რას ჰყვება დოქტორანტი გვანცა ბერძენიშვილი, რომელიც არქიტექტურითაა გატაცებული

თარიღი: 2023-05-15 14:04:32

გვანცა ბერძენიშვილი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტია. მისი ინტერესის მთავარი სფერო არქიტექტურაა. იმისთვის, რომ ამ სფეროში წარმატებას მიაღწიოს, რთული გზის გავლა უწევს, თუმცა, ძიების და სწავლის პროცესი მისთვის სასიამოვნოა.

ხელოვნებისადმი სიყვარული გვანცას ოჯახიდან მოსდევს. სკოლა ქუთაისში დაამთავრა, მამა პროფესიით არქეოლოგი იყო  და ხშირად მასთან ერთად დადიოდა ექსპედიციებში, არქეოლოგიურ გათხრებზე და მუზეუმებში. ამიტომ პროფესიის არჩევისას ბევრიც აღარ უფიქრია. უნივერსიტეტში გატარებული წლები პროფესიული განვითარების კუთხით გვანცასთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ყოველთვის ხალისით ვსწავლობდი სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ცივილიზაციას, არქიტექტურას, მხატვრობას… ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი იყო მეორე კურსის ბოლოს ფაკულტეტის მიერ მოწყობილი ექსპედიცია ჯავახეთში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებმა,  ლექტორებთან ერთად, იქ მდებარე ტაძრები მოვინახულეთ. ჩემი აზრით,  პრაქტიკული სწავლება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ჩვენს ფაკულტეტზე. ნახევარი წლის განმავლობაში გავდიოდით საგანს –  საველე პრაქტიკა, რაც ძალიან დაგვეხმარა ცოდნის გაღრმავებაში,  თუმცა უკეთესი იქნებოდა მსგავსი საგნები მხოლოდ ერთი სემესტრი არ ტარდებოდეს და ოთხი წლის განმავლობაში მიყვებოდეს თეორიულ მასალას. ამის შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა (რომლებიც ჩემსავით დაინტერესებულნი იყვნენ ძეგლების მონახულებით) საქართველოს მასშტაბით, ჩვენი ინიციატივით მოვინახულეთ  საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიული ტაძრები და მონასტრები, ციხე სიმაგრეები და ბუნების ძეგლები. ამ ექსპედიციების დროს  მივხვდი, რომ მომავალშიც არქიტექტურის კუთხით გავაგრძელებდი მუშაობას“, – ამბობს გვანცა.

გვანცა ბერძენიშვილმა  მაგისტრატურაშიც ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება აირჩია. ამ პერიოდში იგი მუზეუმების თემატიკით დაინტერესდა, რასაც, მისი თქმით, თავისი ლექტორის – ინგა ქარაიას დამსახურებად მიიჩნევს. პრაქტიკული სწავლებაც თბილისის სხვადასხვა მუზეუმში გაიარა და საფუძვლიანად შეისწავლა რესტავრაცია და სხვა საგნები.

„ჩემს ძირითად მიმართულებად მაინც არქიტექტურა დარჩა, განსაკუთრებით კი XIX -XX  საუკუნეების თბილისის არქიტექტურა. სამაგისტრო ნაშრომიც ამ თემას ეხებოდა – „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქიტექტურის შესახებ“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  საქართველოში შუა საუკუნეები XVIII  საუკუნეში დამთავრდა და მოუწია ხელოვნების ყველა ის ეტაპი გამოეტოვებინა, რაც ევროპაში იყო გავრცელებული: რენესანსი, ბაროკო, როკოკო, კლასიციზმი…. მაგრამ როგორც კი შანსი მიეცა და ევროპასთან დაახლოების გზები გაჩნდა, მაშინვე ყველა ის მიმდინარეობა შეითვისა ერთიანად, რაც იმ პერიოდში იყო გავრცელებული. ამას დაემატა ევროპაში იმ დროს შექმნილი ახალი მიმართულება  – არტ-ნუვო, რომელიც თბილისში და თითქმის მთელ საქართველოში თანადროულად გავრცელდა. სწორედ ასე ეკლექტურად ჭრელია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კორპუსებიც, რომელიც ერთმანეთის გვერდით დგას. მაგალითად, პირველი კორპუსი ე.წ. ქართულ სტილს განეკუთვნება, მეორე კორპუსი   – ნეო კლასიციზმს,  ხოლო მესამე  – არტ-ნუვოს. ასე რომ,  ერთმანეთის გვერდით მდგარი სამი შენობა განსხვავებულია ფასადით, რომელიც ჰარმონიულადაა ჩაწერილი ქუჩის განაშენიანებაში“,  – გვიყვება გვანცა ბერძენიშვილი.

