რა უნარ-ჩვევებს აძლევს თსუ-ში შექმნილი სკოლა მოსწავლეებს?
„ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (ზსმ) სკოლა“, რომელიც თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა, უფასოა და მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებისთვის არის განკუთვნილი. ამ გადაწყვეტილებით რეალურად აღდგა თსუ-ში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებით არსებული მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო საქმიანობის ტრადიცია (მაგ. ძველი ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ნორჩ ტექნიკოსთა სკოლა, ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა და ა.შ.). გაკვეთილები დეკემბრის თვიდან უკვე ტარდება და მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ – მოუსმინონ უნივერსიტეტის პროფესორებსა და დარგის ცნობილ მეცნიერებს ფიზიკაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და გეოგრაფიაში.
გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ უკვე წერდა ნორჩ ფიზიკოსთა სკოლაზე. ამჯერად გვინდა წარმოგიდგინოთ ბიოლოგიის მიმართულებაზე არსებული სკოლის მუშაობა და ის შედეგები, რომელიც ამ ეტაპისთვის უკვე გამოიკვეთა.
ნორჩ ბიოლოგთა სკოლამაც, ისე, როგორც სხვა სკოლებმა, თსუ-ში მუშაობა დეკემბრიდან დაიწყო. თავდაპირველად გაკვეთილები მეორე კორპუსში ტარდებოდა, თუმცა შემდეგ, პროფესორ დიანა ძიძიგურის ინიციატივით, მოსწავლეები ბიოლოგების კორპუსში მიიწვიეს, რადგან იქ არსებული ლაბორატორიები მეტ ინტერესს გაუჩენდა მათ ბიოლოგიის, როგორც მეცნიერების მიმართ.
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიანა ძიძიგური „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (ზსმ) სკოლის“ აღდგენის ინიციატორთა შორისაა. ამ სკოლის ფუნქციონირების მიზნებზე მას იმთავითვე ზუსტად ჰქონდა ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომელსაც სასწავლო წლის ბოლოს უკვე სწავლების შედეგებიც ადასტურებს. მისი თქმით, სკოლა დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ცოდნის გაღრმავების საშუალებაა და არა რეპეტიტორობის მორიგი ინსტიტუტი, ამიტომაც ბიოლოგიის, როგორც მეცნიერებისადმი ინტერესი მოსწავლეთა იმ რაოდენობას თუ მაინც გაუღვივდება, რამდენიც თსუ-ს სკოლაში დადის, მიზანი შესრულებული იქნება: „სკოლის ძირითადი ინიციატორი ფიზიკოსი, პროფესორი ნანა შათაშვილი იყო. მან წამოიწყო მოძრაობა სკოლის დაარსებისთვის და ჩვენც მხარი დავუჭირეთ. აქ ერთი რამ უნდა ითქვას ნათლად – რაც ბიოლოგია და ქიმია დაბრუნდა მისაღებ გამოცდებზე, ნაკლებად გვაქვს მიღებული კონტინგენტის ცოდნის პრობლემა, მაგრამ ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებდა – გვსურდა საგნისადმი ღრმა ინტერესის გაღვივება ახალგაზრდებში. ამას უნივერსიტეტის პოპულარიზაციის ან სტუდენტების სიმწირის გამო სულაც არ ვაკეთებთ, იდეა მოგვეწონა და პროფესორების მხრიდანაც მხარდაჭერა მივიღეთ“, – გვითხრა ქალბატონმა დიანამ.
ადვილი არ იყო სკოლაში ახალგაზრდების მოზიდვა, რადგან ყველას ის მოლოდინი ჰქონდა, რომ აქ მისაღები გამოცდებისთვის მოემზადებოდნენ. ამიტომაც თავდაპირველად ბიოლოგების ლექციაზე 20 მოსწავლე მივიდა, მაგრამ როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ეს კლასიკური რეპეტიტორების სკოლა კი არა, ამ საგნებით დაინტერესებული მოსწავლეების ცოდნის გაღრმავების საშუალება და მათთვის მეტი ახალი ინფორმაციის მიწოდების წყარო იქნებოდა, რაოდენობამ იკლო. ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა უნივერსიტეტის პროფესორების ლექციებს მოუსმინეს, დაინტერესებულების რიცხვმა ისევ მოიმატა.
პედაგოგები არც სკოლის მასალას ტოვებენ უყურადღებოდ – განიხილავენ, აღრმავებენ მას უახლესი ცოდნით, შეჰყავთ ბავშვები ლაბორატორიებში და აკეთებინებენ მარტივ ცდებს, რაც დიდ დაინტერესებას იწვევს.
