რევაზ გაჩეჩილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

თარიღი: 2023-05-10 20:11:41

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს   მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორის,  რევაზ გაჩეჩილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში  შედგა მისი ახალი წიგნის  – „საქართველო რეგიონულ კონტექსტში“ და  კრებულის  – „სხვადასხვა დროის ნაშრომების“ პრეზენტაცია.

მონოგრაფიის  – „საქართველო რეგიონულ კონტექსტში“ – მიზანია, მკითხველს  აჩვენოს საქართველოს როლი და მნიშვნელობა  რეგიონსა და მსოფლიოში.  მასში განხილულია  საქართველოს ისტორიული გეოპოლიტიკა და  პოლიტიკურ-გეოგრაფიული ცვალებადობა; აგრეთვე, ჩვენი ქვეყნის  ოთხივე უშუალო მეზობლის  ძირითადი პრობლემები და მათი ურთიერთობა  საქართველოსთან.

წიგნი ეძღვნება  პოლიტიკური გეოგრაფიისა და  ისტორიულ-გეოპოლიტიკურ ჭრილში დანახულ საქართველოს, რომლის განხილვა  ხდება მისივე  სამეზობლოს კონტექსტში.

„ვფიქრობ, ქართველი მეცნიერის ვალია „პატარა ერის სინდრომის“ თავიდან მოშორებაზე  ზრუნვა, რაც გულისხმობს,  შეძლებისდაგვარად,  ობიექტურ და კრიტიკულ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის ისტორიის მიმართ და, ასევე, ზოგიერთი დამკვიდრებული, მაგრამ უსარგებლო ისტორიული მითის  გაშიშვლებას“  – ვკითხულობთ  წიგნის შესავალში და  ვრწმუნდებით,  რომ ავტორი თამამად და გაბედულად გვიზიარებს  თავის  მოსაზრებებს, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ ემთხვეოდეს   „გაბატონებულ აზრს“.  „ამ წიგნში მე არ ვთავაზობ მკითხველს  სხვადასხვა პოზიციების მრავალფეროვნებას. აქ ერთი პოზიციაა – ჩემი!  ყველა ისტორიული ანალიზი მეტ-ნაკლებად  ცალმხრივია. მე ვწერ  ისე, როგორც ვისწავლე, ვიკვლევ და მჯერა“, – წერს ავტორი, რომელმაც ნათლად დაინახა, რომ საქართველო  ძალიან არის დამოკიდებული  რეგიონულ და  გლობალურ  გეოპოლიტიკაზე.   

საიუბილეო ღონისძიებას უძღვებოდა  თსუ-ს პროფესორი  გიორგი გოგსაძე, რომელმაც მოკლედ ისაუბრა  აკადემიკოს რევაზ გაჩეჩილაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. 

პოლიტოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორმა  ზურაბ აბაშიძემ  წარმოადგინა  წიგნის –  ,,საქართველო რეგიონულ კონტექსტში“ პრეზენტაცია  და ხაზი გაუსვა ავტორის  გაბედულ აზროვნებას, მოვლენების   რეალურად, ობიექტურად  შეფასებას და მის   შეულამაზებლად გადმოცემის უნარს მკითხველისათვის.  

„ეს არის შესანიშნავი სამეცნიერო ნაშრომი და  სიღრმისეული  კვლევის  საუკეთესო ნიმუში. წიგნი არის ძალიან დროული და  ძალიან გაბედული. დროული იმიტომ, რომ ასეთი დრამატული მოვლენები  მეორე მსოფლიო ომის შემდგომ  არ ყოფილა, დღეს კი  მსოფლიო ფიზიკური  განადგურების  რეალური საფრთხის წინაშე დგას,  რაც ბირთვული იარაღის  ძალით შეიძლება მოხდეს. ამ წიგნში შესანიშნავად არის გაშუქებული ჩვენი ქვეყნის  თანამედროვე ისტორია, ქართველი მეცნიერის მიერ  საქართველოს გეოპოლიტიკური კონტექსტის ანალიზი და შეფასება.  აღსანიშნავია, აგრეთვე, ავტორის გამბედაობა. წიგნში ავტორი  საუბრობს გულწრფელად, ისე, როგორც თვითონ სჯერა, ყოველგვარი დოგმების,  კლიშეების და შელამაზებების გარეშე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც  თბილად  გაიხსენა იუბილარის მშობლები და ავტორის ოჯახიც გააცნო დამსწრე საზოგადოებას. 

კრებულზე  – „სხვადასხვა დროის ნაშრომები“ –  ისაუბრა პროფესორმა გიორგი გოგსაძემ, რომელმაც ავტორის  მრავალფეროვან  სამეცნიერო საქმიანობას   და  სიღრმისეული კვლევის  უნარ-ჩვევებს გაუსვა ხაზი.   

