სტრასბურგის უნივერსიტეტიდან ჩამოსულ ჟურნალისტთა გუნდს ალექსანდრა რიშტერი ეწვია
15 მაისს სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის სტუდენტთა გუნდს, რომელიც უკვე ორი კვირაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე საქართველოს შესახებ ბეჭდურ და რადიო პროდუქტებს ამზადებს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე, ალექსანდრა რიშტერი ეწვია.
სტუმარი გაეცნო სამუშაო პროცესს, შეხვდა პროექტის ფრანგ კოორდინატორებს და ესაუბრა პროექტში ჩართულ ფრანგ და ქართველ სტუდენტებს.
ალექსანდრა რიშტერის განცხადებით, აღნიშნული პროექტი სასიამოვნო სამუშაო გარემოს ფონზე მიმდინარეობს: ,,ვფიქრობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სამუშაოდ ძალიან კარგი გარემოა შექმნილი. სტუდენტებს ტექნიკურად თუ სხვა მხრივ, რაც სჭირდებათ, ყველაფერი აქვთ. ქართულ და ფრანგულ ჯგუფებს შორის საკმაოდ ურთიერთგამგებიანი ურთიერთობაა, რაც, თავის მხრივ, ძალიან საინტერესოა მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამების დროს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგად აისახება სტუდენტების მიერ შექმნილ საბოლოო პროექტებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ შეხვედრები ფრანგ და ქართველ სტუდენტებს შორის სამომავლოდ გაგრძელდება და პროექტის დასრულების შემდეგ მათ შორის თანამშრომლობა ისევ ძალაში დარჩება. ასევე, მიმაჩნია, რომ იმ ქართველ სტუდენტებს, ვისაც საფრანგეთში სწავლის გაგრძელება ენდომება, ეს პროექტი ძალიან დაეხმარება”,- განაცხადა ალექსანდრა რიშტერმა.
სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართველ სტუდენტებთან ერთად, კიდევ ორი კვირა იმუშავებენ.
პროექტის ფარგლებში მომზადდება ჟურნალი და რადიო პოდკასტები, რომელთა პრეზენტაციასაც სტუმრები საქართველოდან გამგზავრებამდე წარუდგენენ საზოგადოებას.
გვანცა პავლიაშვილი, თსუ-ს სტუდენტი