სასკოლო პროგრამა რომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ამაზე ნორჩ ბიოლოგთა სკოლის მასწავლებელი, თსუ-ს ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის თანამშრომელი ეკატერინე მითაიშვილიც საუბრობს. ის პარალელურად გიმნაზიაშიც ასწავლის და ზუსტად იცის, სადაა ძაფი ყველაზე წვრილი და რა უნდა გაკეთდეს სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების უკეთ სწავლებისთვის: „სკოლის სახელმძღვანელოები მოცემულ მომენტში ვერანაირ კონკურენციას ვერ უძლებს, რომ ბავშვი ყველა იმ საკითხით დააინტერესოს, რაც გაკვეთილის შესახებ უჩნდება. ხშირად მითითებული საიტიც არ ფუნქციონირებს, შეცდომით არის მისამართი დაწერილი, ან შეცვლილია საიტის ლინკი. მე ნორჩ ბიოლოგთა სკოლაში ფიზიოლოგიას ვკითხულობ და მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი ხელით ჩაატარონ ცდები – განსაზღვრონ სისხლის ჯგუფი, პროთრომბინი, ხელით შეეხონ ადამიანის თავის ტვინს. ეს მათ ძალიან ბევრ რამეს აძლევს. სკოლებში ამჟამად ექსპერიმენტების ჩატარების რესურსები, ფაქტობრივად, არ არის – მოიტანეს ჭურჭელი, მაგრამ არა – რეაქტივები. შესაძლოა, მაგალითად, კლასიკურ გიმნაზიას ჰქონდეს ეს ყველაფერი, რაც დირექტორის დამსახურებაა, მაგრამ ბევრ სკოლაში არ არის იმის საშუალება, რომ ექსპერიმენტების ჩატარება შეძლონ მასწავლებლებმა და ბავშვებმა. ამიტომ, ყველაფერი, რაზეც თსუ-ს ბიოლოგთა სკოლის მოსწავლეებს ვესაუბრეთ, შეძლებისდაგვარად, პრაქტიკულადაც ვაჩვენეთ. შესაბამისად, საუნივერსიტეტო სკოლაში მიეცათ კეთებით სწავლების საშუალება, რაც დღეს საკმაოდ აქტუალურია. ამ ბავშვებში ჩემი სკოლის მოსწავლეც არის და ისიც ძალიან დაინტერესებულია ამ გაკვეთილებით. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ძალიან აცილებულია ერთმანეთს საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის სწავლების სტანდარტები, რაც პრობლემას ქმნის. ზუსტად ამიტომაა საჭირო სწორი ტექნოლოგიების გამოყენებით დავანახოთ საგანი ბავშვებს. ამ სკოლამ საშუალება მისცა მოსწავლეებს, გაიგონ, როგორ უნდა ისწავლონ საბუნებისმეტყველო საგანი – არა დაზეპირებით, არამედ გააზრებით. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ყველა დარგი მომიჯნავე საგნის ცოდნას საჭიროებს – სკოლაში ვერ იგებენ რატომ სჭირდებათ ქიმია, ფიზიკა და რა კავშირშია მათთან, ვთქვათ, ბიოლოგია. ახლა კი ეს კავშირები თვალსაჩინოა და ზუსტად ამიტომაა ამ სკოლის ფუნქციონირება საჭირო“, – აგვიხსნა ეკატერინე მითაიშვილმა.
გენეტიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორი მაია გაიოზიშვილი ის მასწავლებელია, რომელსაც მოსწავლეები განსაკუთრებული ყურადღებით უსმენენ, რადგან ყველაფერს, რასაც თეორიულად უხსნის, ლაბორატორიაში პრაქტიკულად უჩვენებს. მასთან, ჯერჯერობით, 7 მოსწავლე დადის სტაბილურად. მაია ამბობს, რომ, სანამ ლექციებს დაიწყებდა, გამოიკითხა – რა ინტერესები ჰქონდათ მოსწავლეებს და, გეგმიურთან ერთად, მათთვის საინტერესო საკითხებზეც უტარებს გაკვეთილებს: „ჩემდა სასიამოვნოდ, გენეტიკისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინეს. განსაკუთრებით მოსწონთ ადამიანის გენეტიკის ნაწილი, კონკრეტულად კი, სამედიცინო გენეტიკა. მოსწავლეებს თავად ვკითხე რა აინტერესებდათ, რასაც არ გადიან სკოლაში. აღმოჩნდა, რომ ეს იყო მუტაციების შესახებ ინფორმაცია, ამიტომაც ჩაუტარდათ ლექცია მუტაციებზე; შემდეგ დაინტერესდნენ დაავადებებით და გენეტიკურ დაავადებებზეც ვისაუბრეთ. ლექცია ასევე ჩაუტარდათ გენეტიკის მეთოდების შესახებ და ვაჩვენეთ ერთ-ერთი უახლესი ტექნოლოგია – IKAROS-ის კარიოტიპირების სისტემით როგორ ხდება ქრომოსომების კლასიფიკაცია. მოსწავლეებს ლექციებს ოდნავ განსხვავებული სტილით ვუკითხავ – გაკვეთილები ინტერაქციულია, დავალებებს არ ვაძლევ, თუმცა ლექციის შემდგომ მასალასაც და ინფორმაციას იმაზე, რაზეც ვისაუბრეთ, ვუთითებ, რომ გაეცნონ. ძალიან დაინტერესდნენ ლაბორატორიული სამუშაოებით – ავუხსენი და ვაყურებინე როგორ ხდება ქრომოსომების პრეპარატების მიღების ბოლო ეტაპი. ასევე საკუთარი ხელით დავამზადებინე ყველაზე მარტივი – სასქესო ქრომატინის პრეპარატები, შეღებეს კიდეც. ძალიან მოეწონათ პრაქტიკული სამუშაო“, – გვიამბო მაია გაიოზიშვილმა.
