვგულისხმობ. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ საზოგადოების შესწავლის იდეამ მომიყვანა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტამდე, კერძოდ კი, სოციოლოგიის მიმართულებამდე. დღეს აქ საკმაოდ ბედნიერი ვარ, ვინაიდან სწორედ იმ გარემოში მოვხვდი, სადაც ჯანსაღი კონკურენცია მიმდინარეობს და გვასწავლიან ლექტორები, რომლებიც მუდამ მზად არიან ჩვენი ინტერესების დასაცავად.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • უნივერსიტეტი არა მხოლოდ ცოდნას, არამედ უდიდეს პროფესიულ თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს მაძლევს, რაც, თავის მხრივ, აიხსნება იმით, რომ ვსწავლობ გარემოში, სადაც რჩევებს, მაგალითებს ვიღებ გამოცდილი და პროფესიონალი ლექტორებისგან.
  • ხარ თუ არა დასაქმებული?
  • ვმუშაობ ინგლისურის კერძო მასწავლებლად. მყავს მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. ასევე, ვცეკვავ ქართულ ნაციონალურ ბალეტში ,,სუხიშვილები” და გახლავართ მოცეკვავე (სწავლის გამო დროებით ,,შევიჩერე” მოცეკვავის სტატუსი). რეალურად 6 წლიდან ვცეკვავ, რადგან ბავშობაში ვავლენდი, თურმე, ცეკვისადმი ჩემს ინტერესს და, როგორც ამბობენ, საკმარისად მქონდა ნიჭიც.  ამ მხრივ აღსანიშნავია ის, რომ 15 წლის მანძილზე არასდროს არ მქონია რეპეტიციების გაცდენის სურვილი, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს საქმე ჩემი მოწოდება იყო. თუმცა ამ 15 წლის განმავლობაში ყოფილა 2 ისეთი წელი, როდესაც დროის სიმცირის გამო მომიხდა შესვენება (აბიტურიენტობისას, უნივერსიტეტში სწავლის გამო და ჩემი სამუშაო გრაფიკის გამო). ამის მიუხედავად, აუცილებლად ვგეგმავ სამომავლოდ გრაფიკის სწორად გაწერას და თავისუფალი დროის გამოყოფას ,,სუხიშვილებისთვის“. ცეკვა უნდა განვაგრძო აუცილებლად, თუმცა ის არა პროფესია, არამედ ჰობი იქნება.
  • ვინ არის უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორი?
  • ბევრი ლექტორის ჩამოთვლა მომიწევს, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ, ვიტყვი იმას, რომ უდაოდ იღბლიანი სტუდენტი ვარ, იმ მხრივ, რომ ლექტორისადმი სიძულვილის გრძნობა არ ვიცი – რას ნიშნავს.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • ალბათ, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად შუალედური გამოცდების ჩატარების ერთკვირიან ხანგრძლივობას დავასახელებდი, რომელიც ჩემ გარშემო თითქმის ყველა სტუდენტზე, მათ ჯანმრთელობასა და ნერვულ სისტემაზე აისახება. სხვა მხრივ, მე, პირადად, არანაირ პრობლემას ვხედავ.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • ვფიქრობ, საკმაოდ სასიამოვნო გარემოში (ადამიანებს ვგულისხმობ) მიწევს სტუდენტობის გატარება. ამ მხრივ თითქმის არანაირი სურვილი არ მაქვს.
Facebook
Twitter
LinkedIn