ლუკა ტუღუში – სტუდენტი და მოქალაქე
,,ღამის ეკონომიკა: საქართველოს განვითარების შესაძლებლობა თუ გამოწვევა“ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა ლუკა ტუღუშმა ინტერდისციპლინურ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ორი ფაკულტეტის – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების ეგიდით ჩატარდა.
,,ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის და ახალგაზრდისთვის, ვფიქრობ, საინტერესოა და თანაც აუცილებელი – მონაწილეობა მივიღო მსგავი ტიპის კონფერენციებში, ვინაიდან ესაა უნიკალური შესაძლებლობა პრაქტიკაში გადმოიტანო ყველა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ფორმალური განათლების ნაწილში მიიღე. სტუდენტები ჩართულები უნდა იყვნენ ასეთ კონფერენციებში, რათა შეძლონ საკუთარი თავის განვითარება და მეცნიერებასთან დაახლოება“, – ასე ხსნის კონფერენციაში მონაწილეობის სურვილს ლუკა ტუღუში, რომლის თემის თანამომხსენებელიც თსუ-ს სტუდენტი ხატია ბუთიაშვილი იყო.
რატომ დაინტერესდა ამ თემით და რა პროცესი გაიარა თემის დასამუშავებლად? – ამ კითხვაზე ლუკას წინასწარ გააზრებული ასეთი პასუხი ჰქონდა ჩვენთვის:,,ვინაიდან, პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი ვარ, ჩემთვის ორმაგად საინტერესოა ისეთი თემები, რომლებსაც უშუალოდ გავლენა აქვს სახელმწიფოს მართვაზე. არსებული თემა საინტერესოა, რადგან ღამის ეკონომიკის პროექტის განხორციელება ან განუხორციელებლობა – ორივე შემთხვევაში შესამჩნევ კვალს დატოვებდა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამ შემთხვევაში გვინდოდა, რომ ყველა იმ დოკუმენტის ანალიზი გაგვეკეთებინა, რომლებიც თბილისის მერიამ წარადგინა პროექტის დაწყებისას. კვლევის პროცესი მეტად საინტერესო იყო: ვინაიდან ეს თემა სპეციფიკურია და საჭიროებს სპეციფიკურ მიდგომასაც, ამიტომ ემპირიული დასკვნების გასაკეთებლად გამოვიყენეთ შინაარსობრივი და შედარებითი ანალიზი. ეს პროცესი კიდევ უფრო საინტერესო იყო მაშინ, როცა მე და ჩემს პარტნიორს გვიწევდა თბილისის და გერმანიის სამოქმედო გეგმების შედარება“, – ამბობს ლუკა.
რა დასკვნა დადეს მომხსენებლებმა, რომელთაც კონფერენციაზე კრიტიკული აზროვნებისა და შედარებითი ანალიზის უნარ-ჩვევები აშკარად გამოავლინეს.
,,საბოლოოდ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ კვლევის დასაწყისში აღებული ჰიპოთეზა გამართლდა, რომ ღამის ეკონომიკის პროექტს, უმეტესწილად, უარყოფითი გავლენა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დავასკვენით, რომ საქართველოს არ ჰქონდა შესაბამისი მზაობა გამკლავებოდა იმ გამოწვევებს, რომლებიც უშუალოდ პროექტის განხორციელებისას იჩენდა თავს: საზოგადოება არ იყო ინფორმირებული არსებული პროექტის შინაარსზე, ხოლო გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა“, – აცხადებს ლუკა ტუღუში.
ლუკა ტუღუშის ინტერესები
(ბლიც-ინტერვიუ)
ლუკა ტუღუში უნივერსიტეტის ის გამორჩეული ერთ-ერთი სტუდენტია, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას – ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და კურსი უკეთესობისკენ შეცვალოს. მას თურმე ბევრი მიუთითებდა, რომ ,,პოლიტიკა ბინძური საქმეა“, თუმცა ამ გამოწვევამ ლუკას ინტერესი გაუმძაფრა – თავად გაიზარდოს ისეთი, რომელიც არსებულის შეცვლაში მიიღებს მონაწილეობას.
– რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
– ბავშვობიდან ძალიან ბევრ რამეში ვიყავი ჩართული, ძალიან მიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან ყველა სფეროსთან მქონდა შეხება და ყველა თავისებურად მაინტერესებდა, განსაკუთრებით მედიცინა, მაგრამ შემდგომ, ბოლო 2 წელში გავიაზრე, რომ პოლიტიკის მეცნიერება იყო ის მიმართულება, რომელიც არ დამიწესებდა საზღვრებს, არ მომაქცევდა ჩარჩოებში და მომცემდა შანსს – ამ ფართო არეალში საკუთარი თავი ბევრგან მეპოვნა. როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, ჩემ ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ პროფესია შემეცვალა, რადგან ,,პოლიტიკა ბინძური საქმეა” და ჯობდა ჩემი აქამდე დაგროვილი ცოდნა სხვა სფეროში გამომეყენებინა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც შევაჩერე არჩევანი პოლიტიკის მეცნიერებაზე: დღეს თუ ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა არ მოგვწონს, ჩვენ ვალდებულებაც უნდა ავიღოთ მის გამოსასწორებლად და უკეთესი მომავალი შევქმნათ, ჩვენ ვართ ხვალინდელი თაობა და სწორედ მე და ჩემმა თაობამ უნდა გადავწყვიტოთ ზეგინდელი პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში. თუ ყველამ უარი თქვა ამ პროფესიაზე, რადგან ახლანდელი სიტუაცია არ არის სახარბიელო, მაშინ ვინღა უნდა გამოასწოროს ცუდი კარგისაკენ და კარგი უკეთესისაკენ?