„კრებულში 18  ნაშრომია წარმოდგენილი. 8 ინგლისურ ენაზეა,    5-5 კი  ქართულ და რუსულ ენებზე.  ყველაზე ადრეული ნაშრომი 1968 წელს განეკუთვნება,  რამდენიმე შრომა კი ამ საუკუნის  20-იანი წლების დასაწყისშია შესრულებული.  კრებულში შესული  ნაშრომები  ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ბატონი რეზო არასდროს შემოიფარგლებოდა 2-3 საკითხის შესწავლით, მრავალფეროვანი იყო  მის მიერ გამოკვლეული და შესწავლილი საკითხების თემატიკა,  როგორც გეოპოლიტიკურ, ისე  ისტორიულ  ჭრილში.  მის ნაშრომებში მოცემული  ნებისმიერი ფაქტი, მოვლენა თუ  პროცესი არის  იმდენად ზუსტი და იმდენად ობიექტური, რომ მას გადამოწმება არ სჭირდება“, –  აღნიშნა  პროფესორმა გიორგი გოგსაძემ. 

„რევაზ გაჩეჩილაძე არის გამორჩეული მეცნიერი,  მკვლევარი, პედაგოგი, რომელიც დღეს  წარმოადგენს  უნივერსიტეტის სახეს.  შეიძლება ითქვას, რომ ის მიეკუთვნება ქართველ მოღვაწეთა იმ პლეადას,  რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული  დიპლომატიის  განვითარებაში“, – განაცხადა  აკადემიკოსმა ლადო პაპავამ, რომელმაც  იუბილარს   წარმატებები  უსურვა  სამეცნიერო  საქმიანობაში. 

ღონისძიებაზე  იუბილარმა  აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის, ხორვატიაში საქართველოს ელჩის –  ზაზა გოსაძის,  ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორის, ლაურა შაკაიას და  NATO-სთან  საქართველოს  მისიის უფროსი მრჩევლის  გიორგი რობაქიძის  ვიდეო მილოცვები მიიღო, რომლებშიც საუბარი იყო მეცნიერის  ცხოვრებასა და  სამეცნიერო საქმიანობაზე.

თსუ-ს მაგისტრანტმა ბესო აბრამიშვილმა და  თსუ-ს დოქტორანტმა  ტატიანა სიჭინავამ  დიდი მეცნიერის  სამაგალითო   პედაგოგიურ საქმიანობაზე ისაუბრეს და  მადლობა გადაუხადეს პროფესორს  იმ გულისხმიერი,  მზრუნველი  და  თბილი დამოკიდებულებისთვის, რასაც  იგი თითოეული სტუდენტის   მიმართ იჩენს.  

„ჩემთვის პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძე არის მასწავლებლის, მეცნიერის, მკვლევრის იდეალი. მისი პროფესიონალიზმი, საკუთარი საქმის სიყვარული,  შინაგანი  ინტელექტი,   საქმისადმი ერთგულება და სტუდენტებისადმი  დამოკიდებულება   წარმოადგენს უნივერსიტეტის საფუძველს, რომელზედაც  ჩვენი ალმა-მატერი დგას.  ასეთი მეცნიერები და   მასწავლებლები    ხდებიან   მომავალი ღირსეული თაობის  გარანტორები“, –  განაცხადა   თსუ-ს  დოქტორანტმა ტატიანა სიჭინავამ.

საიუბილეო ღონისძიებაზე  გახმიანდა  აკადემიკოს რევაზ გაჩეჩილაძისადმი  რამდენიმე უცხოელი კოლეგის   ვიდეო მილოცვა, რომლებიც დიდი პატივისცემითა და  სიყვარულით  საუბრობდნენ ქართველ მეცნიერზე,   რომელმაც  თავისი მოღვაწეობით დიდი წვლილი შეიტანა  უცხოელი  კოლეგების დაახლოების,  ურთიერთთანამშრომლობის განვითარების და განმტკიცების საქმეში. 

იუბილარს მიესალმნენ:   იერუსალიმის  უნივერსიტეტის პროფესორი  კონსტანტინე ლერნერ,  ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი  სტივენ  ჯოუნზი და  ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი  ჯუდით პელოუ

„პატივი მაქვს ვიცნობდე რევაზ გაჩეჩილაძეს, რომელიც  40 წლის წინ საქართველოში  გავიცანი. მასთან ურთიერთობა ადვილი იყო, რადგან კარგად ფლობდა ინგლისურ ენას და  იცნობდა თანამედროვე ინგლისურენოვან სამეცნიერო ლიტერატურას.

მინდა, აღვნიშნო მისი მოღვაწეობის ორი მხარე:  პირველი – მისი მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ინგლისურ ენაზე, რითაც უკეთ გაგვაცნო თავისი სამშობლო.   მას აქვს ბევრი პუბლიკაცია პოლიტიკურ გეოგრაფიაში,  მაგრამ მე ვიტყოდი – რომ მათი  ფასეულობა ისტორიულ გეოგრაფიულიცაა.

საერთოდ, რევაზს  აქვს ისტორიის, კულტურის,  ლინგვისტიკის, პოლიტიკის არაჩვეულებრივი ცოდნა. მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი გეოგრაფიის  მკვლევარს ესაჭიროება კიდეც ისტორიის სერიოზული ცოდნა. ამას წინათ ჩავიხედე „გუგლ-სქოლარში“, რათა მენახა რევაზ გაჩეჩილაძის პროფილი და აღმოვაჩინე, რომ იქ უამრავი მისი სტატია იყო მოხსენიებული.