დოქტორანტურაში სწავლისას  ახალგაზრდა მეცნიერი  საქართველოში მოღვაწე იმ არქიტექტორების საქმიანობით დაინტერესდა, რომლებსაც სამ პერიოდში მოუწიათ მუშაობა: XX საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიაში, დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921) და საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ. ასეთი არქიტექტორები იყვნენ: კალგინი, სევეროვი, ნეპრინცევი, ოზეროვი, ტერ მიქელოვი და სხვა.

„სწორედ ამ თემით დაინტერესების შემდეგ გამოვეცი წიგნი-ალბომი  ანატოლი კალგინის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ანატოლი კალგინი ზემოთხსენებული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის მშენებელია. ბიბლიოთეკა აგებულია ე.წ. ქართულ სტილში (1916 წ.) – ეს არის შუა საუკუნეების ძეგლებიდან აღებული ფორმებისა და დეკორის ახლებურად გადამუშავება და გადააზრება. მანამდეც იყო მსგავსი შენობების აგების მცდელობები, თუმცა საუკეთესო ნიმუში ბიბლიოთეკის პირველი კორპუსია. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ მიდგომა შეიცვალა და გამოიცა დებულება, რომლის მიხედვითაც ყველა ახალი ძეგლი უნდა ყოფილიყო ე.წ. ქართული სტილით აგებული. ეს იდეა  თავიდანვე განწირული იყო, რადგან  დეკორს გამოაცალეს შინაარსი.   სწორედ ამ პერიოდში, 1923 წელს, ანატოლი კალგინი იწყებს ზაჰესის კომპლექსის მშენებლობას – ეს არის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც თბილისის ელექტრომომარაგების პრობლემა უნდა გადაეჭრა. კალგინმა აქ დეკორი ნაკლებად გამოიყენა, მაგრამ თაღების, სარკმელების, კოშკის და სხვა არქიტექტურული ფორმების დახმარებით ამოცანა გადაჭრა. ზაჰესი პროპაგანდისთვის კარგად გამოიყენეს, გაზეთები აჭრელებული იყო ინფორმაციით და სურათებით, თუ  როგორ სტუმრობს სტალინი მშენებლობას. ამ თემაზე შეიქმნა რამდენიმე ტილო, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ  მშენებლებისთვის ეს ყველაფერი ტრაგიკული აღმოჩნდა, რამდენიმე წლის შემდეგ უმეტესობა დაიჭირეს, გადაასახლეს ან დახვრიტეს. სამომავლოდ ვგეგმავ კალგინის თანამედროვე არქიტექტორების შესახებ კიდევ გამოვცე წიგნი-ალბომები. ამ ეტაპზე ვმუშაობ ნიკოლოზ სევეროვის  შემოქმედებაზე (1887-1957). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა ამ არქიტექტორს აერთიანებდა ერთი რამ – ქართული კულტურა ძალიან უყვარდათ, მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და იხაზავდნენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მაგალითად, კალგინი ორ ექსპედიციაში იყო ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად ტაო-კლარჯეთში. ამ კუთხის  ყველაზე ცნობილი ნახაზები სწორედ ანატოლი კალგინის აზომილია და ნიკოლოზ სევეროვის გამოხაზულია. მსგავს ჩანახაზებს ძალიან დიდი დოკუმენტური მნიშვნელობა აქვს, რადგან ზოგიერთი მათგანი აღარ დგას ან სახეშეცვლილია“,  – ამბობს გვანცა ბერძენიშვილი.

ამჟამად დოქტორანტი აგრძელებს კვლევით სამუშაოებს არქიტექტურაში, პარალერულად  კი მუშაობს  ჰოლოზეუმში – აუდიო ვიზუალურ მუზეუმში. „ეს არის ციფრული მუზეუმი.  უახლოეს მომავალში  ახალ გამოფენას ვგეგმავთ რენესანსის მხატვრების შესახებ, სადაც ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოსა და რაფაელის ნამუშევრები იქნება გაციფრულებული და ამოძრავებული. აქ მუშაობა ჩემთვის სასიამოვნო და საინტერესოა“,  – ამბობს გვანცა.

საუბრის ბოლოს იგი თავისი  თემის ხელმძღვანელის,  ნათელა ჯაბუას სიტყვებს იხსენებს – „თუ შენი საქმე არ გიყვარს,  არც გამოგივაო“,  – ამბობს გვანცა და ეთანხმება პედაგოგს იმ მიზნით, რომ პროფესიონალიზმთან ერთად სიყვარულიც ჩააქსოვოს საქმეში, რომელსაც აკეთებს.

Facebook
Twitter
LinkedIn