როგორც ვახსენე, დამატებით სპეციალობად ჟურნალისტიკასაც ვსწავლობ და ამ ორი პროფესიის ჰარმონიულ შერწყმასაც ვგრძნობ.
ძალიან მომწონს ჩემი პროფესია, ჯერ მარტო იმიტომ, რომ არ მზღუდავს და, ამავე დროს, ყოველდღიურად ვგრძნობ, რომ ამ პროფესიის შესწავლისას არა მარტო სტუდენტი ვარ, არამედ მოქალაქეც, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია უკეთესი პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებაში! ეს არის პროფესია, სადაც ერთდროულად ხარ სტუდენტიც და მოქალაქეც, რომელიც თან უნდა სწავლობდეს და თანაც მუდამ უნდა იყოს მოვლენათა ეპიცენტრში…
– რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
– უნივერსიტეტში როცა ჩავაბარე, მაშინვე მქონდა ეს მოლოდინები, რომ ეს ადგილი მომცემდა იმ ცოდნას, რომელიც, რა თქმა უნდა, დამეხმარეოდა პროფესიულ საქმიანობაში. ვინაიდან, პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვხვდები ბევრ საინტერესო ლექტორს, რომელთაგანაც ძალიან ბევრის სწავლა შეიძლება. დამატებით სპეციალობად მაქვს ჟურნალისტიკა – პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის ერთდროულად სწავლა კი ძალზე საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს. შესაბამისად, მგონია, რომ უნივერსიტეტი არის ადგილი, რომელიც მაძლევს ცოდნას საკუთარი პროფესიის სრულფასოვნად შესწავლისთვის და შემგდომ შანსს ამ პროფესიაში საკუთარი თავის დამკვიდრებისათვის.
– ხარ თუ არა დასაქმებული?
– ამჟამად, სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი ვარ უძრავი ქონების სააგენტო ემჯი გრუპში. როგორც აღვნიშნე, ძალიან ბევრ რამეში ვარ ჩართული და ჩემი დღიური გრაფიკიც სულ გადატვირთულია.
ვარ, ასევე, ახალგაზრდა ევროპელი ელჩი საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ახალგაზრდა ლიდერების ევროპული ასოციაციის გენერალური დირექტორი ქოფირაითერი და დეზინფორმაციის ტრენერი. ყოველი დღე ჩემთვის ახალი გამოწვევაა… მინდა, ყოველ დღე რაღაც ახალი ვისწავლო და მჯეროდეს, რომ დღეს ერთი თავით მაღლა ვარ, ვიდრე გუშინ ვიყავი.
– ვინ არის უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორი?
– მყავს რამდენიმე საყვარელი ლექტორი, თითოეულს თავისი ინდივიდუალიზმი გამოარჩევს. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო ქალბატონი თამარ ვეფხვაძე… მაშინ, როცა პანდემიის პირობებში ჩემი პირველი კურსი სახლში, ონლაინ რეჟიმში დაიწყო, სწორედ ქალბატონი თამარი იყო ის ადამიანი, რომლის გამოც მიხაროდა ის სემესტრი. მისი პროფესიონალიზმი, კომუნიკაციის უნარები და სტუდენტებისადმი დამოკიდებულება მას ნამდვილად გამოარჩევს ყველა სხვა ლექტორისგან. იმდენად საინტერესოდ უძღვება თავის კურსს, რომ შეუძლებელია მოიწყინო… კურსის შემდგომაც გადავწყვიტე მასთან ურთიერთობის შენარჩუნება და მიხარია, რომ დღესაც სალექციო კურსს გარეთაც მაქვს მასთან კომუნიკაცია!
– რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
– ძირითადად, ალბათ, სხვა ქალაქებიდან, რეგიონებიდან თუ სოფლებიდან ჩამოსულ სტუდენტებზე გავაკეთებდი აქცენტს. მე თვითონაც სამტრედიიდან ვარ და ვიცი, რომ ჩამოსვლისას სტუდენტებს უწევთ ძალიან ბევრ მსხვილ თუ წვრილ პრობლემას გაუმკლავდნენ. უნივერსიტეტების მხრიდან უმჯობესი იქნებოდა ასეთი სტუდენტების გათვალისწინება და სალექციო მასალის თუ გამოცდების განრიგის ისე გადანაწილება, რომ პრობლემებმა ნაკლებად იჩინონ თავი. საუბარია იმ სირთულეზე, რაც სამსახურის პოვნას და უნივერსიტეტში სწავლისას ურთიერთხელშეწყობას უკავშირდება…
– რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
– სურვილი მაქვს, რომ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო! კარგი იქნება, თუ უნივერსიტეტი იზრუნებს პრაქტიკული სამუშაოების უზრუნველყოფაზეც, რადგან პროფესიის სრულფასოვნად დაუფლებისათვის აუცილებელი პირობაა პრაქტიკული გამოცდილების ქონაც. ჩემი სტუდენტობა კი, მინდა, ის დაუვიწყარი 4 წელი იყოს, როცა ვიტყვი – მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ამ 4 წელში ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოვასწარი და საკუთარი თავის საკუთარი ვერსია 4-ჯერ უფრო გავზარდე!