მისი მოღვაწეობის მეორე მხარე კი არის დამსახურება  ბრიტანულ-ქართული  გეოგრაფიული  კონტაქტების განვითარებაში.  მან გააკეთა ძალიან ბევრი იმისათვის, რომ  ქართული გეოგრაფიული მეცნიერება  საზღვარგარეთ გაეტანა. ის იყო ქართულ-ბრიტანული  გეოგრაფიული  სემინარების წამომწყები  ჯერ კიდევ  90-იანი წლების დასაწყისში, რასაც  ბრიტანული მხრიდან  სათავეში ედგა   პროფესორი დევიდ  სმითი.

რევაზ გაჩეჩილაძე ჩემი მოწვევით არაერთხელ სტუმრობდა ოქსფორდის უნივერსიტეტს,  სადაც კითხულობდა მოკლე კურსებს საქართველოსა და კავკასიის შესახებ.  შეიძლება ითქვას, რომ ოქსფორდის სტუდენტებმა პირველად გაიგეს პირველწყაროდან  მსოფლიოს ამ  საინტერესო და ფერადოვანი ნაწილის შესახებ. მათ არაერთხელ დაასახელეს იგი  საუკეთესო უცხოელ ლექტორად.

რევაზ გაჩეჩილაძეს  აქვს არაჩვეულებრივი რეპუტაცია,  როგორც მეცნიერს და, აგრეთვე, როგორც დიპლომატს“, –  განაცხადა ჯუდით  ჰელოუმ, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრება.

რევაზ გაჩეჩილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ცნობილი მეცნიერები, დიპლომატები, მეგობრები, რომელთაც საკუთარი კუთხით ისაუბრეს თსუ-ს პროფესორის დამსახურებებზე ქვეყნისა და უნივერსიტეტის წინაშე.

ღონისძიების ბოლოს აკადემიკოსმა რევაზ გაჩეჩილაძემ დიდი მადლობა გადაუხადა  ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილეებს,  თსუ-ს ადმინისტრაციას,  „ბაკურ  სულაკაურისა“  და თსუ-ს გამომცემლობის ხელმძღვანელებს, უცხოელ კოლეგებს  მოლოცვებისა და კეთილი სურვილებისათვის.   მან  ახალი  წიგნის  – „საქართველო რეგიონულ კონტექსტში“ – შექმნის,   მიზნისა და  შინაარსის  შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ,,წიგნში საქართველოს ისტორიული და თანამედროვე გეოპოლიტიკური ვითარებაა გაანალიზებული. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ჩვენს სამეზობლოზე: თურქეთზე, სომხეთზე, აზერბაიჯანსა და რუსეთზე. ცხადია, მათთან განსხვავებული ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ ბევრად მეტი უნდა ვიცოდეთ. რაც შეეხება კრებულს, ის მულტიდისციპლინურია. მასში განხილულია საქართველოს სოციოლოგიური, გეოგრაფიული, ისტორიული, დემოგრაფიული საკითხები სხვადასხვა რაკურსით“, – განაცხადა  აკადემიკოსმა რევაზ გაჩეჩილაძემ,  რომელიც დამსწრე საზოგადოებას  მომავალში ბევრ ახალ და საინტერესო  წიგნს  შეჰპირდა. 

ღონისძიებას  თსუ-ს პროფესორები, სტუდენტები, დიპლომატები, მეცნიერები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

. . .  

გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა  რევაზ გაჩეჩილაძემ დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აღმოსავლეთმცოდნეობის  ფაკულტეტის  ისტორიული განყოფილება  (1965 წ.) და იმავე  უნივერსიტეტის ასპირანტურა საზღვარგარეთის ქვეყნების  პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობითარის გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი და გეოგრაფიულ მეცნიერება დოქტორი.  გაიარა სამეცნიერო  სტაჟირება  ლონდონის უნივერსიტეტის  კინგს კოლეჯში.  1968 წლიდან  მუშაობს  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც პროფესორია 1991 წლიდანსხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს  დიდ ბრიტანეთში (ოქსფორდის უნივერსიტეტში), აშშში, პოლონეთში, საფრანგეთშისლოვაკეთში და სხვიყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი. არის საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის წევრი. 1998 წლიდან არჩეულია  სამეფო  საზოგადოების  (ლონდონისაპატიო უცხოელ  წევრად. არის  მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიისა  და  ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ლაურეატისაგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  იყო  ისრაელში, სომხეთში,  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკაში

რევაზ გაჩეჩილაძე   200-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორის 30-მდე  წიგნისა და მონოგრაფიის. მისი  სამეცნიერო ინტერესების სფეროებია: სოციალურეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის გეოგრაფია და გეოპოლიტიკა, დიპლომატიის ისტორია.

Facebook
Twitter
LinkedIn