სკოლის მუშაობაში ბიოქიმიის კათედრის დოქტორანტია ჩართული
დოქტორანტი,მოწვეული პედაგოგი თემურ მანთაშაშვილი ენთუზიაზმით ჩაერთო მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემის პროცესში, რადგან ფიქრობს, რომ სკოლა საშუალებას მისცემს მათ – მეტი ინფორმაცია მიიღონ ბიოლოგიის შესახებ. ეს კი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფართომასშტაბიან პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„სკოლის პერიოდიდან ვიყავი დაინტერესებული ბიოლოგიით. განსაკუთრებული ინტერესი მე-11 კლასში გამიჩნდა, როდესაც გამოცდებისათვის მზადება დავიწყე. მაშინ მივხვდი, რომ ბიოლოგიას უნდა გავყოლოდი, როგორც სპეციალობას. უნივერსიტეტში მეტი ცოდნა მივიღე და დავრწმუნდი იმაში, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ნორჩ ბიოლოგთა სკოლაში ბიოქიმიის, უჯრედული ქიმიის შესახებ ვატარებ ლექციებს. ჯერ თეორიული ნაწილს ვხსნი, შემდგომ პრაქტიკულად ვაჩვენებ ლაბორატორიაში ხსნარების დამზადებას თუ პიპეტებთან მუშაობას. მოსწავლეებიც უფრო დაინტერესდნენ. მაგალითად, როდესაც თეორიულ ნაწილს ვატარებდი, დასწრება ნაკლები იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პირველი ნაკადი შევიყვანე ლაბორატორიაში, მეცადინეობაზე მეტი ბავშვი მოვიდა. ვფიქრობ, ნამდვილად ღირს ამ სკოლის გაგრძელება. მით უფრო, რომ უკვე მივიღეთ გამოცდილება მომავალი წლებისთვის, როგორ მივუდგეთ მოსწავლეებს, რა ჩავატაროთ და რა – არა“, – აღნიშნა თემურ მანთაშაშვილმა.
სკოლა, სადაც საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მოსწავლეებს მოამზადებენ
მოსწავლეებს გამოცდილებას და ცოდნას უშურველად გადასცემენ ასევე მორფოლოგიის კათედრასთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნანა გიორგობიანი და მცენარეთა ფიზიოლოგიის მიმართულების ლექტორი, ბიოლოგიის დოქტორი ეკა ხურციძე. უნდა აღინიშნოს, რომ ეკა ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადის მწვრთნელია და კარგად ხედავს, რა ცოდნა აკლიათ ქართველ მოსწავლეებს, რომლებიც ოლიმპიადებზე განვითარებული ქვეყნების გუნდებს ეჯიბრებიან. „ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ჩვენი სკოლის პროგრამა არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. არც ბიოლოგიის სპეც. სკოლის შექმნის უფლება გვაქვს, რათა იქიდან ავარჩიოთ ბავშვები, როგორც, მაგალითად, კომაროვიდან და ვეკუადან არჩევენ.
ჩემთვის, როგორც ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთი თანამწვრთნელისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ ბავშვებმა საუნივერსიტეტო სკოლაში თუნდაც ოლიმპიადაზე საჭირო ექსპერიმენტები ისწავლონ და იმ კვლევისთვის აუცილებელი ელემენტარული უნარ-ჩვევები შეიძინონ, რაც იქ გვჭირდება.
ამის შემდეგ საქართველო გავა უფრო შორს მსგავს პროექტებში. ოლიმპიადებზე ჩანს ჩვენი ბავშვების განსხვავება – თეორიაში შეგვიძლია მოვამზადოთ, ძალიან კარგად შეუძლიათ ეს, ანალიზსაც კარგად აკეთებენ, თუმცა პრაქტიკული, ლაბორატორიული ნაწილი დაბალ დონეზეა. ეს სკოლა კი ამ უნარ-ჩვევებს მისცემს თეორიასთან ერთად“, – ამბობს ეკა.
ნორჩ ბიოლოგთა სკოლაში ფიქრობენ, რომ სამომავლოდ პროექტში რეგიონების სკოლებიც ჩართონ. მანამდე კი ეს სკოლა მცირედ მაინც შეუწყობს ხელს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლისადმი მოტივაციის გაზრდას და, როგორც პროფესორი დიანა ძიძიგური ამბობს, უნივერსიტეტში ბიოლოგიით (სხვა საგნებით) რეალურად დაინტერესებული, მოტივირებული სტუდენტი მოვა.