თსუ-ს კურსდამთავრებული ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში წარმატებებს აღწევს

თარიღი: 2023-05-19 18:45:02

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ თეონა ეძგვერაძე სწავლას,  DAAD-ის ორწლიანი სამაგისტრო სტიპენდიით,  ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს. ეკონომიკასა და ბიზნესზე საუბარი ბავშვობიდან ესმოდა ოჯახში, რადგან დედა  – ნინო ფარესაშვილი თსუს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია და, ამიტომ, პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია.  ასე გახდა  სკოლის მოსწავლე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნორჩ ეკონომისტთა სკოლის მსმენელი და  პირველი შემაჯამებელი კონფერენციის გამარჯვებულიც. სტარტი წარმატებებისკენ სულ პატარამ აიღო და  დღემდე ღირსეულად აგრძელებს სვლას. 

უცხოეთში სწავლის გაგრძელება თეონასთვის  სპონტანური  გადაწყვეტილება არ ყოფილა, ამაზე ფიქრი მან წლების წინ დაიწყო. ჯერ კიდევ სტუდენტობისას სასურველი უნივერსიტეტების სიის შედგენას და დაფინანსების მოძიებას მიჰყო ხელი. გასაუბრებების შედეგად 2021 წელს კოპენჰაგენში, სტოკჰოლმში, ვენასა და ბერლინში წამყვანი უნივერსიტეტებისგან სრული დაფინანსებები მოიპოვა, თუმცა  საბოლოო არჩევანი ბერლინზე შეაჩერა.  

თეონა კარგად სწავლასთან ერთად მუშაობასაც ახერხებს. სულ ახლახანს Deloitte-ის საგადასახადო ტექნოლოგიების კონსალტინგის გუნდს  შეუერთდა. Deloitte-ში მოხვედრამდე კი ერთი წელი ბერლინში ტექ. სტარტაპში ფინანსებისა და კონტროლის გუნდში იმუშავა, სადაც მიხვდა – როგორ კომპანიაში სურდა კარიერის გაგრძელება.

თუ როგორ მიაღწია წარმატებას,  რა მოლოდინები აქვს და  რას გეგმავს მომავალში, ამაზე  თეონა  საინტერესოდ და  გულწრფელად საუბრობს:

–        პატარაობისას ალბათ თქვენც  გეუბნებოდნენ: „გააკეთე შესაძლებლობის მაქსიმუმი.“   დღეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმატებული  კურსდამთავრებული  ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობ. ამ გამოწვევებს   წინ რა უძღოდარა იყო მთავარი მოტივაცია და  რა გზა გაიარეთსანამ  სწავლას გერმანიაში გააგრძელებდით?  

– რამდენიმე წლის წინ დავისახე მიზნად, რომ სწავლას გავაგრძელებდი მაღალრეიტინგულ ევროპულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით და გავეცანი ჩემთვის სასურველი უნივერსიტეტებისა და სასტიპენდიო პროგრამების მოთხოვნებს. თსუ-ში სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებებს კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მონაწილეობას ვიღებდი ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებსა და სამეცნიერო კონფერენციებში. ამჟამად DAAD-ის ორწლიანი სამაგისტრო სტიპენდიით ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ. მოსწრების საკითხს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ დროისა და რესურსების სწორი მენეჯმენტია უმთავრესი.

რა მოლოდინები გაქვთ  ასეთი პრესტიჟული უნივერსიტეტის  სტუდენტს?

 – ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. სასწავლო პროგრამა აერთიანებს ისეთი მოთხოვნადი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა პროგრამირება, მონაცემთა ანალიზი, მათემატიკური აზროვნება და  ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებული სხვა უნარები. შესაბამისად, მოლოდინებიც საკმაოდ პიზიტიური მაქვს.

რას ურჩევთ თქვენს   თანატოლებს,  ვისაც  საზღვარგარეთ   პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ,   რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება და  რა მიმართულებით უნდა განავითარონ საკუთარი თავი? 

– მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი ყურადღება სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობას ექცევა, იქნება ეს სამეცნიერო, სოციალური თუ პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება. ვურჩევდი, რომ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პარალელურად,   მათთვის საინტერესო პროგრამებში ჩაერთონ,  სტაჟირებები გაიარონ, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებსა და კონფერენციებში. გარდა იმისა, რომ ამ პროცესში დიდ გამოცდილებას დააგროვებენ, მიხვდებიან – სამაგისტრო პროგრამის გაგრძელება რა მიმართულებით სურთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ ზემოთ ხსენებულ აქტივობებში ჩართვის, რადგან უნივერსიტეტი საკმაოდ მრავლად სთავაზობს მათ მსგავს გამოცდილებებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით  დაამთავრეთ და  უცხოეთის უნივერსიტეტში აგრძელებთ სწავლასრა მოგცათ მშობლიურ უნივერსიტეტში  გატარებულმა წლებმა?   უცხოეთის  უნივერსიტეტში სწავლამ     გარკვეული გამოცდილება შეგძინათ, იქაური   გადმოსახედიდან   როგორ  ჩანს  ჩვენი  მშობლიური უნივერსიტეტიაქ სწავლის პროცესი და  თუ რამეს შეცვლიდით?

– 2016 წელს გავხდი თსუ-ს სტუდენტი და ძალიან საინტერესო 4 წლიანი გამოცდილება დავაგროვე. სტუდენტობის პირველი დღიდანვე აქტიურად  ვიყავი ჩართული საუნივერსიტეტო აქტივობებში – იქნებოდა ეს სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის დახმარება, საგრანტო კონკურსებში გამარჯვება თუ ასე შემდეგ. ამასთან,  მუდმივად ვცდილობდი მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნებას, შედეგად რამდენჯერმე გავხდი სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელი. მეორე კურსზე სწავლისას მოვიპოვე ერაზმუს პლიუსის სტიპენდია და ერთი სემესტრით სწავლა პირეუსის (საბერძნეთი) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გავაგრძელე. ხოლო მესამე კურსზე კვლავ ერაზმუს პლიუსის სტიპენდიით ვისწავლე კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. თსუ-ში სწავლის პერიოდი ნამდვილად იყო დიდი ხელშემწყობი ფაქტორი ჩემი დღევანდელი მოცემულობისათვის.

ზოგადად, ახალგაზრდები, ვინც  უნივერსიტეტს ამთავრებს საზღვარგარეთ, სამშობლოში  ნაკლებად ბრუნდებიან და კარიერის აწყობას უცხოეთში ცდილობენ, თქვენ  თუ გიფიქრიათ ამაზე?  

– ცხადია, მეც მიფიქრია ამაზე, რადგან განვითარებულ ქვეყნებში სამუშაო პირობები და ცხოვრების დონე ძალიან მიმზიდველია. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ – მიუხედავად ამ გარემოებებისა საქართველოში მირჩევნია დაბრუნება.

ორიოდე სიტყვით სამომავლო გეგმების შესახებ, სად ხედავთ საკუთარ  თავს  გარკვეული წლების შემდეგ?

 – თავს საქართველოში ვხედავ და ვფიქრობ ჩავერთვები როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში. დიდი იმედი მაქვს, რომ აქ დაგროვილ გამოცდილებას დაბრუნების შემდეგ წარმატებით გამოვიყენებ!

Facebook
Twitter
LinkedIn